ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ, განაცხადა, რომ განახლებულმა კონფლიქტმა მის მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, შორის, შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონალური ომი გამოიწვიოს.
Photo via Getty Images
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ განახლებულ სამხედრო დაპირისპირების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ რეგიონში სტაბილურობის აღდგენის იმედი გამოთქვა.
„ყურადღება უნდა მივაქციოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტს, რათა ის მთელ რეგიონში არ გავრცელდეს. ჩვენ მშვიდობისათვის ვშრომობთ, ამიტომ რეგიონში სტაბილურობის დაბრუნება სწორედ მშვიდობიანი გზით გვსურს.“
პრეზიდენტის განცხადება, ასევე, ეხმიანებოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული კონფლიქტის გამო რამდენიმე მიზანს აცდენილი ჭურვი და რაკეტა ირანის ტერიტორიაზე მოხვდა, კონკრეტულად კი იმ სოფლებს, რომლებსაც ჩრდილოეთით მთიანი ყარაბაღი ესაზღვრებათ. პრეზიდენტმა რუჰანიმ განაცხადა, რომ ამას სრულიად დაუშვებლად მიიჩნევს და ასეთ დაძაბულ დროს ირანული ქალაქებისა და სოფლების უსაფრთხოება ხელისუფლების პრიორიტეტია.
ირანული საზღვრების დაცვის მეთაურმა, ქასემ რეზაიმ, პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხურ-აზერბაიჯანული არტილერიის რამდენიმე მიზანს აცდენილი იარაღი ირანის ტერიტორიაზე მართლაც მოხვდა, თუმცა ირანის მესაზღვრეები სიტუაციის შესაბამისად განლაგდნენ და სახიფათო ტერიტორიას აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებები მთიანი ყარაბაღის გამო 27 სექტემბერს განახლდა.