“ერთ ადამიანს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა , მაგრამ თუ არ შევცვლით ჩვენს საკუთარ პატარა სამყაროებს, ცვლილება საერთოდ არ მოხდება”. 1977 წელს კანადელმა გარემოს დაცვის სპეციალისტმა დააარსა ზღვის კონსერვაციის გუშაგთა საზოგადოება (Sea Shepherd Conservation Society). ორგანიზაციის მიზანი ოეკანეებისა და ზღვების შენარჩუნება და დაბინძურებისა და მისი არალეგალური თევზჭრისგან მისი დაცვაა.
საზოგადოებაში გაწევრიანებამდე ყველამ უნდა უპასუხოს შეკითხვას – “ჩადგებოდით თუ არა ვეშაპსა და ჰარპუნს შორის?”.
Წარმოგიდგენთ სამ ქალს, რომელიც გამოწვევაზე თანახმაა:
ევა ჰიდალგო 31 წლის ესპანელი მეცნიერია, რომელიც ზღვის გუშაგი 2010 წელს, სტივ ირვინის რეკომენდაციით გახდა. მან ანტარქტიდაში ათასობით ვეშაპს შეუნარჩუნა სიცოცხლე, 2020 წელს კი ნისკარტიან ვეშაპთა ახალი სახეობაც აღმოაჩინა. იგი აქტიურად მონაწილეობს ზღვის ეკოსისტემის გამოკვლევაში, მათ დაცვასა და მონიტორინგში.
ევას თქმით, გავრცელებული ცრურწმენაა, რომ ეს პრობლემა ზედმეტად დიდია და მისი მოგვარება წარმოუდგენელია. იგი იმ წარმოდგენასაც უარყოფს, რომ ჩვენ არ მიგვიძღვის წვლილი ჭარბ თევზჭერაში, ზღვის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებაში. ახალგაზრდა მეცნიერი გვირჩევს, რომ დახმარების სურვილის შემთხვევაში, უმჯობესია ინფორმაცია მოვიძიოთ საკითხის შესახებ, რათა უკეთ აღვიქვათ პრობლემა და ჩვენი პირადი როლიც მის გადაწყვეტაში.
28 წლის მარ კასარიეგო ზღვის გუშაგთა საზოგადოებაში სამართლისა და ადამიანთა უფლებების სფეროდან მოხვდა. თავისი განათლების წყალობით უკეთ ესმის, თუ რა ხარისხით იცავს საზღვაო ბუნებას ლოკალური კანონმდებლობა. იგი მიიჩნევს, რომ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს ხელეწიფებათ, სამართალის გზით შეუნარჩუნონ ბუნებას ჯანმრთელობა, ამიტომ პოზიტიური ცვლილების პოტენციალს ნათლად ხედავს.
ლამია ესემლალიმ ზღვის კონსერვაციის გუშაგთა საზოგადოებაში 2005 წელს დაიწყო თანამშრომლობა. დღეს იგი გარემოს დაცვის კამპანიებს, ფანდრეიზინგსა და საჯარო გამოსვლებს ხელმძღვანელობს. ასევე, მისი ინიციატივით გაიხსნა ხსენებული ორგანიზაციის ფრანგული ფრთა. ლამია დარდობს, რომ დრო ხელიდან გვეცლება და ზღვის ცხოველებზე ნადირობამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, იმდენად რომ მათი გაქრობის საშიშროება ძალიან მოახლოვდა. ზღვის გუშაგი მოგვიწოდებს კრიტიკული კითხვების დასმისკენ – რა არის და საიდან ხვდება საკვები ჩვენს თეფშებზე? რა გავლენას ვახდენთ გარემოზე? რა იქნება მომავალში?
წყარო: Vogue