აშშ-ის შრომის დეპარტამენტის უახლესი მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ კვირას (4 აპრილს დასრულებული კვირა) უმუშევართა შემწეობის მოთხოვნა დამატებით კიდევ 6.6 მილიონმა ადამიანმა შეავსო.
ჯამში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უმუშევართა შემწეობის 16 მილიონზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. ეკონომისტების ვარაუდით, ამ მოთხოვნების უმეტესობა აპრილის უმუშევრობის დონის მაჩვენებელზეც აისახება. შესაბამისად, აშშ-ში უმუშევრობის დონე, სავარაუდოდ, უკვე 12-13%-ია. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს 3 კვირაში უმუშევრობის დონე იმაზე მაღალია, ვიდრე აშშ-ის უკანასკნელი რეცესიის დროს ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა (2007-2009 წლების დიდი რეცესია).
„ეს არ არის რეცესია, ეს არის მეორე დიდი დეპრესია,“ – აცხადებს MUFG ბანკის მთავარი ეკონომისტი.
აღსანიშნავია, რომ უმუშევართა რაოდენობის მსგავსად ზრდა იმის ფონზე გრძელდება, რაც თითქმის სამი კვირის წინ პრეზიდენმა ტრამპმა 2 ტრილიონის ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს მოაწერა ხელი. პაკეტის მიზანი კომპანიების მიერ თანამშრომლების გათავისუფლებისა და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდის პროცესის შეკავება იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პაკეტი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებითი ზომების მიღებაცაა საჭირო.
აშშ-ის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიზისგან დაზარალებული კერძო კომპანიებისა თუ მუნიციპალიტეტების დასახმარებლად დამატებით ახალ და უფრო მასშტაბურ სტიმულირების პროგრამებს განახორციელებს.