ფაშინიანმა ყარაბაღში ომის შეწყვეტაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა, სომხეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ყარაბაღში ბრძოლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელის საშუალებით ხალხს მიმართა და ხელშეკრულების შესახებ აუწყა. მისი თქმით, „განცხადების ტექსტი წარმოუდგენლად მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის.“

Photo via BBC news

დაპირისპირებულ მხარეებსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, ყოველგვარი საომარი მოქმედება შეწყდება.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმების მესამე პუნქტის მიხედვით, „მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და ლაჩინის დერეფნის ფასწრივ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.“

ამავე ხელშეკრულების მეოთხე პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტიგენტს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში შეეძლება ავტომატური გახანგრძლივებით შემდეგი 5 წლის განმავლობაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების შეწყვეტის განზრახვას ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე.

სომხეთის პრემიერ მინისტრის განცხადებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსახლეობა უკმაყოფილებით შეხვდა. გვიან ღამით ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთა ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. მომდევნო საათებში მოქალაქეებმა სომხეთის პარლამენტის შენობაც დაიკავეს. დემონსტრანტებმა პარლამენტის ტრიბუნა აიღეს და ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება მოითხოვეს.
ამჟამად ნიკოლ ფაშინიანის ადგილმდებარეობა უცნობია. ფეისბუქის ბოლო live-მიმართვაში პრემიერმა განაცხადა, რომ „სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“, ეს მძიმე გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ანალიზის საფუძველზე იქნა მიღებული და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა.