შენ ეს შეგიძლია!

ინტერვიუ ნინო ჭედიასთან.

ავტორი: თამარა კაჭახიძე

ასოცირებული პროფესორი ნინო ჭედია არის ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford) მაგისტრი, სტრატეგიული მართვის, ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის მიმართულებით. ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით MBA, არის კავკასიის ბიზნესის სკოლის  ბაკალავრი მარკეტინგში BBA, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის ბაკალავრი ეკონომიკურ ინფორმატიკაში. სწავლობდა მართვას ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესის სკოლაში IEDC-ბლედის მართვის სკოლაში, სლოვენიაში. არის ამავე სკოლის ალუმნის კლუბის პრეზიდენტი საქართველოში. ნინო არის ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს ალუმნის კლუბის წევრი და ოქსფორდისა და საქართველოს ასოციაციის წევრი. 8 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა ბიზნეს სკოლაში, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საფინანსო სექტორში მოწინავე პოზიციებზე მუშაობის 16-წლიანი გამოცდილებით, დღეს სადაზღვევო კომპანია „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.

მისთვის ღირსება და ღირებულებები განსაზღვრავს ნამდვილ ლიდერს. ლიდერი არის ის, ვისაც ჰყავს ფოლოვერი, ვინც სწორ საქმეს აკეთებს, შეუძლია ცვლილებების მართვა და გუნდს მუდმივად ამოტივირებს. როგორც ლიდერი მართვის Visionary სტილს იყენებს, არის ქოუჩი და სჯერა, რომ ემოციური ინტელექტი ლიდერის განუყოფელი „თვისებაა“ და ერთ-ერთია, რაც მენეჯერსა და ლიდერს განასხვავებს. მისი მიზანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრება, ახალგაზრდა თაობისთვის მოტივაციის ზრდა და ხარისხიანი განათლების პოპულარიზაცია.

დავიწყოთ სკოლით. თქვენ სწავლობდით საჯარო სკოლაში. ახლანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით ამ გამოცდილებას, და თვლით თუ არა, რომ ზოგადად, კარიერულ წარმატებაში სკოლა, როგორც  საგანმანათლებლო და სოციალიზაციის დაწესებულება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს?

სკოლა ძალიან კარგად მახსენდება, გამორჩეული და ყურადღებიანი მასწავლებლებით, გუნდური მეგობრებით. ეს არის პირველი გამოწვევა, რომელშიც თვითგადარჩენის წესებია და მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეძლებ საკუთარი თავის წარმოჩენას. სკოლის წლებში იყო სკოლის ლიდერის არჩევნები, ახალგაზრდული პარლამენტი, კონკურსში ჩემი ერთი კლასელიც იღებდა მონაწილეობას, ჩვენ გავერთიანდით და  სწორედ ასე გავიმარჯვე.

თქვენ აირჩიეთ ბიზნესი. რამ განაპირობა თქვენი ასეთი არჩევანი და როგორი იყო თქვენი პრიორიტეტები უნივერსიტეტების შერჩევისას?

სკოლის ბოლო წლებში, როგორც აღვნიშნე იყო ახალგაზრდული პარლამენტი, მაშინ ძალიან მინდოდა ქვეყნისათვის სასარგებლოდ მომეხადა ჩემი ვალი. ჩემი წვლილი შემეტანა ამ პროცესში, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ აქ მოგვიანებით უნდა მოხვიდე, ჯერ გახდე პროფესიონალი, შექმნა შენი თავი, სწორედ ასე დაიწყო ბიზნესის ადმინისტრირება. ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ წამყვანი ბიზნეს სკოლის ლექტორები – „როლ მოდელები“. მეც მინდოდა რომ მათნაირი გავმხდარიყავი, ამიტომ ჩავაბარე და სწავლა განვაგრძე კავკასიის ბიზნეს სკოლაში და პარალელურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – ასე დაიწყო ჩემი ბაკალავრიატის გზა, რომელმაც მაგისტრობამდე, ხოლო ახლა ოქსფორდამდეც მიმიყვანა.

თქვენ ხართ ოქსფორდის ბიზნეს სკოლის “Alumni”. რა ფუნდამენტური სხვაობაა ქართულ და უცხოურ საგანამანათლებლო სისტემებს შორის?

განსხვავებული აქცენტებია, ფართო ხედვა. სწავლობ იმას, რაც შენს ირგვლივ ხდება და გჭირდება. როდესაც გინდა იყო წარმატებული ლიდერი, იმისათვის, რომ დაინახო მარკეტინგი, როგორც ინვესტიცია და არა ხარჯი, შენ უნდა ისწავლო მარკეტინგი; იმისათვის, რომ ფინანსური ინფორმაციის სწორი ანალიზის უნარი გქონდეს, უნდა ისწავლო ფინანსები; ხოლო იმისთვის, რომ კარგი გუნდი გყავდეს, უნდა გახდე კარგი მენეჯერი და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრო ლიდერობაზე. ეს იქ იციან და გასწავლიან როგორ შეაჯამო და გამოიყენო სტრატეგიულად.

გადავწყვიტე, ბაკალავრზე მარკეტინგი მესწავლა და ასევე ეკონომიკაც, რათა ეკონომიკური განათლება და ტექნიკური ბაზა მქონოდა. შემდეგ ფინანსებით დავბრუნდი MBA-ზე, ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მივყევი წინასწარ დაგეგმილ სტრატეგიას. ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. უნივერსიტეტში სწავლისას საუკეთესო ლექტორები მყავდა IEDC – Bled School of Management-ში, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მართვის სკოლაში, რომელშიც მენეჯერების გადამზადება ხდება, პირადად პრეზიდენტის მოწვევით მოვხვდი. დაფინანსება მივიღე და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორის ხელმძღვანელობით მენეჯმენტი ვისწავლე. ცხადია, ეს ცოდნა მოგვიანებით პრაქტიკაში გადავიტანე, და ჩემეული განსხვავებული მიდგომა შევიმუშავე. რადგან ღრმად მწამს, მმართველ პოზიციაზე ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს სხვა ხალხის და მათი ოჯახების მიმართ. ის კულტურა და მართვის სტილი რომლითაც იხელმძღვანელებს, ზემოქმედებს არა მხოლოდ კომპანიის წარმატებაზე, არამედ თითოეული გუნდის წევრის ოჯახზე. შესაბამისად, უნდა იცოდე და ბევრი იმუშაო შენს თავზე, რათა კარგი მენეჯერი და გამორჩეული, ნამდვილი ლიდერი იყო. თუ იპოვით ლიდერს, რომელიც ამავდროულად კარგი მენეჯერია – ხელი არასოდეს გაუშვათ.

ამის შემდეგ მოვიდა ოქსფორდი. სწორედ აქ ვიპოვე პასუხები რაც იქამდე ღია იყო. ვისწავლე სტრატეგიული მართვა, ცვლილებები, ორგანიზაციული კულტურა, რომელიც არაერთი მოწინავე კომპანიისთვის შევქმენით, მივიღე ბევრი ისეთი გამოცდილება, რომლის გამოყენებაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა 21-ე საუკუნის მსოფლიოს ფეხი აუწყო. განსაკუთრებით მინდა ამ გამოცდილების საქართველოს რეალობაში გამოყენება.

ყველაზე მთავარი, რაც ოქსფორდში შევიძინე არის ის ღირებულებები და ღირსეული ხალხი, ვინც ჩემი ჯგუფელი და ძალიან ახლობელი ხალხია. გუნდურობა და ერთმანეთის გატანა, თამამად ვიტყვი, მე იქ ვნახე და მათგან ვისწავლე. ის კავშირები, რომელიც ოქსფორდმა მომცა დღეს მეხმარება საქართველოსთვის გამოვიყენო და ერთგვარი საკონტაქტო ჰაბიც გავხდე. მაგალითად, ინფორმაციისა და საჭირო საგანმანათებლო რესურსის მოძიებაში.

თქვენი აზრით, რა არის დღეს ქართული განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა და როგორია მათი გადაწყვეტის თქვენეული ხედვა?

სწორედ ახალგაზრდა თაობა ქმნის უკეთეს მომავალს, მათ კი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება უნდა გავუზიაროთ. ხარისხიანი განათლება არ არის იაფი, არც ადვილად ხელმისაწვდომი. ამის გარეშე კი უკეთეს გარემოს ჩვენ ვერ შევქმნით.

როგორია უნივერსიტეტიდან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გარდაქმნის თქვენეული სტილი?

სხვადასხვა მიმართულების სწავლა გაძლევს საშუალებას გქონდეს ფართო ხედვა და იაზროვნო Out of Box. დანერგო შენი მართვის სტილი. როგორც მენეჯერი და ლიდერი, ვფიქრობ გუნდის წევრებმა  და ერთად მიღწეულმა შედეგებმა უნდა შეგვაფასოს. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა გუნდში ადამიანი, რომელიც მოსულა, რადგან ჩემს გვერდით უნდოდა მუშაობა – ეს ყველაზე დიდი დაფასება შეიძება იყოს ადამიანისთვის და მოტივაცია იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი პროფესიონალი გახდე.

როდესაც შენ სწავლობ მართვას – შენ სწავლობ გუნდის შეკრებას, მოტივაციას. ინტუიცია არასოდეს მღალატობს და კადრებს ყოველთვის სწორად ვარჩევ. ჩემი გუნდის წევრები წინ მიდიან, გამორჩეულები ხდებიან. ამას ცოდნა უნდა. კარგია როდესაც ბევრ ინფორმაციას ფლობ და შენეულ სტილის სწორ მიდგომას აყალიბებ თითოეული გუნდის წევრთან. ვიცი თითოეულის გამოცდილება, სივი, მისწრაფებები, მიზნები და არაერთხელ გამიღვივებია ის ძლიერი მხარე, რომელიც თამამად ვიტყვი, ჩემი აღმოჩენილი იყო. არსებობს ასეთი ტერმინი Leading with LUV, რაც ჩემთვის გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანზე, ვისთან ერთადაც ერთ საქმეს აკეთებ, უნდა იზრუნო, გიყვარდეს და აფასებდე. ზერელედ და ზედაპირულად ურთიერთობა ჩემი სტილი არ არის. სწორედ ეს არის ჩემთვის წარმატებული გუნდის მართვის ფორმულა.

დაზღვევამდე საბანკო სექტორში მოწინავე პოზიციებზე 16-წლიანი გამოცდილება გაქვთ. რა იყო თქვენთვის ყველაზე ღირებული მიღწევა?

ყოველთვის ყველაზე ღირებულია, როდესაც შენით აღწევ წარმატებას. საკუთარი ძალებით პირველად 19 წლის ასაკში გავხდი უფროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, ერთ-ერთ ლიდერ ბანკში.  ვთვლი, რომ ყველა ეტაპზე მიღწეული წარმატება უნდა დააფასო.

ბანკის ყველა მიმართულებით ვიმუშავე, ჩემი სიტყვა ვთქვი, ხშირად მქონდა საზღვარგარეთ მივლინებები და საერთაშორისო პრაქტიკას ვეცნობოდი. შემდგომ იგივეს ვნერგავდით საქართველოში და ეს ცხადია, ძალიან საინტერესოა.

თვითმოტივაციის დიდი რესურსი მაქვს და როდესაც მიზანს ვისახავ,  ზუსტად ვიცი, რომ მე ეს შემიძლია, მაქვს ამისი უნარები, მჯერა და თავს ვუძღვნი. I have skills, dedication and I really realluy want it!

ბიზნესი მეტწილად კაცების მიერ დომინირებული სფეროა. რა სირთულეების გადალახვა უწევთ ქალებს ამ სფეროში თვითდამკვიდრებისთვის და როგორია თქვენი გამოცდილება?

მე და ჩემს ირგვლივ მყოფი ღირსეული ხალხი ვქმნით გარემოს, რომელშიც საზოგადოება არც სქესის, არც რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით არ გამოყოფს ადამიანებს, მაგრამ სამწუხაროდ სტერეოტიპები მანდილოსნებთან მიმართებით მართლაც არსებობს და ჩვენ ისინი სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომით და მაგალითით უნდა დავანგრიოთ. გამოცდილების გაზიარებით, ხელშეწყობით ერთმანეთის გაძლიერებითა და განათლებით.

რამდენად მნიშვნელოვანია მასშტაბური სოციალური თუ ფინანსური კაპიტალის მქონე ადამიანებმა და კომპანიებმა სოციალური პასუხიმგებლობა აიღონ და ქალთა გაძლიერების პროცესში ჩაერთონ?

ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. მე არ ვღალატობ ჩემს ღირებულელებს, მანდილოსნების გაძლიერებაზე ყოველთვის ვზრუნავ. ჩვენ უამრავი პასუხიმგებლობა გვაკისრია, იქნება ეს მომავალი თაობის აღზრდა თუ კარიერული და ოჯახური საქმიანობის შეთავსება. რაც უფრო მეტად განათლებულები იქნებიან ქალები, ექნებათ მეტი ინფორმაცია, და იქნებიან ძლიერები, მით უფრო სწორი ღირებულებების მატარებელი გახდება მომავალი თაობაც და ქვეყანაც და არსებული სტერეოტიპებიც ნაკლებად იარსებებს.

რა რეკომენდაციას მისცემდით ახალგაზრდებს, რომელთაც ბიზნეს სექტორში სურთ თავის დამკვიდრება?

რაც მალე განსაზღვრავ რა გინდა და გზაში სწორ მოდიფიცირებას გააკეთებ, მით მალე მიაღწევ მიზანს. მომავლის დაგეგმვის დროს კი გამოცდილი ხალხი – მენტორები გვჭირდება. მოსმენას თუ მალე ისწავლიან, მით უკეთესია. გაიზიარონ მეორე მხარის არგუმენტი. ის, ვინც ამას შეძლებს, ის არის ლიდერი და ბევრად წარმატებული იქნება. ყოველთვის ვამბობ, რომ სწორი და არასწორი გადაწყვეტილება არ არსებობს, სწორია ის, რომელსაც მივყვებით და საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რისიც გვჯერა. ლიდერობაც სწორედ ეს არის, უსმინო, ჩამოაყალიბო და შემდეგ მთელი რესურსით იმუშაო იმ მიზანზე, რომელსაც ძლიერი და ღირსეული გუნდით მიაღწევ.