საქსტატი: 2019 წელს საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 1129.5 ლარი შეადგინა

photo – Micheile Henderson

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა – აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდის ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. მაგალითად, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში ხელფასი 10.7%-ით გაიზარდა და 1 896.0 ლარი შეადგინა, ხოლო მშენებლობაში 5.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 631.1 ლარს გაუტოლდა.

2018 წელთან შედარებით, ხელფასები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში 9.2%-ით შემცირდა და 2 030.2 ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს და, შესაბამისად, 1 361.8  და 869.1 ლარს უტოლდებოდა. გასულ წელს ქალთა ხელფასების წლიური ზრდა 5.7% იყო, ხოლო კაცების – 6.3%.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულთა ანაზღაურებაზე 237.4 ლარით ნაკლები იყო. საქსტატის ცნობით, გასულ წელს 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1%-ით გაიზარდა და 973.7 შეადგინა, ხოლო არასახელმწიფო სექტორში ზრდა 4.1% იყო და ანაზღაურება 1 211.1 ლარს გაუტოლდა.

credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ხოლო რაც შეეხება საშუალო თვიური ხელფასის განაწილებას რეგიონების მიხედვით, აქ თბილისი ლიდერობს და სხვა რეგიონებში აღრიცხულ საშუალო ანაზღაურების ჯამურ მონაცემსაც აღემატება.

Photo credits to: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური