რა უბიძგებთ ქალებს, გახდნენ ლიდერები? | ახალი კვლევა

photo – Markus Spiske

რა უბიძგებს ქალებს ლიდერობისკენ? ამ კითხვით თითქმის ყველა რეკრუტერი, ადამიანთა რესურსების მართვის ლიდერი, მრავალფეროვნების ექსპერტი თუ პოლიტიკის სფეროში მოღვაწე კონსულტანტია დაინტერესებული. Green Connections Media-სა და IDS Publishing-ის  მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ, შესაძლოა, ამ კითხვას პასუხი გასცეს. განსკუთრებით კი, ისეთ სფეროში მოღვაწე ქალთა მოტივაციას გაუსვას ხაზი, როგორებიცაა: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია  და მათემატიკა.

კვლევაში ჩართულ ქალებს სთავაზობდნენ კითხვარის შევსებას, რომელსაც „რეისის სამოტივაციო პროფილი“ ეწოდება და მეცნიერულად შემუშავებულ კომპლექსურ ტესტს წარმოადგენს. იგი პროფესორმა სტივენ რეისმა შეიმუშავა და აღწერა თავის წიგნში „ვინ ვარ მე?“, სადაც ავტორი საუბრობს თექვსმეტ ძირითად მოტივზე, რომლებიც გვიბიძგებენ მოქმედებისკენ, განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნებას. კვლევის შედეგად აღნიშნული მოტივებიდან გამოიკვეთა სამი ძირითადი მოტივი, რაც ლიდერ ქალებს კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას ამოძრავებთ და რითაც ისინი განსხვავდებიან იმ ქალებისგან, რომლებისთვისაც პროფესიული მიღწევები  უმთავრეს ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს.

ეს მოტივებია:

ძალაუფლება – სურვილი, დავტოვოთ პროფესიული კვალი ამ სამყაროში;

რეპუტაცია – სურვილი, ვაკეთოთ სოციუმისთვის მნიშვნელოვანი საქმე და ვიყოთ პატივსაცემი ადამიანი საზოგადოებაში;

ცნობისმოყვარეობა – სურვილი, გადავჭრათ ისეთი პრობლემებიც კი, რაც უშუალოდ ჩვენს კარიერასა ან ცხოვრებას არ უკავშირდება.

კიდევ ერთი მოტივი, რომელიც ტესტში მაღალი ქულით იყო შეფასებული როგორც ლიდერი, ისე პროფესიაზე ნაკლებად ორიენტირებული ქალების მხრიდან, არის იდეალიზმი, რაც სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვას გულისხმობს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ორივე ჯგუფის რესპონდენტმა ქალებმა დაბალი ქულით შეაფასეს მოტივი „შეგუება“. სტივენ რეისის თქმით, ხშირად სწორედ მიმღებლობა და შეგუებაა ის ფაქტორები, რის გამოც წარუმატებლობის გვეშინია და კომფორტის ზონას არ ვტოვებთ.  

აღნიშნული კვლევა აშშ-ში  2020 წლის გაზაფულისა და ზაფხულის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში კი ძირითად ის ქალები ჩაერთვნენ, რომლებიც მეცნიერების, ინჟინერიის, ტექნოლოგიების, მათემატიკის, მდგრადი განვითარების, კორპორატიული პასუხსიმგებლობისა და ენერგეტისკის სფეროში მოღვაწეობენ.

წყარო – Forbes