ქალი, რომელიც ჩინეთში Starbucks-ის წარმატების უკან დგას

ბოლო წლებია, რაც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკულ ყავის ბრენდს Starbucks-ს მსოფლიოს ბაზარზე არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მაჩვენებლები აქვს, რაც ინვესტორების იმედგაცრუებას იწვევს. თუმცა, აზიის რეგიონში, განსაკუთრებით კი ჩინეთში სხვა მდგომარეობაა. ჩინეთის ბაზარზე Starbucks-ის გაყიდვები 2017 წლის ბოლო კვარტალში 18%-ით გაიზარდა და 771 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოგება 29%-მდე გაიზარდა, რამაც 163 მილონი აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით კომპანია 2500 მაღაზიას მართავს, რაც Starbuck-ის მსოფლიო ფილიალების 10%-ია. ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად ითვლება ამერიკული კომპანიისთვის. სტარბაქსი 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით კაფეების გაორმაგებას გეგმავს, რაც ჯამში, 5000 სავაჭრო ობიექტის მოღვაწეობას ჩინეთის 200 სხვადსხვა ქალაქში გულისხმობს. ჩინეთის ბაზარზე სტარბაქსის დიდი წარმატების უკან ჰონგ-კონგელი ბელინდა ვონგი დგას.


(ფოტო: Forbes)

ვონგი ჩინეთის Starbucks-ის აღმასრულებელ დირექტორად, ამავე კომპანიაში 16 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2016 წელს დაინიშნა. კომპანიაში ბევრი წარმატებული რეფორმა სწორედ ვონგს უკავშირდება. მისი ინიციატივით შეიქმნა სტარბაქსის საუნივერსიტეტო პროგრამა ჩინეთში, რომელიც თანამშრომლების განვითარებაზეა ორიენტირებული. ვონგის მმართველობის პერიოდში დაინერგა პროგრამა, რომელიც კომპანიაში სრულ განაკვეთზე მომუშავე ბარისტებისა და ცვლის ზედამხედველებისათვის საცხოვრებელი  ხარჯებს 50%-ით ასუბსიდირებს, რათა თანამშრომლებმა თავისუფლად შეძლონ მუშაობასთან ერთად ღირსეული ცხოვრებაც. ასევე მანვე დაარსა “პარტნიორთა ოჯახების ფორუმი”, იმის აღსანიშნავად, რომ Starbucks-ი აფასებს საკუთარ თანამშრომლებს და მათ მშობლებს. ვონგისვე ინიციატივით კომპანია საკუთარი თანამშრომლების მშობლების ჯანმრთელობასაც აზღვევს.

“ჩინეთში ოჯახი ყველაფერია. ის ჩვენს გულებში დიდ ადგილს იკავებს” – ბელინდა ვონგი

მისი თქმით მან დიდი ხანია იპოვა ის მიზანი, რასაც ემსახურება.

“მე აქ ვარ, რომ ვიზრუნო ჩემს ხალხზე – Starbucks-ის 10,000, 20,000, 30,000, 40,000 თანამშრომელზე, ანუ პარტნიორებზე, დავეხმარო არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახებს.” – ვონგი


(ფოტო: Starbucks Stories)

ვონგის ამ მიდგომებმა ჩინეთის ბაზარზე საოცარი შედეგები მოიტანა. “მე ყოველდღე უნდა დავაწინაურო მაღაზიის მენეჯერი, ყოველ კვირას უნდა დავაწინაურო რაიონის მენეჯერი, კვარტალში ერთხელ კი რეგიონის მენეჯერი” რადგან მისი აზრით, სწორედ კომპანიის თანამშრომლების მოტივაციაა ის გასაღები, რასაც კომპანიის წარმატება მოაქვს მთლიანად ქვეყნაში.

ამა და სხვა წარმატებებისთვის ვონგი ჩინეთის Forbes-ის ტოპ BusinessWomen-ის სიაში 37-ე ადგილს იკავებს.  Foreign Policy-მ  ვონგი 50 ადამიანიდან ერთ-ერთად დაასახელა, რომელიც აშშ – ჩინეთის ურთიერთობების მომავალს აყალიბებს. ვონგი ჩინეთში  სტარბაქს შანხაიდან მეთვალყურეობს, რომელიც Starbucks-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ითვლება, სწორედ ამ ქალაქშია მსოფლიოში Starbucks-ის ყველაზე მეტი, 500 კაფე-მაღაზია.

წყაროები: Forbes; Starbucks Stories