საქართველოში COVID-19-ით მე-5 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით მე-5 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა.

გარდაცვლილი პირი 68 წლის მამაკაცია ბოლნისის კლასტერიდან. იგი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

“ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც გადავიყვანეთ აპარატზე. პაციენტს მიოკარდიუმისა და გულის უკმარისობის გამო აღენიშნებოდა გართულებები. სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი განვითარდა სეპტიური შოკით და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია,” – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.