ჩინეთის მიერ 23 ნოემბერს მთვარეზე Chang’e-5-ის სარაკეტო მისიის წარმატებით გაშვების შემდეგ, სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდა ქალზე გაამახვილა ყურადღება. 24 წლის ჟოუ ჩენგიუ ოპერაციის მთავარ ხელმძღვანელად დასახელდა. მიუხედავად ასაკისა, ახალგაზრდა ასტრონავტს პატივისცემის ნიშნად კოლეგები „დიდი დის“ სახელით მოიხსენიებენ.
აღნიშნულმა განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში. ჩინეთში სოციალური მედიის მომხმარებლები აქვეყნებენ პოსტებს, რომელშიც ასტრონავტს ქვეყნის „სიამაყის წყაროდ“ და „ბრწყინვალებად“ მოიხსენიებენ. ახალი ამბების საიტის Duocai Guizhou Net- ის თანახმად, ახალგაზრდა ასტრონავტმა ინტერვიუების განმეორებით მოთხოვნებზე უარი თქვა, რადგან არ აქვს სურვილი პოპულარობამ კარიერულ საქმიანობას ხელი შეუშალოს.
მისიის სახელწოდება „Chang’e“ ჩინელი ქალღმერთის მითოლოგიური ამბიდანაა. აქედან გამომდინარე ოპერაცია ძლიერი ქალის მონაწილეობას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, ჟოუ ჩენგიუ “კოსმოსური სივრცის ფრონტის ხაზის ჯარისკაცად“ იქცა. ჩინეთი ცდილობს უფრო მეტი ძლიერი ქალის ფიგურა აღმოაჩინოს სახელმწიფოში, ვინაიდან ქყვეყანაში ქალის როლი ჯერ კიდევ დაკნინებულია.
შეგახსენებთ, რომ Chang’e-5-ის მთავარი მიზანი მთვარის ქანებისა და ნიადაგის შეგროვებაა. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჩინეთი იქნება მესამე სახელმწიფო, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელიც მთვარის ნიმუშებს დედამიწაზე დააბრუნებს. აღნიშნული ნაბიჯი ჩინეთის კოსმოსურ ზესახელმწიფოდ გადაქცევას ემსახურება.