ხელოვნებიდან გლობალურ ბიზნესამდე

ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, ნიუ-იორკში მდებარე Bergdorf Goodman მაღაზიის ე.წ personal shopper-ის ყურადღება მიიქცია თავისივე ბრენდისა და დიზაინერის ლადო ბოკუჩავას მიერ შექმნილმა სამოსმა. მაშინ უკვე შეეძლო თამამად ეპასუხა, რომ ეს Matériel-ია და იმავე ქალაქში, სოჰოში მაღაზიაში იყიდება.

იდეებისა და გეგმების მატერიალიზება ნამდვილად ხდება, თუ დაუზოგავად შრომობ და მოქმედებ ამისთვის. სწორედ იმ დროისთვის უკვე არსებობდა ხედვა და სამოქმედო გეგმა – მაია მეუღლესთან ერთად მუშაობდა იმაზე, როგორ წარედგინათ Matériel მაღალი მოდის ისეთ მეგაპოლისებში, როგორებიცაა პარიზი, ლონდონი, მილანი და ნიუ-ორკი.

Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში დასმული კითხვა ინტერვიუს დროსაც გავუმეორეთ – სად და როგორ შეიძლება შევიძინოთ Matériel-ის ნაწარმი, – ჩამოთვლის დროს დაფიქრდა, რომელიმე ქალაქი ან ქვეყანა არ გამორჩენოდა – „ბევრია: მილანი, დუბაი, პარიზი, ლონდონი… ჩინეთი, ამერიკა, კანადა, გერმანია, კორეა, ქუვეითი, არ გამომრჩეს, ბევრია…“

©️ ანა ბოკო

 

„2018 წელს Matériel-მა 233,786 დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა საერთაშორისო ბაზარზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქართული ბრენდისთვის ready- to-wear კატეგორიაში და ეს მაჩვენებელი 2019 წელს სავარაუდოდ გაოთხმაგდება.“ – აღნიშნავს მაია.

ცალკე თემააა შოუ რუმები და ონლაინ პლატფორმები, Matériel პირველი აღმოჩნდა საქართველოდან, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ყველაზე შორს წავიდა. ის წარმატებულად გადის ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში და თანამშრომლობს ისეთ წამყვან რითეილერებთან მსოფლო ბაზარზე, როგორებიცაა Yoox net a porter group, Farfetch group, Browns Fashion, Moda Operandi, Lane Crawford, Ssense, Bloomingdales. Matériel არის ბრენდი, რომელმაც საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი და მოდა ხელოვნებიდან ბიზნესად გადააქცია. ეს კი მოდაში ჩაუხედავი ადამიანების ენაზე იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბრენდებთან ერთად, მის პროდუქტს რამდენიმე მილიარდი ვიზიტორი ნახავს – ბაიერები, თრეიდერები, მოდის კრიტიკოსები, დიზაინერები, სელებრითები, ცნობილი ბლოგერები, ჟურნალების რედაქტორები და უბრალოდ მოდის მიმდევრები. Matériel დიდი დაკვირვების ქვეშ მოექცა. მოვიდნენ, გნახონ, დაინტერესდნენ ამ სფეროში საქმის ერთი დიდი ნაწილია. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სურვილთან ერთად, შრომას, ხარისხს, ნდობას, კრეატივს და კარგ გუნდს ნიშნავს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მაია გოგიბერიძის ცხოვრება მოდის სახლ „მატერიას“ დაუკავშირდა, ეს მისი საოჯახო ბიზნესი აღმოჩნდა, სახლი, რომლის ისტორიაც გასული საუკუნის 1949 წლიდან იწყება და რომლის სახელიც იმ დროიდან მოყოლებული საუკეთესო კონსტრუქტორებთან, დიზაინერებთან, მკერავებთან, პარიზის ჯილდოებთან ასოცირდება. მაია მისი ნაწილი გახდა. თავიდანვე ჰქონდა სწრაფვა, რომ თავისი პრემიალური ბრენდი უცხოური ბაზრებისთვის გაეცნო და მოდა ხელოვნებიდან გლობალურ ბიზნესად ექცია.

არ იყო მარტივი არც გუნდის შეკვრა, არც კადრების არმქონე ქვეყანაში მათი მოძიება, ხარისხზე ორიენტირება, მენტალობის მორგება, შეგუება, მენეჯმენტის აწყობა. ასევე, თანამოაზრე, კრეატიული დიზაინერების – ლიკა ჩიტაიას, გიორგი ქებურიას, თიკო პაკსაშვილის, ალექსანდრე ახალკაციშვილის გაერთიანება, მათთან ერთად წარმატების მიღწევა და მისი შენარჩუნება.

©️ ანა ბოკო

 

დროთა განმავლობაში მოდის სახლი „მატერია“ გაიზარდა, ის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა უნიფორმების, მაღალი სტანდარტების სპეცფორმების წარმოებაში და უკვე 2012 წლიდან, ბიზნესპარტნიორთან, თამუნა ოშხერელთან ერთად განავითარა მოდის მიმართულება – შექმნა პრემიუმ ბრენდი Matéri- el. „გვინდოდა ისეთი პლატფორმის შექმნა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობდა განვითარებაში, სახელის დამკვიდრებაში, ისწავლიდნენ მოდას როგორც ბიზნესს. ამიტომ ბრენდის სახელს ყოველთვის ვუმატებდით მათ სახელს, რომ ხალხს გაეცნო არა მხოლოდ Matériel, არამედ მათი დიზაინერებიც. კოლექციებს შექმნიდნენ არა მარტო მხატვრულს, როგორიც იყო ხოლმე მანამდე, არამედ – კომერციულს.“ – აღნიშნავს მაია გოგიბერიძე. – „რა თქმა უნდა, ჩვენც ვსწავლობდით მათთან ერთად, ვიძენდით გამოცდილებას. ძალიან გვეხმარებოდა მოდის სახლი „მატერია“ და მისი მენეჯმენტის სტრუქტურა თავისი ფინანსური გათვლებით, ლოგისტიკური და მართვის სისტემით. ამ მხარდაჭერის გარეშე სისტემას ასე ადვილად ვერ ავაწყობდით და Matériel ვერ იარსებებდა.“

Matériel-ის პარტნიორებს შორის, მათი კომპეტენციებიდან გამომდინარე, გადანაწილდა მიმართულებები. იმ დროისთვის მაია ამერიკიდან მართავდა მოდის სახლის ბიზნეს განვითარების თემებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის მიმართულებას, ხოლო მისი პარტნიორი, თამუნა ოშხერელი კურირებდა მოდის სახლის სრულ საოპერაციო პროცესებს – დიზაინერებთან მუშაობას, წარმოების სრული პროცესის მართვასა და მომხმარებელზე ზრუნვას, რაც დასაყრდენია ამ ბიზნესისთვის. ორი პარტნიორის მუშაობა, რომლებიც ამავდროულად ოჯახის წევრებიც არიან, ძალიან პროდუქტიული და სინერგიული აღმოჩნდა.

მოგვიანებით, მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზის და მოდის სფეროს დაკვირვების შედეგად მაიას გაუჩნდა იდეა დამატებით განევითარებინა ახალი, ქართველ მომხარებელზე გათვლილი ბრენდი. ასეც მოხდა, 2016 წლიდან შეიქმნა „დოთსი“ – ქართველი მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებული, საერთაშორისო ბრენდების ჩამნაცვლებელი, ხელმისაწვდომი ფასებითა და დახვეწილი დიზაინერული აქცენტებით შექმნილი ახალი ქართული ბრენდი.

მარტივი არ იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. ქვეყანა, რომელიც მოდის რუკაზე არ არსებობდა მოდის კვირეულების, კრიტიკის, საერთაშორისო პრესის დაინტერესების შემდეგ ერთბაშად გამოჩნდა ყველაზე გავლენიან ედიტორიალებში, დიდი ინტერესი გამოიწვია ახალმა სახელებმა, რომლებიც ინდივიდუალური დიზაინერული ხელწერით გამოირჩეოდნენ (emerging designers).

მაია ფიქრობს, რომ ეს განვითარება სწორედ დაუღალავი შრომის, გამორჩეული კრეატივის, დახვეწილი კერვის ტექნოლოგიებისა და მოდის კვირეულების დამსახურებაა. გავლენიანი მოდის საერთაშორისო ედიტორიალები თავიდანვე დაინტერესდნენ Matériel-ის კოლექციებით, დიზაინერებით. გვაშუქებენ, ამ სამყაროს ნაწილად გვხდიან, თუმცა ამ კომუნიკაციის მართვას თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება. გრძელვადიანი თანამშრომლობა და წარმატება მაღალი სტანდარტის დაცვის გარეშე შეუძლებელია.

©️ ანა ბოკო

 

Matériel-მა საკუთარი სტრატეგია აირჩია. ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარს მოარგო – „დოთს“ და ბრენდი, რომელიც საექსპორტოდ გაამზადა – Matériel.

მ.გ: „ძალიან მეამაყება, რომ „დოთსი“ პოპულარული გახდა საქართველოში. ადრე ქართველი მომხმარებელი მეტად იყო ორიენტირებული უცხოურ ბრენდებზე და არ აკეთებდა არჩევანს ქართველი დიზაინერების სასარგებლოდ, თუმცა ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზებიც. ახლა კი, ქართული მოდა, როგორც ბრენდი ფასობს, სტანდარტმა აიწია, საერთაშორისო წარმატებამ ქართველ მომხმარებლშიც გაზარდა ინტერესი. მე არ ვგულისხმობ კონკრეტულ დიზაინერებს, არამედ ბრენდს, – ახლა ყველა დიზაინერს თავის სახლი აქვს. ჩვენს შემთხვევაში Matériel-ის და „დოთსის“ ბრენდებმა იმუშავა. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გავაფართოვეთ საცალო ქსელი, სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ გავხსენით „დოთსი“, ასევე ბათუმში, სასტუმრო Hilton-ში და კმაყოფილები ვართ შედეგებით, ცვლილებები სულ შეგვაქვს, განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ ბრენდზე დიდი მუშაობა მიდის და უკვე ბევრი ერთგული მომხმარებელიც გვყავს.“

„დოთსი“ თავისი სტილით, ფასით ადგილობრივ სეგმენტს მოერგო #weargeorgian სლოგანით და გარკვეული სტერეოტიპებიც დაამსხვრია. Matériel კი პრემიუმ კლასის დონეზე აიყვანეს და ნელ-ნელა დაიწყო მისი ექსპორტზე გასვლა.

მ.გ: „ექსპორტი? პირველად, როცა გაგვიცნეს სერიოზულად ეს Not just a label პლატფორმა იყო, მათ თავად აღმოაჩინეს Matériel, სწორედ მათი პროექტით გავემგზავრეთ დუბაიში 2012 წელს, მოდის სფეროსთვის მიძღვნილ ღონისძიებაში და გამოფენა-გაყიდვაში მივიღეთ მონაწილეობა. შემდგომ იყო წვრილ- წვრილი მაღაზიები ლონდონში, ჩინეთში, ასევე ავსტრალიაში. თავიდან პატარ-პატარა პროექტები იყო, პოზიციონირება ფინანსურად ძლიერ და სახელით ცნობად მაღალი ბრენდის მაღაზიებში 2 წელია დავიწყეთ. Lane Crawford ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ერთ-ერთი ბრენდული მაღაზიაა, დღემდე ვთანამშრომლობთ აქტიურად. ამ მაღაზიას მოყვა Browns Fashion ლონდონში და farfetch group. კარგ შოურუმში მოხვედრა მოითხოვს მაღალ სტანდარტს, მოლაპარაკების უნარ-ჩვევებს და კვალიფიკაციას, ამის შემდეგ გითმობენ კოლექციისთვის სივრცეს, რომელსაც სტუმრობს და ათვალიერებს სხვადასხვა ბაიერი. მაგალითად, Browns Fashion-ის ბაიერი ოთხი სეზონი გვაკვირდებოდა და მხოლოდ ამ ხნის შემდეგ მივიღეთ მათგან შეკვეთა. ნდობა მოვიპოვეთ და მათ სჯერათ ჩვენი ბრენდის. თანდათან ზრდიან ბიუჯეტებს და შეკვეთებს.“

„აღსანიშნავია, რომ სოციალური მედია დიდ როლს ასრულებს მოდის სფეროს გლობალურ რუკაზე პოზიციონირებაში. აქტიური სოციალური მედია გვაქვს და ბევრი გავლენიანი გამომწერი. აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ედიტორიალებთან, სელებრითებთან, სტილისტებთან ბრენდის გასაცნობად, ეს პროაქტიული კომუნიკაციაა.“

გლობალურ ბაზარზე შესვლა ერთია, ბაზრის შენარჩუნება მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ესეც გუნდის და პირველ რიგში, დიზაინერების დამსახურებაა. დღეს Matériel მოდას ალექსანდრე ახალკაციშვილი და ლადო ბოკუჩავა ქმნიან. კონკურენციაშიც სწორედ ისინი შედიან დიდ და ცნობილ ბრენდებთან. მათ პროდუქციას აკვირდებიან. დამკვეთი კი ყველაფერს ითვალისწინებს, იმასაც, სად და როგორ იკერება, ჩაბარების ვადები, ყველა კომპანიას თავისი მიწოდების ინსტრუქცია აქვს. Matériel-მა ეს გზა გაიარა და ცდილობს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით მოემსახუროს დამკვეთებს.

აღსანიშნავია, მოდის სახლმა Matériel-მა მოახერხა ადგილობრივ საერთშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობა. EBRD-ს ფინანსური დახმარებით სრულად გამართა და აღჭურვა საწარმო, რომელიც სრულ თანხვედრაშია თანამდროვე სტანდარტებთან, დიდი გაშლილი სივრცით, სადაც ახლა სამასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

მ.გ: „EBRD-ს პრეზიდენტი რომ ესტუმრა საქართველოს, ჩვენს ფაბრიკას ესტუმრა და პირველი პრესკონფერენცია სწორედ აქ გამართა – გვერგო ეს პატივი. ძალიან გვეხმარება Deutsche Gesellschaft für In- ternationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH სერტიფიცირებაში და საერთშორისო სტანდარტების დანერგვაში. ISO სტანდარტი გვაქვს მიღებული მენეჯმენტში, ვმუშაობთ ე.წ. Social Compliance სერტიფიკაციაზე, რაც ექსპორტის გაზრდას უწყობს ხელს და უცხოურ დამკვეთებთან ურთიერთობას გაამარტივებს. უცხოური კომპანია, სოლიდური ბრენდი არ შეგიკვეთავს თუ ამ სტანდარტს არ აკმაყოფილებ.“

©️ ანა ბოკო

 

პერსონალის მომზადებას Matériel არანაკლებ დროსა და რესურსს უთმობს. ვინ და როგორ ასრულებს შეკვეთას, რამდენად ხარისხიანია და პასუხობს მოთხოვნას. საკმარისია ეს სტანდარტი დაარღვიო, შენ კარგავ რეპუტაციას, შესაბამისად ბაზარს და ნდობას. ამ სფეროში პერსონალის კვალიფიკაცია მთავარია. ამაში მათ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარება. უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ სამხატვრო აკადემიასთან და კურსდამთავრებულ სტუდენტებს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აძლევენ.

2019 წლის იანვრიდან polimoda-სთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, კურსდამთავრებულებს სტაჟირებებს, მასტერკლასებსა და გაცვლით პროგრამებს სთავაზობენ, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და წინსვლას.

მ.გ: „2019 მნიშვნელოვანი განვითარების წელია, Le Bon Marché-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და გააკეთებს შეკვეთას, Bar- neys-ს აინტერესებს თანამშრომლობა, ეს დიდი მიღწევაა. ახლა Le Bon Marché-სთან აქტიურად ვმუშაობთ, ძალიან გვინდა, რომ იქ ქართული ბრენდი იყოს და აუცილებლად შევალთ.“

„საექსპორტო ბიზნესში მთავარი კლიენტების მაღალ დონეზე დაკმაყოფილება და მათი შენარჩუნებაა, ეს შესაძლებელია პროფესიონალიზმით, წარმოებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით. წარმოება მრავალი ასპექტისგან შედგება, მხოლოდ შეკვეთა არაა საკმარისი, ხარისხი არ უნდა გააფუჭო, ვადებში უნდა ჩაეტიო, ნებისმიერ გადაცდენაში დიდ თანხას იხდი, მკაცრი ჯარიმებია. ადვილი არაა უმსხვილეს გლობალურ დამკვეთებთან მუშაობა. ბევრი წვრილმანია, ფაქტობრივად ერთი წიგნის ზომის კონტრაქტი მოდის, როგორ და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს კოლექცია. ყველა ბრენდს თავისი სტანდარტი აქვს.“

აკეთო ის და იყო იქ, რაც შენია და გახარებს რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. როდესაც წარმატებაზე ლაპარაკობს ყოველთვის ამბობს, რომ ეს მისი გუნდის დამსახურებაა. თუკი რაღაც კარგი ხდება, უნდა რომ ეს სიხარული ყველამ გაინაწილოს, მკერავმაც, დიზაინერემაც, კონსტრუქტორმაც და ერთად იამყონ ამ შედეგებით. ან როგორ არ უნდა იყო ამაყი, როდესაც შენთან მოფიქრებულ, დახატულ, მოხაზულ, აწყობილ, შეკერილ კაბას მერე იორდანიის დედოფლის ტანზე დაინახავ, ან იმ ტაბლოიდზე, მთელი მსოფლიო რომ უყურებს. ამ დროს სულ გახსენდება საკუთარი ფიქრები, რომ ოდესმე ამას მიაღწევდი და ხვდები რომ ეს „ოდესმე“ დადგა. მოდა კი ხელოვნებიდან ბიზნესად აქციე.