“ამაზონი” წელს სადღესასწაულო სეზონზე მომუშავე თანამშრომლებს მილიონობით დოლარის რაოდენობის პრემიებს ჩაურიცხავს.
სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 300 ფუნტსა ან დოლარს მიიღებენ, ნახევარ განაკვეთზე მომუშავენი კი – 150-ს.
მთელი თანხა, 500 მილიონი დოლარი, 1-31 დეკემბერს მომუშავე პერსონალზეა გათვლილი.
პანდემიის პირობებში ამაზონის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიის მფლობელმა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, თავისი თანამშრომლები შეაქო, რადგან პანდემიის პირობებში მომხმარებელთა აუცილებელ საჭიროებებს ეფექტურად აკმაყოფილებენ.
დეივ კლარკმა, ამაზონის საერთაშორისო ოპერაციების ვიცე პრეზიდენტმა, ბლოგპოსტის საშუალებით განაცხადა, რომ მადლიერია ამაზონის გუნდით, რომელიც საზოგადოების მომსახურებაში უმთავრეს როლს ასრულებს.
„სადღესასწაულო სეზონის პიკში შევდივართ, ამიტომ გვსურს, ჩვენი მადლიერება პრემიის სახით გამოვხატოთ, რომელიც ჩვენი თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და ჯამში 500 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს“, – წერს დეივ კლარკი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს “ამაზონის” საწყობებში ინტენსიურად წარმართული სამუშაო პროცესების გამო კომპანია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. “ამაზონის” თანამშრომლებმა შეშფოთება გამოხატეს მათი ჯანმრთელობისა და სამუშაო პირობების შესახებ როგორც ევროპაში, ასევე – აშშ-ში.