ამერიკის შეერთებული შტატების 117-ე კონგრესის მთლიანი შემადგენლობის მეოთხედზე მეტი ქალებს უკავიათ, რაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ჩათვლით, კონგრესის 539 ადგილიდან 144 ქალებს უკავიათ, რაც 50%-იან ზრდას გულისხმობს 112-ე კონგრესის მუშაობის შემდგომ, სადაც ქალ კონგრესმენთა ოდენობა 96-ს შეადგენდა.
ამჟამად წარმომადგენელთა პალატა 120 ქალისგანაა დაკომპლექტებული, რაც მთლიანი ოდენობის რეკორდულ მაჩვენებელს – 27%-ს შეადგენს. რაც შეეხება სენატს, აქ ქალებს 100 ადგილიდან, 24 ადგილი უკავიათ, რაც რეკორდულ მაჩვენებელზე, რომელიც წინა მოწვევის კონგრესზე დაფიქსირდა, ერთით ნაკლებია.
ორივე პალატის მასშტაბით, 117-ე კონგრესში 106 დემოკრატი და 38 რესპუბლიკელი ქალია, რაც იმას გულისხმობს, რომ კონგრესელ დემოკრატებში ქალები უფრო მეტ წილს შეადგენენ – 33%, ვიდრე რესპუბლიკელებში – 14%. უფრო კონკრეტულად, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების 40%-ს და სენატის დემოკრატების – 32%-ს ქალები შეადგენენ. ასევე, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების 14%-სა და სენატის რესპუბლიკელების 16%-ს ქალები წარმოადგენენ.
აღსანიშნია ისიც, რომ 2020 წლის არჩევნებზე სენატში ერთი ახალი ქალი კონგრესმენი გაიგზავნა, კერძოდ რესპუბლიკელი სინტია ლუმისი, ვაიომინგის შტატიდან. იგი პირველი ქალი სენატორია, რომელიც აღნიშნულ შტატს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება. 117-ე კონგრესი ვაშინგტონში 2021 წლის 3 იანვარს შეიკრიბა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოღვაწეობის მიწურულს და 2023 წლის 3 იანვარს დაიშლება. იგი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 2 წლის განმავლობაში იმუშავებს.