2019 წლის 30 ოქტომბერs, 12 საათი, სასტუმრო „სტამბაში” Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და BENEXT Art & Fashion Foundation-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე და BENEXT-ის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია.
თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციები საუბრების სერიას – Yes! – You Empower Society იწყებენ. საუბრების სერია, რომელიც 2020 წლის გაზაფხულიდან აიღებს სტარტს, გენდერული თანასწორობის, საზიანო პრაქტიკების (ბავშვთა/ადრეული/იძულებითი ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, გოგონებისა და ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. იგი გააერთიანებს როგორც მოდის სამყაროს სახეებს, ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და აქტივისტებს – მათ, ვისაც თანასწორობის სჯერა და ვინც თვლის, რომ გოგონებისა და ქალების უფლებების დაცვა, მათი პოტენციალის რეალიზება, მათში ინვესტირება მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საფუძველია.
Yes! – You Empower Society ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი გენდერული თანასწორობის მიღწევის, საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის და გოგონებისა და ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა. საუბრების სერიის დაწყებით, UNFPA-ს საქართველოს ოფისი და BENEXT Art & Fashion Foundation ქმნიან სრულიად ახალ, უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგის დაწყებას არაერთ მნიშვნელოვან თემაზე და ამ გზით წაახალისებს საზოგადოების მეტ ჩართულობასა და გახსნილობას აქტუალურ და ხშირად ტაბუირებულ საკითხებთან დაკავშირებით, და დაეხმრება პოზიტიურ ცვლილებებს ამ გამოწვევების გადასაჭრელად.