საქართველოში დევნილი საუდელი დები Apple-სა და Google-ს მიმართავენ

ოჯახურ ძალადობას გამოქცეული საუდელი დები, ტექნოლოგიურ გიგანტებს – Apple-სა და Google-ს მიმართავენ. დების განცხადებით, საუდის არაბეთში არსებობს “არაადამიანური” აპლიკაცია, რომელიც მამაკაცებს საშუალებას აძლევს, მოგზაურობის დროს, მათი ნათესავი ქალები აკონტროლონ.
მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს სამშობლო და ახლა თავშესაფარს საქართველოში ეძებენ, ამბობენ, რომ საუდის არაბეთში არსებობს მთავრობის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია – “Absher”, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს მამაკაცების კონტროლის არეალს და სერიოზულად არღვევს ქალთა უფლებებს. 
“Absher”, რომელიც ხელმისაწვდომია Apple-სა და Google-ის საუდის არაბეთისთვის განკუთვნილ ონლაინ პლატფორმებზე, მამაკაცებს საშუალებას აძლევს ქალ ნათესავებს განუახლონ, ან გაუუქმონ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა. სამთავრობო ელექტრონული სერვისის დახმარებით, სახელმწიფო საზღვარზე ქალების მიერ პასპორტის გამოყენების შემთხვევაში, მამაკაცები მოკლეტექსტურ შეტყობინებასაც კი იღებენ.
საუდის არაბეთის შსს-ს მიერ შექმნილი უფასო აპლიკაცია “Absher”, საუდელებს საშუალებას აძლევს ონლაინ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების ფართო არჩევანით. მოქალაქეებს შეუძლიათ განაახლონ პასპორტი, ჩაინიშნონ შეხვედრები, შეამოწმონ სატრანსპორტო დარღვევები და მეთვალყურეობა გაუწიონ ნათესავ ქალებს.
საუდელი ქალები მკაცრად კონტროლდებიან მამაკაცებისგან. მათ სამსახურის დასაწყებად, ქორწინების, ან თუნდაც მოგზაურობის სურვილის შემთხვევაში, მამაკაცის თანხმობა ესაჭიროებათ.
დებმა ალ-სუბაიებმა, საკუთარ მამას ტელეფონი მოპარეს, რათა აპლიკაციის საშუალებით პასპორტის გაკეთებისა და სტამბოლში ფრენის უფლება მოეპოვებინათ. მაჰასა და ვაფას თქმით, ისინი იცნობენ ათობით საუდელ გოგონასა და ახალგაზრდა ქალს, რომლებიც გამუდმებით ფიქრობენ ძალადობისგან თავის დაღწევის გზებზე.
ისინი თვლიან, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებს “Absher-ის” აკრძალვით შეუძლიათ, ოდნავ მაინც გაუადვილონ ცხოვრება საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს.
გაერთიანებული ერების ადამიანების უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსის – მიშელ ბაჩელეს განცხადებით, მან მწვავე კითხვებით მიმართა სილიკონ ველის ტექნოლოგიურ კომპანიებს ისეთი საფრთხეების შესახებ, როგორიცაა ქალებისათვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, რასაც აპლიკაცია “Absher”-ის საშუალებით საუდელი მამაკაცები აკეთებენ.
 
“ტექნოლოგიას შეუძლია, და უნდა იყოს ორიენტირებული პროგრესზე, თუმცა საკმარისი შემოწმებებისა და თვალყურის დევნების გარეშე. აგრესიულმა უკონტროლო ძალებმა, შესაძლოა, განუსაზღვრელი ზიანი მიაყენოს ადამიანის უფლებებს” – აღნიშნა მან.
მაჰასას და ვაფას ამ განცხადებას გამოეხმაურნენ უფლებადამცველთა ჯგუფები, დიპლომატები, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც აპლიკაციის ონლაინ პლატფორმებიდან წაშლას მოითხოვენ.