წინააღმდეგობა, რომელიც გვაძლიერებს

ყველაზე საყვარელი მოგონებები, რომლებიც ბავშვობას უკავშირდება, ოკუპირებულია.

ოკუპირებულია ის სახლიც, ის ეზოც, სადაც ყველანი ერთად თამაშობდნენ; ადგილი სადაც სწავლობდნენ, იზრდებოდნენ და ერთმანეთი უყვარდებოდათ.

ერთადერთი, რისი ოკუპაციაც მტერმა ვერ შეძლო – ოცნებებია, რეალობად ქცეული ოცნებები.

და ის, ვერასდროს შეძლებს ამას!

ნანა ჩქარეული ახალგორიდან დევნილია, რომელიც წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. პროფესიით კულტურის თეორიტიკოსი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომლის სამიზნე აუდიტორია ძირითადად დევნილი ქალები და ახალგაზრდები არიან. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამოქალაქო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებითაც.

“შინაგანად შემოქმდებთი ადამაინი ვარ. ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ მთელი ენერგია და ფანტაზია ჩავდო. ეს ჩვევა პატარაობიდან მომყვება. იმ დროიდან, როცა მთაში ცხოვრებაზე და ბავშვებისთვის სკოლის გახსნაზე ვოცნებობდი“, – გვიყვება ნანა ჩქარეული.

მართალია, ნანამ სკოლის გახსნა, ჯერჯერობით, ვერ შეძლო, თუმცა თავისი საქმიანობა ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას დაუკავშირა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, “უკეთესი მომავლისთვის/For Better future” სხვადასხვა ტრენინგებისა და პროექტების საშუალებით ცდილობს დევნილი მოსახლეობის, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდებისა და ქალების სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობას. მას საკუთარი წვლილი შეაქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის პროცესში.

“როდესაც დევნილები გავხდით, ვიგრძენი, რომ უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო ამ ადამიანებისთვის. მხარდაჭერა და უფრო კონკრეტული დახმარება უნდა ეგრძნოთ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩვენგან. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ფორმით შეიძლებოდა დახმარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ტრენინგი, მივხვდი, რომ ჩვენს დასახლებაში აუცილებელი იყო სოციალური საწარმოების მიმართულების განვითარება და გადავწვიტე მე თვითონ შემექმნა ის.”

ასე დაფუძნდა ტიხრული მინანქრის საიუველირო საწარმო „იკორთა“, რომელიც მომხმარებლებს ვერცხლის სამკაულებს, ტრადიციული ქართული ტექნიკით დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს, ტექსტილს სთავაზობს.

„იკორთას“ სასტარტო კაპიტალი 700 ევრო გახლდათ. ამ თანხით სამომავლო გეგმებზე ფიქრი წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა დღეს სოციალურ სახელოსნოს ახალგორიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილი 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რომელთა შორის 9 ქალია. 2016 წლიდან „იკორთა“ სოციალური საწარმოების ალიანსის დამფუძნებელია. მისი პროდუქცია სუვენირების რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი, ხოლო გაყიდული ნაკეთობებიდან მიღებული მოგების რეინსვესტირებით, სოციალურ საწარმოს საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

– რა არის “იკორთას” მისია?

პირველ რიგში, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ასევე ახალგაზრდებისა და ქალების დასაქმების, დევნილების პროფესიული გაძლიერების, განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქმიანობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენ უნდა შევქმნათ მყიდველისთვის სასურველი პროდუქცია და ასევე ავითვისოთ საერთაშორისო ბაზარიც, რადგან ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ტიხრული მინანქრის სამკაულებითა და სხვა ხელნაკეთი ნაკეთობებით.

– რა გამოარჩევს „იკორთას“ ნაკეთობებს სხვა საწარმოების პროდუქციისგან?

ჩვენი ძლიერი მხარე ჩვენი თანამშრომლებია. „იკორთამდე“ ზოგიერთი მათგანი სხვა პროფესიით მუშაობდა. ახლა მათ პროფილი შეიცვალეს, თუმცა უცვლელია ოჯახური გარემო და ის სიყვარული, რომელიც მათ, თავიანთ საქმესთან აკავშირებთ. ეს არ არის რუტინული სამსახური, რომელშიც მხოლოდ კონკრეტულ დროს უნდა მიხვიდე. ჩვენ არ გვყავს დიზაინერები, ყველა ჩვენს ნამუშევარს თავისი ინდივიდუალური ავტორი ჰყავს, რომელთა ხედვა, ფანტაზია და ფერის შეგრძნება ნამდვილად იკვეთება ჩვენს პროდუქციაში. ჩვენი ნაკეთობები გამორჩეულია ხარისხით და თემატიკითაც.

ყველაზე დიდი ბედნიერება კი ისაა, როცა თანამშრომლები თვლიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური აქვთ.

– თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა საკანონმდებლო ბაზა დახვეწას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?

პირველ რიგში, აუცილებელია არსებობდეს სოციალური მეწარმეობის ტერმინის ოფიციალური განმარტება. სახელმწიფო აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს სოციალური მეწარმოების განვითარებას, თუმცა რას გულისხმობს სოციალური მეწარმეობა, ინდივიდუალურად აღიქმება ყველა სტრუქტურაში და ინსტიტუციაში.

ძალიან რთულია მაღალ კონკურენციას გაუძლო იმ პირობებში, როცა საზოგადოება ვერ იაზრებს სოციალური საწარმოების როლს.

ვფიქრობ, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარება საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშნველოვანია. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ცვლილებები.

როგორ ფიქრობთ, რაშია ჩვენი, ქალების ძალა?

ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. ბიზნესის მიმართულებით მე არ მქონდა ცოდნა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვხელმძღვანელობდი. ვთვლი, რომ ჩემი შემოქმედებითი ხედვა ძალიან დამეხმარა, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ იმ ორგანიზაციებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების გაძლიერებას. მათი რჩევები და კონსულტაციები ძალიან დაგვეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

ქალებს ბევრად უფრო მეტად შეგვიძლია ვირწმუნოთ იმის, რასაც ვაკეთებთ. ეს თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი კი ჩვენივე შეცდომებზე სწავლაა.

– რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ თქვენს სფეროში ხედავენ საკუთარ თავს, მაგრამ უჭირთ პირველი ნაბიჯების გადადგმა?

ვურჩევდი, რომ ძალიან ბევრი იოცნებონ. მერე კი აუცილებლად გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ოცნებები აიხდინონ. შეუძლებელი არაფერია.

ოცნებებს გასაქანი უნდა მივცეთ. რაც მთავარია, წარუმატებლობა არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი.

ჩვენს შემთვევაში, იმ ფაქტმა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები ვართ, ვფიქრობ გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და შესაძლებლობა მოგვცა დაგვეძლია ის წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვაც ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო.

ზოგი რამ, რაც ჩვენს თავს მოულოდნელად ხდება, გვასწავლის ვართ თუ არა ბრძოლისუნარიანები, რა მოცულობის ენერგია გვაქვს, შეგვიძლია თუ არა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ და ჩვენ ვერ დაგვიპყრობენ, ვერ მოგვერევიან. მხოლოდ ამ შემთხევაში გავიმარჯვებთ და აუცილებლად, გადავრჩებით.