საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტით გაიზარდა და 12.3% შეადგინა.
2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 63.7% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ შრომისუნარიანად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით დასაქმების დონე 0.5 პროცენტითაა შემცირებული, კერძოდ, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი 1.6%-ით არის შემცირებული და დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენს.
საქალაქო დასახლებებთან შედარებით, დაბალია უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში. საქალაქო დასახლებებში, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.3 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3%-ით.
რაც შეეხება სქესის მიხედვით უმუშევრობის დონის გადანაწილებას, ტრადიციულად შედარებით მაღალი მქჩვენებელი, 12.7%, ფიქსირდება კაცებში, ხოლო აქტივობის დონე 2020 წლის მეორე კვარტალში კაცებში 74.1%-ს, ხოლო ქალებში – 54.8%-ს შეადგენს.
2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალებში უმუშევრობის მაჩვემებელი გაზრდილია 1.8%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით. რაც შეეხება კაცებს, გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე, დასაქმების დონე, შესაბამისად – 0.1%-ით და 0.4 პროცენტული პუნქტით.