ჰონგ-კონგის ახალი კანონები რეგიონში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს

Protesters sit next to a Goddess of Democracy statue at the Chinese University of Hong Kong (CUHK) in Hong Kong on November 12, 2019.

ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგში ახალი წესების შემოღებამ რეგიონში საზოგადოების მხრიდან არა მხოლოდ პროტესტი, დიდი გაურკვევლობაც გამოიწვია. მოსახლეობის უმეტესობა ჰონგ-კონგის დატოვებასა და გაერთიანებულ სამეფოში გადასვლას გეგმავს. მშობლების განცხადებით, მათ სურთ შვილების აღზრდა თავისუფალ გარემოში, სადაც მათი შვილების თავისუფალი განათლების უფლება, სიტყვისა და ქმედების თავისუფლება  სახელმწიფოს მხრიდან არ შეიზღუდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას ჰონგ-კონგის მოქალაქეები გამოგონილ სახელსა და გვარს იყენებენ. მათი მტკიცებით, არსებობს საფრთხე, რომელიც ხელისუფლებისგან მოდის და მათ წინააღმდეგ მოსაუბრე ადამიანებს ჩინეთის ხელისუფლების სამიზნედ აქცევს.

მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგის ავტონომიურობის შეზღუდვას უკავშირდება. ჩინეთმა ჰონგ-კონგის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების კანონი გასული წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ მიიღო. საგულისხმოა, რომ კანონი ჰონგ-კონგის, როგორც ფინანსური ცენტრის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. ჩინეთი ჰონგ-კონგის ახალი კანონებით კრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. ჰონგ-კონგში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი სიტუაცია სრულიად დაძაბა.

ჰონგ-კონგი ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია. ეს სტატუსი ჰონგ-კონგს ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში იურიდიულ დამოუკიდებლობას ანიჭებს. რეგიონს ჩინეთისგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს, მთავარი საკონსტიტუციო დოკუმენტი საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო თავდაცვის გარდა ყველა საკითხში ჰონგ-კონგის ავტონომიურობის მაღალ ხარისხს ითვალისწინებს. ისტორიულ კონტექსტს რომ შევეხოთ, ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია იყო 1997 წლამდე. კოლონიალიზმის პერიოდმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰონგ-კონგის, როგორც რეგიონის, იდენტობასა და კულტურაზე. 1997 წლის 1 ივლისს ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით. სწორედ აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებს  საკუთარი კაპიტალისტური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები უნდა ჰქონდეთ. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

გასულ კვირას პეკინის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ჩინეთის მთავრობას „არაპატრიოტი“, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პოლიტიკოსებისა თუ დეპუტატების გათავისუფლების უფლება აქვს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ დადგენილების გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში სამოქალაქო პარტიიდან იძულებით ოთხი დეპუტატი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შემდეგ ჰონგ-კონგის დემოკრატიული პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი კოლეგების მხარდასაჭერად, ისინიც გადადგებოდნენ თანამდებობებიდან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ახალი რეზოლუცია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არღვევს ჩინეთი ჰონგ-კონგის მაღალ ავტონომიურობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაგმო ჩინეთის ქმედებები და თქვა, რომ ეს არის ჩინეთის ნაბიჯი ”ერთპარტიული დიქტატურისკენ”, ხოლო ევროკავშირმა დაუყოვნებლად მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ჟაო ლიჯიანი, გამოეხმაურა „ხუთი თვალის“ ალიანსს, რომელშიც შედიან შემდეგი სახლემწიფოები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია. გამოქვეყნებულ განცხადებაში სპიკერი აღნიშნავს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა ხუთი თვალი აქვთ თუ ათი, ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარების ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას თუ გაბედავენ, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ თვალები არ დაუბრმავდეთ.“

მოვლენების განვითარებასთან ერთად, აშშ-მა ჰონგ-კონგის ოთხ ოფიციალურ პირს სანქციები უკვე დაუწესა, ისინი ავტონომიური ქალაქის „შევიწროებაში“ დაადანაშაულა. ამ პირებს ეკრძალებათ შეერთებულ შტატებში გამგზავრება და მათი აქტივები შეერთებული შტატების იურისდიქციის ფარგლებში დაიბლოკება. სანქციები უკვე მოქმედებს ჰონგ კონგის მთავარ ლიდერზეც, კერი ლამზე.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობა პრო-დემოკრატიული იდეების აღმოფხვრას უპირველესად განათლების სისტემიდან იწყებს. ჰონგ-კონგის მოქალაქეების გონება თუ „სუფთა“ იქნება თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეოლოგიისგან, ეს მხოლოდ „კარგს“ მოიტანს ჩინეთისთვის.  აქედან გამომდინარე, გაურკვეველია თუ რას ასწავლიან ჰონგ-კონგის სკოლებში ახლა. მასწავლებების განცხადებით, საკლასო ოთახები „არ არის უსაფრთხო“ თავისუფალი დისკუსიისა და დებატებისთვის. ჩინეთის განათლების სამინისტროს დავალებით, ჩინეთის მიერ მიღებულ კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი შინაარსის სასწავლო მასალების გამოყენება იკრძალება. ორგანიზაციის ადმინისტრაციებს უფლება აქვთ, გამოიძახონ პოლიცია ჩინეთის ჰიმნის შეურაცხყოფის მცდელობისთვისაც. აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციებსაც ეხება, ვინაიდან სკოლებში გარკვეულ დღესასწაულებზე ჩინეთის ჰიმნი სრულდება. სექტემბერში, საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლე, რომელმაც გამოიყენა ფოტო ლოზუნგით  “თავისუფალი ჰონგ-კონგი, რევოლუცია ახლა”, ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ დაიშვებოდა. ამ ინციდენტის შემდეგ, რასაკვირველია, ზემო აღნიშნული შესწორებებში ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიული მოძრაობის ჩასახშობად იქნა მიღებული. ჰონგ-კონგის მთავრობის ყოფილმა აღმასრულებელმა მეთაურმა, ჩინეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე მასწავლებლების პირადი მონაცემები Facebook–ის გვერდზე გამოაქვეყნა. პედაგოგები პროფესიული ვალდებულების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

განათლების სისტემაში შეტანილმა ცვლილებებმა – ჩინეთის დაწესებულმა „ცენზურამ“ –  უცხოეთში მყოფი ჰონგ-კონგელი სტუდენტებიც დააფიქრა. მათ სწავლის დასრულების შემდეგ, რეგიონში დაბრუნება მოუწევთ, შესაბამისად ისე უნდა წერონ, იმეტყველონ, რომ ჰონგ-კონგში დაბრუნებისას პრობლემები არ შეექმნათ. დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, სწრაფად ცდილობენ შეიმუშაონ ქცევის კოდექსები, რათა მაქსიმალურად დაიცვან სტუდენტები. მაგალითისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტი მათ ჰონგ-კონგელ სტუდენტებს ნამუშევრების ანონიმურად წარდგენის საშუალებას აძლევს.

დამატებით, ჰონგ-კონგის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში ვრცელდება „არალეგალური იდეები“. აღნიშნული ეხება ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის იდეის გავრცელებას. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ჰონგ-კონგის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგმა მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმი აჩვენა, სადაც დამოუკიდებლობის მომხრე ფიგურა ენდი ჩანი მონაწილეობდა. ფილმის ყურებისა და მასზე დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები დაურიგდათ, სადაც სიტყვის თავისუფლებისა და ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის შესახებ დაწერილი კითხვებისთვის უნდა ეპასუხათ. მომხდართან დაკავშირებით, ჰონგ-კონგის მთავრობის აღმასრულებელმა მეთაურმა, კერი ლამმა, განაცხადა, რომ „უკანონო იდეები“ – კერძოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული იდეების არსებობა – სკოლებში დაუშვებელია.

აღნიშნულ ფაქტს ჩინეთის ხელისუფლებაც გამოეხმაურა და ჰონგ-კონგის განათლების სისტემა მოსწავლეების რადიკალიზებაში დაადანაშაულა. ჰონგ-კონგის მასწავლებლებთან დაკავშირებით ხშირია საჩივრები, რომ ისინი საკლასო ოთახებს პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად, ჩინეთის მთავრობის, ჩინეთის ხალხისადმი სიძულვილის გაღვივებისთვის იყენებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ პეკინი კრიტიკულადაა განწყობილი ჰონგ-კონგის 2009 წელს დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამისადმი. პროგრამა მოიცავს თანამედროვე ჩინეთის ისტორიას, პოლიტიკასა და ჰონგ-კონგის როლს აღნიშნულ პოლიტიკაში, ასევე ჰონგ-კონგის იდენტობის საკითხს. ჩინეთის მთავრობა დღემდე პროგრამის წინააღმდეგია, რასაც ჰონგ-კონგის განათლების სისტემის მასალებისადმი  მიკერძოებით ხსნის. 2009 წლიდან მოყოლებული კურსის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად ჩინეთის მთავრობის კრიტიკა სასწავლო პროგრამიდან სრულიად იქნა ამოღებული. ჩინეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი ქმედებების ძირითადი მიზანი ისეთი ახალგაზრდობის აღზრდაა, რომელიც ჩინეთს, როგორც საკუთარ ქვეყანას, პატივს სცემს.

როგორც აღინიშნა, ბევრი ჰონგ-კონგის მოქალაქე, ავტონომიური რეგიონის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაერთიანებულ სამეფოში აპირებს გადასვლას. ჟურნალისტებთან საუბრისას მოსახლეობის უმეტესობა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ იციან, რა პერსპექტივა ელოდებათ დიდ ბრიტანეთში, მათ ჰონგ-კონგის დატოვება უღირთ. მოქალაქეების თქმით, თავისუფლება მეტად ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალისტური სიკეთე, რაც ჰონგ-კონგში გააჩნიათ. ამასთან, ჰონგ-კონგის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების კანონის შემოღების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებს შესთავაზა ბრიტანეთის მოქალაქეობისკენ მიმავალი გზა – BNO პასპორტი, რაც მოქალაქეებს ბრიტანეთში წასვლას უმარტივებს. ამჟამად BNO პასპორტი 300,000 ადამიანს აქვს. რაც შეეხება ჰონგ-კონგის სპეციალური ავტონომიის საკითხს, გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა რეგიონი უმაღლესი ხარისხის ავტონომიის რეალურად შენარჩუნებას იმის გათვალისწინებით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობის უმრავლესობა ჩინეთის ხელისუფლებას უჭერს მხარს.