2020 წლის დასასრულს კინომაყურებელი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის, კიდევ ერთ ახალ ფილმს იხილავს. “ანტონის” პრემიერა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
ფილმის პროდიუსერი მირზა დავითაიაა, ოპერატორი კი – უკრაინელი მიხეილ პეტრენკო. მსახიობები რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის, გერმანიისა და კანადის წარმომადგენლები არიან.
არტისტთა განცხადებით, ფილმზე მუშაობა ძალიან რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო იყო. გამოწვევა ყველამ წარმატებით დაძლია და შედეგითაც ყველა კმაყოფილია.
საინტერესოა, რომ ფილმის სიუჟეტი ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული და საბჭოთა მმართველობისას უკრაინის სოფლებში მიმდინარე მოვლენებს აღწერს.
ნამუშევრის მთავარი თემა მეგობრობას, სიყვარულსა და ადამიანურ ღირებულებებს ეხება. მთავარი გმირი უკრაინელი ბიჭუნა ანტონია, რომელიც რთულ ცხოვრებისეულ გზას მეგობართან, იაკობთან, ერთად გადის.
ფილმისთვის ქასთინგებისა და გადაღებების ნაწილი საქართველოშიც ჩატარდა. რეჟისორმა ლოკაციად “შატო მუხრანი” შეარჩია და სამდღიანი მუშაობის შემდეგ ესთეტიური და დასამახსოვრებელი კადრები შესძინა ნამუშევარს.
საინტერესოა, რომ დახურული ჩვენებები უკვე მოეწყო აშშ-ში და ფილმმაც დიდი მოწონება დაიმსახურა კინომოყვარულთა მხრიდან.
ფილმის ბიუჯეტი რამდენიმე ქვეყანაზე ნაწილდება, მთავარი ინვესტორები კი საქართველო და უკრაინა არიან.
წყარო: youtube