საქსტატი: საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 17.6%-ით შემცირდა

photo – feedc.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით დაბალი მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წელთან შედარებით ექსპორტი 16.2%-ით, ხოლო იმპორტი 17.9%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.

საქართველოში, როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის უდიდესი წილი დსთ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთია, ხოლო უდიდეს იმპორტიორ ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს.

საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომელიც მთლიანი ექსპორტის 22.3%, შესაბამისად 391.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. შემდგომ მოდის მსუბუქი ავტომობილები და ფეროშენადნობები.

ხოლო უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს – მთლიანი იმპორტს 9.0%, შესაბამისად, 383.4 მლნ. აშშ დოლარი. შემდგომ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მესამე ადგილს კი ნავთობი და ნაბთობპროდუქტები იკავებს.