ანგელა მერკელმა საავადმყოფოში ალექსეი ნავალნი მოინახულა

© Michael Kappeler/Pool via AP

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რუს ბლოგერსა და ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, ბერლინში, საავადმყოფოში ეწვია. როგორც გერმანული მედია წყაროები იუწყებიან, მერკელის ვიზიტი სრულიად გასაიდუმლოებულად, გახმაურების გარეშე ჩატარდა.

გერმანული გამოცემა Der Spiegel მერკელის კეთილგანწყობას ალექსეი ნავალნის მიმართ აფასებს, როგორც გერმანიის მთავრობის მიერ ნავალნისადმი გამოცხადებულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას.

„მერკელის ვიზიტით ოფიციალური ბერლინი რუსეთის ხელისუფლებას აუწყებს, რომ ნავალნის საქმეს არ მიატოვებს და მომხდარის შესახებ სიმართლეს გაარკვევს,“ – წერს Der Spiegel.

ნავალნიმ, რომელიც ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა, საკუთარ ტვიტერზე პოსტი განათავსა, რომელშიც შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დაურთო, რომ ეს ვიზიტი საიდუმლო სულაც არ ყოფილა, როგორც გერმანული მედიასაშუალებები ავრცელებენ. პოსტში ოპოზიციონერმა მერკელს მონახულებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს, ციმბირის ქალაქ ომსკში ფრენისას შეუძლოდ გახდა. ის სამკურნალოდ მალევე გადაიყვანეს ბერლინში, სადაც ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ნავალნი საბჭოთა საწამლავით, ნოვიჩოკით, იყო მოწამლული.