არ გადადოთ ხვალისთვის

“აფხაზეთის ომი ჩემი თვალით არ მინახავს, ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ, გამიმართლა. როდესაც ჩემი მშობლები ბლოკადაში მოჰყვნენ, მე ბებია-ბაბუასთან ვიყავი სამეგრელოში, თუმცა ემოციურად, ახლაც მიჭირს ამის გახსენება. როგორია, როცა არ იცი, სად არიან შენი მშობლები, რა დაემართათ, ვისთან ერთად არიან?!… მაშინ ცხრა წლის ვიყავი. ურთულესია, როდესაც აცნობიერებ, რომ შენი საკუთარი “შინ” აღარ გაქვს.

ომის შემდეგ, ერთი წელი, სამეგრელოში ვცხოვრობდი და იქ დავდიოდი სკოლაში. მახსოვს, რომ ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და ყოველთვის, ყველაფერზე მეტად, სამართლიანობისთვის ვიბრძოდი.

მარი ბენდელიანი

მაინტერესებდა პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის პარალელურად, სამომავლო პროფესიად უამრავ ვარიანტს განვიხილავდი. ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცოდი, აუცილებლად ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც ყოველთვის იბრძოლებდა თანასწორობისთვის.

ჩემი პირველი ნაბიჯები სამოქალაქო სექტორში 2008 წლის ომის შემდეგ გადავდგი. დევნილ ბავშვებთან ვმუშაობდი, რამაც ძალიან დიდი გამოციდლება მომცა.

ბოლო წლების განმავლობაში კი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დახმარებით, აქტირურად ვარ ჩართული არჩევნებში. სწორედ CDD-ის უკავშირდება “მწვანე საჩუქრის” შექმნის იდეა. იქ, საერთაშორისო ტრენინგზე, სოხუმში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა აგვეღო გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით. პირველ ეტაპზე ეს იყო საქველმოქმედო ინიციატივა, თუმცა შემდეგ CSRDG-ის ტრენინგმა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, საშუალება მოგვცა დაგვეხვეწა ჩვენი იდეები და ორგანიზაციად ჩამოვყალიბებულიყავით“, – გვიყვება სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალი „მწვანე გულით,” მარი ბენდელიანი.

მწვანე საჩუქარი

რა ეტაპზეა ახლა თქვენი სოციალური საწარმო?

მარი ბენდელიანი: „თავიდან 2 მიმართულება გვქონდა: ეს იყო ნარჩენების შეგროვება და მისი გადამუშავების შედეგად შესაფუთი ქაღალდის წარმოება, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ განვითარება გვჭირდებოდა, მხოლოდ შესაფუთი ქაღალდის იმედზე ვერ ვიქნებოდით. გრანტის ფარგლებში ვიყიდეთ დანადგარები, რომლის საშუალებითაც ახლა უკვე კონვერტებს, ბლოკნოტებს და ჩანთებსაც ვაკეთებთ, რაშიც გაცილებით ნაკლები დრო გვეხარჯება, ხარსხი კი საკმაოდ მაღალია.

ამ ეტაპზე, დაახლოებით, 100 ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, კიდევ ორმოცდაათთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკება.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ოთხი მეგობარი ვმართავთ და ძალიან ბევრს ვშრომობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთულია ამ სფეროში საქმიანობა. ჩვენს ქვეყანაში არ არის კარგად გამართული სისტემა, სექტორი ახალია, რისკები და გამოწვევები კი ულევი“.

რა არის მწვანე საჩუქრის სოციალური მისია?

მარი ბენდელიანი: „მწვანე საჩუქრის“ მთავარი მისია გარემოს დაცვა და გარემოზე ზრუნვაა. გვინდა, რომ ძალიან მალე, საქართველოში, ნარჩენების მართვის სექტორი გაძლიერდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.

ასევე, გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ მწვანე ეკონომიკას, ეკომეგობრულ პროდუქტებს. ეს ყველაფერი კი ინფორმირებულობას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში ქაღალდის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა არსებობს, რომლის შესახებაც არავინ იცის. საზოგადოებაში გადამამუშავებული გზით წარმოებული პროდუქტი არც ისე პოპულარულია. შესაბამისად, ეს ქარხნებიც ექსპორტზე მუშაობენ, მაშინ როცა შეუძლიათ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც მომგებიანი იქნება მათთვის.

როდესაც პირველადი პროდუქტის გვერდით ხედავ მეორად პროდუქტს, თუ არ ხარ საკმარისად ინფორმირებული, თუ რამდენი ენერგიისა და რესურსის დაზოგვა ხდება მეორადი პროდუქის წარმოებით, დიდი შანსია უპირატესობა პირველად პროდუქტს მიანიჭო. სწორედ ამიტომ, ჩვენ მისიად, არა მხოლოდ გადამუშავებასა და წარმოებას მივიჩნევთ, არამედ ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებსაც ყველა ასაკბრივ ჯგუფებთან.

მწვანე საჩუქარი

მეტი ინფორმაცია უდრის, მეტ სურვილს.

ეკონომიკური სტიმულის გარდა, ვთვლით, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ პროდუქტს შეიძენს, უნდა ჰქონდეს ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია. მე კი უბრალოდ, მწვანე გული მაქვს, სხვანაირად არ შემიძლია.

თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა საკანონმდებლო ბაზა დახვეწას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?

მარი ბენდელიანი: „სოციალურ მეწარმეობას ნამდვილად სჭირდება კანონით დარეგულირება. სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, რაც ძალიან მახარებს. ვფირქობ სოცმეწარმეობა ისეთი სფეროა, რომელიც ნამდვილად უნდა არსებობდეს და განვითარების შესაძლებლობაც უნდა ჰქოდნეს. ამიტომ აუცილებელია, ვარსებობდეთ იურიდიულადაც. ამასთანავე, საზოგადოებაც მეტ ინფორმაციას მიიღებს ჩვენს შესახებ და ჩვენც, გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმებასა და დახმარებას შევძლებთ“.

როგორც ქალს, რაიმე სირთულე თუ შეგქმნიათ სოციალური საწარმოს შექმნის/ჩამოყალიბების პროცესში?

მარი ბენდელიანი: „ხშირად ყოფილა, რომ საქმიან შეხვედრებზე, როდესაც ორგანიზაციის დამფუძნებლებს შეკითხვებს გვისვამენ, ხოლო ჩემს გვერდით ჩემი თანაგუნდელი მამაკაცები სხედან, შეკითხვის ავტორები მათ მიმართავენ და ჩემი პასუხის შემთხვევაშიც კი მათ უყურებენ. ეს ხომ მცირე დეტალია, შეიძლება ყურადღების მიღმაც დარჩეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მასში საკმოად დიდი პრობლემა იმალება. და ამას მხოლოდ ქალები ვგრძობთ.

დიახ, ქალებს როგორც წესი, უფრო ხმამაღლაც გვიწევს ლაპარაკი, ხელების დაკაპიწებაც, გამეორებაც, თან არა ორჯერ ან სამჯერ, ათჯერ და ასჯერაც კი.

ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ. აი ასე, პირდაპირ უნდა ვთქვათ – “იცით რა? მე მეწყინა, რომ არ აღმიქვით სერიოზულად, რადგან ქალი ვარ!” ან თუნდაც ასე: “მე არ მსიამოვნებს როდესაც ჩემი არ გჯერათ, რადგან ქალი ვარ”!

და ეს, უნდა ვთქვათ ყველგან, არა მხოლოდ საქმიან შეხვედრებზე, არამედ საჯარო თავშეყრის ადგილებში და სამეგობრო წრეშიც“.

მწვანე საჩუქარი

რაშია ჩვენი, ქალების ძალა?

მარი ბენდელიანი: „სოცმეწარმე ქალი?“ – ეს ფრაზა ხშირად მომისმენია, ცოტა ირონიული, ეჭვშეპარული ტონით, პირდაპირ, თვალებში ჩახედვით. ჩვენი, ქალების ძალა კი იცით რაშია? აი, თუნდაც ყოველივე ამის შემდეგ უფრო რომ ვძლიერდებით და არასოდეს არ დავნებდებით. ყველაზე ცუდ სიტუაციაში ჩავარდნილებმაც კი პოზიტიურ მხარეზე უნდა ვიფიქროთ. ჩემთვის ეს ომმა განაპირობა. ის რაც გაწუხებს და გტკივა, თუ ვერ შველი, არ გაჩერდე, იარე წინ, იქით, სადაც პოზიტივია. ზოგჯერ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

ეს უნარი კი ჩემსავით ბევრ ქალს აქვს, ამიტომ მათ მხოლოდ ერთი რამ უნდა დაიმახსოვრონ: უმოქმედობა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. ყველაფერ დანარჩენს კი, ადვილად დავძლევთ და გავუმკლავდებით“.

რას ეტყოდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ბედავს? 

მარი ბენდელიანი: „მახსოვს, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემს თავს მუდმივად ვეკითხებოდი, რატომ არ დავიწყე ეს საქმე უფრო ადრე?! ყოველთვის შეგიძლია, რაღაც დაიწყო და გააკეთო. ჩვენ კი ხშირ შემთხვევაში, რაღაცას ან ვიღაცას ველოდებით. ეს, არაა სწორი.

აუცილებლად იმოქმედეთ.

არ გადადოთ ხვალისთვის.

ავტორი: თამარა კაჭახიძე