ჩინეთის როლი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში

ავტორი: ანა ჩაგელიშვილი

Zifeng Zhang / Unsplash.com

რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ ჩინელი ვიზიტორების მოსაზიდად

სამსახურებრივი მივლინებით ჩინეთში ყოფნისას, ერთ-ერთ მორიგ პროექტზე მომუშავე გუნდის წევრებმა, ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით, ვახშამზე დამპატიჟეს. ვახშმობისას, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩემი წარმოშობით ‒ ვინ ვიყავი და საიდან? პასუხის გასაცემად მოვემზადე და საქართველოს შესახებ უკვე მრავალჯერ ნათქვამი ტექსტის, ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას შევუდექი. ცხადია, ისიც არ გამომრჩენია, რომ Georgia-ში ამერიკის შტატს არ ვგულისხმობდი. უცებ ერთ-ერთ გოგონას სახე გაუბრწყინდა და მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი და განცვიფრებულმა ვკითხე, საიდან იცოდა ჩვენი სამზარეულოს შესახებ? როგორც აღმოჩნდა, პეკინში, საქართველოს საელჩოს გვერდით, ქართული რესტორანია, სადაც პირველად დააგემოვნა ხაჭაპური.

ვახშამზე ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის და, ზოგადად, მოგზაურობის შესახებ. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ისიც კი მითხრა, რომ ჩინეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს უკეთესად გაეცნონ და იმოგზაურონ ევროპაში, გაემგზავრონ ისეთ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი ახლა იწყებს განვითარებას.

საღამოს, სასტუმროში დაბრუნებულმა, გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო, ჩინეთის მთავრობის ამ ინიციატივის შესახებ და ინფორმაციის მოძიება დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, ეს ინიციატივა განაპირობა ჩინეთის ხელისუფლების სურვილმა, წაახალისოს და ინტერესი აღუძრას ადგილობრივ მოსახლეობას მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ. პარალელურად კი, მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტის რისკებზე აფრთხილებს და მოუწოდებს თავი შეიკავონ აშშ-ში მოგზაურობისგან.

მოგეხსენებათ, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა.

სურვილი გამიჩნდა უფრო დეტალურად გამეგო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩინელი ტურისტების როლი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, სად ისვენებენ და რა აინტერესებთ ჩინელ ვიზიტორებს, განაპირობა თუ არა ჩინეთის მთავრობის მოწოდებამ აშშ-ში გამგზავრების მსურველთა რაოდენობის შემცირება და, თუ ეს ასეა, მაშინ რა მიმართულებებს აირჩევენ ისინი მომავალში.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, ჩინეთის ბაზრის პერსპექტივები ძალიან ოპტიმისტურია. მათი პროგნოზით, 2020 წლამდე მსოფლიოში 100 მილიონი ჩინელი ტურისტი იმოგზაურებს. ქვეყნის გარეთ მოგზაური ჩინელი ტურისტების ზრდის ტემპით დავინტერესდი და გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეგო მათგან მიღებული მნიშვნელოვანი დადებითი ეკონომიკური ეფექტის შესახებ.

აღმოჩნდა, რომ 2001 წელს საზღვარგარეთ მხოლოდ 10.5 მილიონმა ჩინელმა იმოგზაურა. 2018 წელს კი ეს ციფრი 149.7 მილიონამდე გაიზარდა, რაც 1326% მატებას ნიშნავს.

The United Nations World Tourism Organisation (UNWTO) მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ჩინელმა ტურისტებმა 277.3 მილიარდი დოლარი დახარჯეს. 2000 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 მილიარდს შეადგენდა.

აქვე, ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი: ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 9% აქვს პასპორტი, ანუ 120 მილიონ ადამიანს. მაშინ როცა, აშშ-ში მოსახლეობის 40% აქვს პასპორტი, ინგლისში კი ‒ 76%-ს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი მსოფლიოში ჩინეთში ცხოვრობს. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში 1.42 მილიარდი ადამიანია.

The China Outbound Tourism Research Institute (COTRI) პროგნოზით, ჩინელი ტურისტების საზღვარგარეთ ვიზიტები გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც 149,7 მილიონს შეადგენდა, 2030 წლისთვის 400 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. (UNWTO) მონაცემებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს საერთაშორისო ვიზიტები 1.8 მილიარდამდე გაიზრდება და ჩინელი ტურისტების წილი თითქმის ნახევარს მიაღწევს.

ჩინეთის გამყვანი ტურიზმის ასეთ სწრაფ ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი: ესაა მაღალი შემოსავალი, გრძელ, უფრო შორეულ დისტანციაზე მოგზაურობის გამოცდილების მიღება, ასევე ინტერნეტ წვდომა ტურიზმის შესახებ ინფორმაციაზე და უფრო მეტი საერთაშორისო ფრენები ჩინეთიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთთან სავიზო პოლიტიკა უკვე 66 ქვეყანამ გაამარტივა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩინელი ტურისტების მოგზაურობა ამ ქვეყნებში.

Jamie Street / Unsplash.com

რა ინტერესები აქვთ ჩინელ ტურისტებს?

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ჩინელი ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებული ქვეყნებია: ტაილანდი, იაპონია, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა და სინგაპური. აზიის მიღმა კი, ამერიკა და იტალია.

Nielsen and Alipay-ის გამოკითხვის თანახმად, ჩინელი მოგზაურები მეტ თანხას უფრო გრძელ დისტანციაზე გამგზავრებისას ხარჯავენ. მაგალითად, ამერიკაში ისინი საშუალოდ $4,462 ხარჯავენ Hong Kong-ში კი ‒ $2,487. 2017 წლის მონაცემებით, ჩინელმა ტურისტმა საშუალოდ $5,565 დახარჯა.

საყურადღებოა ისიც, რომ ეს თანხა ძირითადად იხარჯება ახალი, სიღმისეული ტურისტული გამოცდილებების მიღებაში. Oliver Wyman-ის მონაცემების თანახმად, უტყუარი ტურისტული გამოცდილების მიღება მოგზაურობის უმთავრესი მიზეზია. თუ 2016 წელს ჩინეთის გამყვანი ტურიზმის დანახარჯების ყველაზე დიდ კატეგორიას შოპინგი წარმოადგენდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 41 პროცენტამდე დაეცა.

MacKinsey&Company-ის ცნობით, ბევრი მითი და მცდარი მოსაზრება არსებობს ჩინეთის გამყვანი ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ. მის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა ის მცდარი წარმოდგენები, რომლებიც ტურისტულმა სააგენტოებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა ბევრად უკეთესად მოემსახურონ მოგზაურთა ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორიც ჩინელი ტურისტია.

ყველაფერი ადგილობრივი საინტერესოა

MacKinsey&Company-ის გამოკითხვის თანახმად, ჩინელი ვიზიტორების 61% სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ღირსშესანიშნაობების დათვალიერების ნაცვლად, ინტერესდება ადგილობრივი მოსახლეობის კულტურით, ისტორიით, ტრადიციული სამზარეულოთი და ირჩევს არაპოპულარულ, ბევრისთვის უცნობ მარშრუტებს. გამოკითხულთა 70%-სთვის არჩევანის გაკეთებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დასვენების მიზნით მოგზაურობა. მაგალითად, ჩინელი ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ, ამჯობინებენ ქაოტური, სტრესული და დაბინძურებული ქალაქებისგან შორს წასვლას.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა მოგზაურები უფრო თავდაჯერებულები არიან და ახალი თავგადასავლების საძიებლად, ირჩევენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა აფრიკა და შუა აღმოსავლეთი.

ტურებზე მოთხოვნა იზრდება

კვლევის თანახმად, ტურისტული პროდუქტის/მომსახურების პაკეტის პოპულარობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვიზიტორთა ასაკზე. მაგ. 20-დან 24 წლამდე ასაკის მოგზაურთა 44% ინტერესდება ისეთი ტურისტული მომსახურების პაკეტით, როდესაც სასტუმროში განთავსების შემდეგ, თავად წყვეტენ და გეგმავენ ექსკურსიებსა და ლაშქრობებს, კვებისა და სატრანსპორტო მომსახურების საკითხებს, მაშინ როცა 60 წელს ზევით ასაკის ტურისტებისთვის მსგავსი ტურისტული პაკეტით დაინტერესების მაჩვენებელი 27%-მდე ეცემა.

ტურისტული მომსახურების სრული პაკეტის (განთავსება, კვება, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები და ა.შ.) შეძენით ინტერესდებიან ვიზიტორები, რომლებიც ძირითადად ჯგუფურ, 10-20 კაციანი ტურებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც დაახლოებით 30%-ია. ასეთი ტურისტული პაკეტის შეძენის მსურველთა მაჩვენებელი ახალგაზრდა ვიზიტორთა შორის მხოლოდ ‒ 4%-ია.

MacKinsey&Company-ის ვარაუდით, მომავალში სულ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა ტურისტული სერვისის სრული პაკეტის შეძენაზე, რადგან ჩინელი ტურისტები შორეულ ქვეყნებში იმოგზაურებენ, სადაც ენის ბარიერის გამო, თარჯიმნის და სხვა ხარისხიანი მომსახურების მიღების გარეშე საკმაოდ გაუჭირდებათ.

Touann Gatouillat Vergos / Unsplash.com

იზრდება ინტერესი სხვა ქვეყნების გასტრონომიის მიმართ

ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩინელი ვიზიტორები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან შეისწავლონ მათთვის უცნობი, სხვა ქვეყნების გასტრონომია, კულინარიული პოტენციალი, დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, რაც აქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ ჩინელები მხოლოდ თავიანთ სამზარეულოს ანიჭებენ უპირატესობას.

ვფიქრობ, ტურისტულმა სააგენტოებმა უნდა გაითვალისწინონ ვიზიტორების ინტერესი უნიკალური კერძების მიმართ და ტურისტული მომსახურების პაკეტში დაამატონ ეს კომპონენტი. გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხულთა 34%-თვის მაღალი კლასის რესტორნების არსებობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ეს სოციალური მედიის დამსახურებაც არის, რადგან ტურისტები ახალ გამოცდილებებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის და სხვა სოციალურო ქსელების მეშვეობით უზიარებენ ერთმანეთს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა

გამოკითხვის შედეგად ცხადი გახდა, რომ არასწორი და მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ჩინელი ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტულია ნაღდი ფულით გადახდა. სინამდვილეში, ინფორმაციის მისაღებად და ასევე, ჯავშნების გასაკეთებლად, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ პლატფორმებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს ონლაინ პლატფორმა და არ იყენებს აქტიურად თანამედროვე ტექნოლოგიებს, საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს. ჩინელი ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ჰონგ კონგში, მაკაუში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამჯობინებენ ისეთ ჩინურ პლატფორმებს, როგორიცაა: Ctrip and Mafengwo, მაგრამ ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპაში, ირჩევენ საერთაშორისო პლატფორმებს ‒ Expedia and TripAdvisor.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 45 წელზე ნაკლები ასაკის მოგზაურები უპირატესობას ანიჭებენ გადახდის ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Alipay and WeChat Pay. თუ გავითვალისწილებთ, რომ ეს ასაკობრივი კატეგორია ასევე ირჩევს Apple Pay, UnionPay, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადახდის ტრადიციული საშუალებები აღარ იქნება საკმარისი მომდევნო წლებში.

Donald Tang / Unsplash.com

ოჯახისა და მეგობრების რჩევების გათვალისწინება

საინტერესოა ისიც, რომ ტურისტული სააგენტოების რეკომენდაციებზე მეტად, ჩინელი ვიზიტორები ითვალისწინებენ მეგობრების, ოჯახის წევრების ტურისტულ გამოცდილებას. რაც ეწინააღმდეგება მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინელი ტურისტები ძირითადად გადაწყვეტილებებს იღებენ ტურისტული სააგენტოებისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩინელი ტურისტების 57% საჭირო, სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად მეგობრებს და ოჯახის წევრებს მიმართავს.

კიდევ უფრო მეტი, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩინეთიდან სინგაპურში დაბრუნებულმა ინტერვიუზე დავითანხმე ცნობილი სასტუმროების ქსელის Sofitel-ის სინგაპურის ფილიალის შემოსავლების სამსახურის მენეჯერი დარია საჩუკი (Daryia Sachyk), რათა უკეთ გამეგო, რა ხერხებით ცდილობდა ის სასტუმროს შემოსავლების გაზრდასა და ახალი კლიენტურის მოზიდვას.

მისი თქმით, ვიზიტორებს ჩინეთიდან, უპირველეს ყოვლისა, მოსწონთ ექსკლუზიურობა. ისინი ინტერესდებიან იმ ადგილებით, სადაც საკმაოდ რთულია მოხვედრა და ამის მიხედვით გეგმავენ ექსკურსიებსა და ლაშქრობებს, ირჩევენ რესტორნებს, სადაც ჯავშანი რამდენიმე თვით ადრე უნდა გაკეთდეს და შემდეგ, სოციალური ქსელების მეშვეობით, საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ. ეს მათ სტატუსს ამაღლებს. სტატუსი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთში. მათ საკრედიტო რეიტინგიც კი აქვთ, რომელიც Alipay-ს ნაწილია. კრედიტ რეიტინგი კი დამოკიდებულია ფინანსურ შემოსავალზე, პროფესიაზე, პოზიციაზე და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამეგობრო წრეზეც კი.

თუ ჩინეთის მოქალაქეს, მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს, მაშინ მათთვის საკმაოდ ადვილია საბანკო სექტორთან ურთიერთობა ‒ კრედიტის აღება, მანქანის ყიდვა ან ქირაობა, სახლის შეძენა. ასევე ეს ფაქტორი ზეგავლენას ახდენს უცხო ქვეყნის ვიზის მიღებაზე. უფრო მეტიც, მას ახალგაზრდები ითვალისწინებენ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღებისას.

ინტერვიუს დროს, ჩემთან საუბარში, დარიამ ვიზიტორთა პერსონალიზაციის ფაქტორსაც გაუსვა ხაზი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პერსონალიზაციის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო სასტუმრო მომსახურების სფეროში, არამედ ჩვენთვისაც, ელექტრონულ კომერციაში. ჩინელი მომხმარებლები ძალიან განსხვავდებიან სხვებისგან ‒ მათ უნდათ რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა იცოდნენ, რა მოსწონთ მათ და რას ანიჭებენ უპირატესობას. არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, თუ კომპანიები ვიზიტორთა ინტერესების ამოცნობის მიზნით, მათზე ინფორმაციას შეაგროვებენ. მაგალითად, კომპანია „Alibaba“ მალე გამოაქვეყნებს Tmall-ის ახალ ვერსიას, Tmal 2.0. რომლის დახმარებითაც მომხმარებელი დაინახავს მხოლოდ იმას, რაც მათ აინტერესებთ. ეს კი დამოკიდებული იქნება უკვე შეძენილი პროდუქციის „მეგობრებისთვის“ გაზიარებაზე.

ჩინელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ, როცა განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით სარგებლობენ.

მაგალითად, თუ მათ სურთ იმ რესტორანში დასხდნენ, სადაც ყველა მაგიდა დაკავებულია და რესტორნის მენეჯერი შეძლებს მაგიდის გათავისუფლებას მათთვის, მაშინ „გაგიჩნდა კლიენტი მთელი ცხოვრების მანძილზე“, ‒ ამბობს დარია.

მისი დაკვირვებით, ჩინელი ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილება იყოს “digitally cool” ან უფრო ცნობილი ტერმინი “Instagramable”. ანუ, ის რაც სურათზე ლამაზად გამოჩნდება და პოპულარობას დაიმსახურებს სოციალურ ქსელებში. Sofitelis სასტუმროს მენეჯმენტი ჩინელი მომხმარებლისთვის რეკლამის განსათავსებლად იყენებს http://www.ctrip.com/, რომელიც https://www.booking.com/ ანალოგია ჩინეთში.

Yu Kato / Unsplash.com

რა პროცესები გამოიწვია ჩინელი ტურისტების რაოდენობის შემცირებამ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პირობებში?

ჩინეთში ძალიან დიდია აშშ-ში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა, მაგრამ სავაჭრო ომის გამწვავების პერიოდში საკმაოდ შემცირდა ჩინელი ტურისტების რიცხვი ამერიკაში, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. იმის გამო, რომ სხვა ვიზიტორებთან შედარებით, ჩინელი ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავენ, აშშ-ს ნამდვილად დააზარალებს დაკარგული შემოსავალი.

აშშ, გარკვეულწილად, დამოკიდებული გახდა 36.2$ მილიარდ დოლარზე, რომელიც შემოდიოდა ჩინელი ტურისტების დამსახურებით. ბანკ “America Merrill Lynch”-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ამ შემოსავლებმა შეიძლება 50%-იანი კლება განიცადოს, რაც შემოსავლების 18$ მილიარდი დოლარით შემცირებას ნიშნავს.

ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ექსპერტები შიშობენ, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები დააზარალებს არა მარტო ავიახაზებს, სასტუმროებსა და რესტორნებს, ასევე აისახება მაღალი დონის სავაჭრო ობიექტების გასართობი ცენტრებისა და კაზინოების შემოსავლებზე.

რასაც ადასტურებს Tiffany & Co.-ს გენერალური დირექტორი, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს კომპანიის გაყიდვების დაცემასთან დაკავშირებით და მიზეზად ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას ასახელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩინელი ტურისტები აღარ გეგმავენ ამერიკაში გამგზავრებას. გასულ წელს, ჩინეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა აშშ-ში გახშირებული სროლის, ქურდობის, ყაჩაღობის შემთხვევების, სამედიცინო მომსახურების მაღალი ფასების შესახებ და მოუწოდა მოქალაქეებს თავი შეიკავონ აშშ-ში ვიზიტისგან. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში შემცირდა ჩინელ ვიზიტორთა რაოდენობა, ჩინეთის, შეიძლება ითქვას, გაურკვეველი ეკონომიკური მომავალია, რომლის გამოც ჩინელი ტურისტები ირჩევენ ქვეყნებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

ჩინეთიდან გამყვანი ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს 56% დამსვენებლებისა გავიდნენ ჰონგ კონგში, მაკაუში და ტაივანში, რაც 2017 წელს 50% შეადგენდა. ხოლო ისინი, ვინც ამჯობინებენ უფრო შორს მანძილზე მოგზაურობას, ირჩევენ ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებს, როგორიცაა ხორვატია, მაროკო და ნეპალი.

უკანასკნელ პერიოდში, აშშ ცდილობს დაიბრუნოს ჩინელი ტურისტების ინტერესი, ბევრს ფიქრობენ, როგორ გაუადვილონ და დაეხმარონ ჩინელ ტურისტებს იმოგზაურონ ამერიკაში. რამდენიმე კრეატიული იდეა მათ უკვე განახორციელეს. მაგალითად, მანჰეტენის „ლაქშერი“ ბუტიკები და მაღაზიები ჩაერთვნენ პირდაპირი თარგმანის აპლიკაციაში “Jeenie”, სარგებლობენ გადახდის ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ჩინური Alipay და WeChat Pay. ასევე, ვაშინგტონი გახდა პირველი ამერიკული ქალაქი, რომელმაც WeChat-ისთვის შექმნა ინტერაქტიული რუკა, რომელსაც ჩინელი ტურისტები იყენებენ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, რესტორნებსა თუ სავაჭრო ცენტრების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, აუდიო ტურებისთვის ჩინურ ენაზე.

რა მიმართულებებს აირჩევენ ჩინელი ტურისტები მომავალში?

ამ სფეროს ექსპერტთა ვარაუდით, ევროპა და ნაკლებად ათვისებული ადგილები ბევრად პოპულარული გახდება ჩინელი ტურისტებისთვის. განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და ხედებით, გემრიელი სამზარეულოთი და სუფთა ჰაერით. ვფიქრობ, საქართველო სრულებით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

არსებობს ვარაუდი, რომ პეკინში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადის გამო, რომელიც 2022 წელს იგეგმება, მათი ინტერესი გაიზრდება სხვა ქვეყნების ზამთრის კურორტების მიმართ. თუ საქართველო ფართომასშტაბიან მარკეტინგულ კამპანიას განახორციელებს, ჩვენ შევძლებთ ბაკურიანში, გუდაურსა თუ მესტიაში ვუმასპინძლოთ ჩინელ ვიზიტორებს. მით უმეტეს, როცა საქართველოში უკვე ამოქმედდა ელექტრონული ვიზის პორტალი და გარდა ამისა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ იმ ჩინელ ტურისტებს, რომელთაც ევროკავშირის, აშშ-ს, OECD-ს და GULF-ის ქვეყნების მოქმედი ვიზა აქვთ.

ჩინელი ტურისტები უამრავ შესაძლებლობებს აძლევენ ტურისტულ სფეროში მომუშავე კომპანიებს. ჩემი აზრით, ძალზედ ოპერატიულად უნდა დაიგეგმოს საქართველოში მათ მოსაზიდად განსახორციელებელი ეფექტური ღონისძიებები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად მით უფრო, როცა ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია.

მე კი, ისევ გავაგრძელებ კამპანიას #SpendYourAutumninGeorgia და #SpendYourWinterinGeorgia, რომელიც, როგორც ვიცი, 4 სეზონიანი გახდა. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირი ხერხით, გავზარდო საქართველოს ცნობადობა და ჩემს უცხოელ მეგობრებსა და კოლეგებს უფრო ბევრი ვესაუბრო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.