“არასწორად გადადგმული ნაბიჯები მაღვიძარაა, რომელიც დროულად თუ არ გამოვრთეთ, თავს გვახსენებს და მეორდება უსასრულოდ” | ინტერვიუ მარიამ ფალავანდიშვილთან

მარიამ ფალავანდიშვილი უკვე 11 წელია, რაც გაყიდვების სფეროშია დასაქმებული. ამჟამად კი კომპანია „გლოვოს“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ფიქრობს, რომ გაყიდვების ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა. ადამიანებთან კომუნიკაცია ადრენალინით ავსებდა და გადაწყვიტა, კარიერაც სავსე ჰქონოდა ადრენალინით. შინაგან კომპასს თვალყური ადრეული წლებიდანვე მიაპყრო და დასახული მიზნებისენ გონივრული ნაბიჯების გადადგმა თამამად, ფუჭი თაკილობის გარეშე დაიწყო.

„პირველი სამსახური იყო პრომოუტერობა, სადაც ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, ეს დროებითი იყო და წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი მელოდა. ყველა მორიგი გასაუბრება იყო ახალი გაკვეთილი, ყოველთვის ვაანალიზებდი თუ რატომ არ შედგა ჩემი თანამშრომლობა ახალ კომპანიასთან, რამ დამხია უკან, რა იყო ამის მიზეზი. ყველა ჩემი სამსახური გასაღები იყო მომდევნო, ახალი მიმართულების“

ბრძოლისუნარიანობა და ცხოვრების მუდმივი გამოწვევების ველად აღქმა წარსულის, აწმყოსა და მომავლის ობიექტურად შეფასებაში ეხმარება კიდევ უფრო აძლიერებს მასში სასიცოცხლო მუხტსა და ენერგიას.

„რომ შემეძლოს 10 წლით უკან დაბრუნება, არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ ბევრად მეტს ვცდიდი, ბევრად დიდ რისკებზე წავიდოდი. აუცილებლად უნდა გავითავისოთ, რომ არცერთი სამსახურია სათაკილო, რადგან სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. არ დამავიწყდება, ჩემი ჯგუფელების სახეები, როდესაც ვამბობდი, რომ ლექციის მერე მათთან ერთად წასვლის დრო არ მქონდა, რადგან პრომო აქციაზე მივდიოდი სამუშაოდ. მათი გამოხედვა სავსე იყო გაკვირვებით და თანაგრძნობით. მე კი პირიქით – ვამაყობდი, რადგან ძალიან მაგარ სფეროში ვდგამდი პირველ ნაბიჯებს.“

საკუთარი თავის შეცნობა ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდას უფრო ამარტივებს და მის ჩაბარებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ეს მარიამმა დროულად გაიაზრა და სხვადასხვა კომპანიებისთვის მუშაობის პარალელურად უმთავრეს ორიენტირად თავისი პიროვნების გაცნობა დაისახა.

„ყოველი მომდევნო წელი იყო ახალი გამოწვევის მომტანი, ეტაპობრივად კომპანიების დონე სადაც ვსაქმდებოდი იყო უფრო მაღალი, საინტერესო და მეტი სარგებლის მომტანი. ეს იყო სადაზღვეო სფერო, როგორც სიცოცხლის ასევე არასიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე არავითარი განათლება არ მქონდა სამეციდინო სპეფოში, საკმაოდ რთული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის განმარტება და გაცნობა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს განდობენ, ეს იყო ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური, იყო არაერთი სარეკლამო კომპანია და ბევრი საერთაშორისო, წარმატებული პროექტი. შემდეგ იყო ჯეოსელი, განსხვავებული კორპორატიული კულტურით, რამაც ყველაზე დიდი განათლება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ამჟამად არის გლოვო, სადაც დრო ყველაზე სწრაფად გადის, ვითარდები ყოველ დღე და ყოველ წუთს, კომპანია არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.

ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას, პირველ გასაუბრებას, თუ როგორ წარმოაჩენ საკუთარ თავს. გარდა იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ, კარგად შევისწავლე საკუთარი თავიც. ვიცი ჩემი მინუსები და პლიუსები. ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი ნიჭი გაყიდვების, რომ საკუთარის თავის საუკეთესო ვერსიის წარმოდგენა და აღქმა შეგეძლოს. ძალიან მიმწოლი ვარ და თუ საქმეს ხელს მოვკიდებ, ვიცი, რომ აუცილებლად მივიყვან იმაზე მაღალი შედეგით, ვიდრე ვამბობ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავიწყებ თანამშრომლობას, არასდროს მეშინოდა შეცდომების, რადგან ყველა ჩემს მიერ დაშვებულმა შეცდომამ ძალიან მაგარ მენეჯერად მაქცია.“

სწავლისა და აქტიურად მუშაობის შეთავსება ბევრი ახალგაზრდისთვის დღეისათვის წარმოუდგენელი მისიაა. ამისათვის თავის გართმევა არც მარიამისთვის ყოფილა მარტივი, თუმცა, კარგმა მენეჯერმა იცის, რომ შეუძლებელი არაფერია.

„ეს არის ურთულესი, მძიმე გამოწვევა. მზად უნდა იყო, რათა საკუთარი თავი გადადო და ორივე მხარეს იყო ძალიან ძლიერად. ამჟამად 28 წლის ასაკში მუშაობისა და სხვადასხვა პროექტებში აქტიური მონაწილეობის პარალელურად ვსწავლობ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, თუმცა ჩემს საქმეს დროს ვერასდროს მოვაკლებ, რადგან ჩემი სამსახური და საქმე ჩემთვის ყველაფერია. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და უბრალოდ არ მაქვს იმის უფლება, რომ გავჩერდე.

ბიზნესის მიმართულება ძალიან რთულია, ძალიან ბევრი ციფრია, ძალიან ბევრი კითხვაა, რაზეც სულ მინდოდა პასუხი მქონოდა. ამიტომაც ვსწავლობ ღამე, დღე, ჭამის დროს, მგზავრობის დროს, სულ ვკითხულობ. უკმაყოფილებას ვერ გამოვხატავ, რადგან მთელი ჩემი დროის რესურსი და, ცხადია, ფინანსური მას დავუთმე.

ძალიან მაგარი ადრენალინია იმის გააზრება, რომ ეს ეტაპიც წარმატებით დაიხურება, აქამდე რაც „ჩინურივით“ გეჩვენებოდა, შეგიძლია, შენი ენით ძალიან მარტივად გადმოსცე. რადგან ადრენალინს შევეხეთ, გაყიდვებისგან მიღებულ ადრენალინს ვერაფერი შეედრება.

MBA-ს დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, ისევ თავისუფალ უნივერსიტეტში განვაახლო სწავლა ინოვაციურიური-ტექნოლოგიის მიმართულებით. ეს სფერო სრულიად უცნობია ჩემთვის, ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიო, არ მინდა, ჩამოვრჩე.“

ჰარმონიული წონასწორობის შენარჩუნებაში ნებისმიერი ადამინისთვის უდიდესი როლი აქვს შეცდომების დაშვებასა და, რაც მთავარია, მათ სწორად გაანალიზებასა და შეფასებას.

„ყველა არასწორად გადადგმული ნაბიჯი მაღვიძარაა, რომელიც დროულად თუ არ გამოვრთეთ, ცხრა წუთში ერთხელ ისევ გვახსენებს თავს და მეორდება უსასრულოდ, სანამ ჩვენ რამე სახის რეაგირებას არ მოვახდენთ, სანამ მას არ გამოვასწორებთ.

ცხადია, დავიღლებით, როგორც არ უნდა გვიყვარდეს არჩეული სფერო, მაგრამ სიამოვნებას მივიღებთ გაკეთებული საქმით. მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ცხოვრებისგან, ყველა შეთავაზებით დავინტერესდეთ, მოვუსმინოთ მათ, ვინც სიახლე მოიტანა ჩვენამდე, წავიდეთ ყველა გასაუბრებაზე, შევხვდეთ საინტერესო ადამიანებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტაქტები, რომელთაც ჩვენი ცხოვრების მანძილზე შევაგროვებთ. ყველა ადამიანისთვის უნდა ვიყოთ საინტერესო და საჭირო, რადგან ჩვენ თუ ვიქნებით მათთვის ნაყოფიერი, ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან. ყველა დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეიძლება ეს ზუსტად ის დღეა, როდესაც საჭირო ადგილას უნდა მოვხვდეთ. ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ, ვიკითხოთ, რომ ჩვენი ინტელექტი იყოს სხვისთვის მისაბაძი, გარშემომყოფები უნდა გრძნობდნენ ჩვენს დანაკლისსა და საჭიროებას. ყველა შეხვედრისას თავი აუცილებლად უნდა დავაყენოთ საპირისპირო მაგიდაზე, სადაც პოტენციური პარტნიორი თუ კომპანია ზის. არასდროს უნდა გამოიკვეთოს ჩვენი მხოლოდ ფინანსური ინტერესი მის მიმართ, პირიქით, მან ჩვენში უნდა დაინახოს ბიზნეს მრჩეველი, რომელიც ეიმედება და იცის, რომ არა მხოლოდ წარმატებულ, არამედ კრიტიკულ დღეებში შენ მის გვერდით იდგები.”