ინტერვიუ ანა ჩაგელიშვილთან
ავტორი: მანანა მანჯგალაძე
ფოტო: ანა ბოკო
როცა ტაილანდსა და შემდეგ ვიეტნამში მოხვდა, უცხო გარემოსთან შეგუებასთან ერთად, ყველაზე მეტად განსხვავებული კულტურის, ღირებულებების, ტემპერამენტის ადამიანების ემოციების ამოცნობა გაუჭირდა. ვერ ხვდებოდა რა უხაროდათ, რა არ მოსწონდათ, რა აღელვებდათ და რა ‒ არა. დრო დასჭირდა, ჯერ მათ სახეზე ემოცია სწორად ამოეკითხა და მერე, თვითონაც ესწავლა ემოციების მართვა. ნელ-ნელა მიხვდა, რომ ურთიერთობები და კავშირები ნებისმიერ საქმეში მთავარი იყო და ყველაფერი გაუადვილდა, ერთ დროს, ინტროვერტ გოგოს. გაიგო, რომ აზიელებს ყველაზე მეტად ქედმაღლური გადმოხედვა არ უყვართ. ან ვის უყვარს? საერთოდაც მიხვდა, რომ სინგაპური მისი ქვეყანაა, სადაც დიდხანს დარჩება. დასარჩენიც აქვს, ის იმ აზიური ელექტრონული კომერციული ინდუსტრიის მონსტრის, ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების კუთხით მომუშავე გიგანტური კომპანიის, Alibaba-ს გუნდის წევრი გახდა, რომელიც ლეგენდარულმა ჯეკ მამ შექმნა.
უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის დამფუძნებლის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ბიზნეს გურუს, ჯეკ მას საჯაროდ წარმოთქმული ფრაზები კომპანიაში სადმე კი არ წერია, უბრალოდ ცოცხლობს, არსებობს. გუნდმა იცის, რომ „ნომერი 1 ‒ არის კლიენტი. ნომერი 2 ‒ თანამშრომლები, ხოლო ნომერი 3 ‒ აქციონერები“, „უფასოდ ძალიან ძვირფასი სიტყვაა“ და „გაცილებით ადვილია ადამიანების საერთო იდეის გარშემო გაერთიანება, ვიდრე ერთი ლიდერის გარშემო, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის“. ჰო-და, 40 ათასზე მეტი თანამშრომელი იდეის ირგვლივ ერთიანდება.
Alibaba Group-ამდე ანიმ საკმაოდ დიდი და რთული გზა გაიარა, თუმცა სიძნელეების მიუხედავად, კარიერული წინსვლის პროცესში, კიბის ახალ საფეხურებზე სწრაფად მიიწევს წინ. ახლა, როცა იხსენებს, ამბობს, რომ ჯადოქრობას უფრო ჰგავდა ეს გზა, თუმცა ის ხომ იქ მოხვდა, სადაც ოცნებების ახდენა შეიძლება ‒ როგორც ჯაკ მა ამბობს.
ანი: „ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყე ‒ “Associate Product Manager”, შემდეგ “Senior Associate Product Manager”, მოგვიანებით, “Product Manager” ახლა კი “Senior Product Manager”-ი ვარ. შემდეგი ეტაპი უკვე ვიცე-პრეზიდენტობაა. აქ მართლა ჯადოქრობაა. ჯადოქრობა იყო ჯეკ მას ინსპირაციაც. ასეთი იმიჯი უნდა ჰქონოდა კომპანიას. აქ, ამ უზარმაზარ კომპანიაში, სურვილების ასრულების სასწაულებრივი, ზღაპრული შესაძლებლობებია. ამიტომაც ჰქვია ალიბაბას სახელი“.
ვისაც ერთხელ მაინც გამოუწერია რაიმე, უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია AliExpress-დან, ის მუდმივად ნერვიულობს, ჩამოვა თუ არა ზუსტად ის, რაც ვებ-გვერდზე შეარჩია. ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილი პლატფორმის Alibaba-ს შვილობილი AliExpress.com დღეს სრულად ფარავს აზიას. ის მუდმივ კონკურენციაშია ამერიკულ ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა Amazon-თან და რაც უფრო მეტად ახდენს ახალი ბაზრების ათვისებას, მით უფრო მეტად დგება იმ პრობლემის წინაშე, რომელიც ვირუსულ ხუმრობად, სახალისო მიმების ტიპად იქცა სოციალურ ქსელში: „რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება ჩააბარა Alibaba Group-მა გოგონას საქართველოდან.
ანი: „პროდაქტ მენეჯერის ამოცანაა, პრობლემის ამოცნობა და იდენტიფიცირება, მიზეზების დადგენა, გადაჭრის სტრატეგიის შემუშავება, რესურსების მიმართვა პრობლემის გადასაჭრელად და ასევე, მთელი პროცესის მონიტორინგი. მე ეს პროცესი ძალიან მომწონს, საინტერესოა. ცხადია, პრობლემის გადაწყვეტა არ გულისხმობს სქემაში გაწერილი ყველა ნაბიჯის თანმიმდევრობით გავლას. როგორც წესი, პრობლემის გადაჭრა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ამიტომაც მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა. მნიშვნელოვანია, იცოდე იმ ადამინების ფსიქოლოგია, ვისთვისაც არის განკუთვნილი ესა თუ ის პროდუქტი, უნდა მოუსმინო მათ, რათა უკეთ გაიგო რა უნდათ. ჩვენ, პროდაქტ მენეჯერებს, კომპანიაში „პრობლემების მენეჯერები“ დაგვარქვეს“.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან შეხებამ მისი დამოკიდებულებები და მიდგომები გარკვეული საკითხების მიმართ, მნიშვნელოვნად შეცვალა: განათლების მიღების, კურსების გავლის ტრადიციული მეთოდი ონლაინ სწავლებამ ჩაანაცვლა. ამბობს, რომ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში სწავლისას, იძულებული ხდები უარი თქვა ნებისმიერ აქტივობაზე, რაც გაწერილ გრაფიკს არ ემთხვევა. ონლაინ კურსის შემთხვევაში კი, დრო მთლიანად შენს ხელშია. სწავლობ ზუსტად იმას, რაც გინდა და როცა გინდა. უკანასკნელი ონლაინ სერთიფიკატი, რომელიც ციფრული მარკეტინგის დაუფლებას მოჰყვა, ფინანსური მენეჯმენტის კურსის გავლის შემდეგ აიღო.
აზია გაცილებით უფრო მოქნილი აღმოჩნდა მისთვის. ის სტერეოტიპიც დაინგრა, რომ გოგონას განვითარებადი ქვეყნიდან შესაძლოა სამსახური ვერ ეშოვა აზიურ ქვეყნებში. უდიდესი სურვილისა და მრავალი მცდელობის მიუხედავად, მისი კარიერა ვერ შედგა საქართველოში თორემ… მან ტაილანდიდან დაიწყო, შემდეგ იყო ვიეტნამი და ახლა სინგაპური. ყოველთვის უკეთესი პოზიციით და ყოველთვის უკეთეს კომპანიაში. აქ გაცილებით ნაკლები რეგულაცები დახვდა, მარტივია სამუშოა ვიზის მოპოვება. რთულია დამკვიდრება როგორც ქალისთვის და როგორც 22 წლისასთვის. თავიდან სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ, ბრიტანული დიპლომიც კი არ იყო მნიშვნელოვანი. სამაგიეროდ, ხასიათმა თავისი გაიტანა და საქმით დაამტკიცა, რომ სერიოზული საქმის კეთება შეუძლია. ბანგკოკში პირველი დიდი პროექტი ლოიალობის პროგრამის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობდა. ბევრი იშრომა, ურთულესი სამუშაო შეასრულა და, მან ეს შეძლო! საგრძნობლად გაუმჯობესებულ პროგრამაში დღეს, 30 მილიონზე მეტი მომხმარებელია ჩართული.
დღის განმავლობაში, დროის უდიდეს ნაწილს სამსახურს უთმობდა. მაშინაც კი სამსახურში წავიდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. დღის ბოლოს, გაუსაძლისი ტკივილებისგან გონება დაკარგა. ექიმებმა დენგეს ცხელების (მალარიის) დიაგნოზი დაუსვეს. ბანგკოკის ერთ-ერთ კლინიკაში, მშობლებისგან ძალიან შორს, 7 დღის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეგობრებმა შეუძლებელი შეძლეს. არანაკლებ რთული იყო ეს ყველაფერი თბილისში დარჩენილი მშობლებისათვისაც.
ანი: „როცა თბილისში ჩამოვდივარ, მშობლების მუდმივი ზრუნვის პირობებში, მაინც ბავშვად ვგრძნობ თავს. მინდა ჩემს მშობლებს ავუხსნა, რომ დიდი ვარ და დამოუკიდებლად შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება“.
სახლიდან პირველად 16 წლის წავიდა. სულ იცოდა რომ სწავლა საფრანგეთში უნდა გაეგრძელებინა ‒ ფრანგულს სწავლობდა და უცებ ლონდონში აღმოჩნდა. გაუჭირდა იმ აკადემიური პროგრამის დაძლევა, რომელსაც Concord College-ში სწავლობდა, არც ინგლისური იცოდა სათანადო დონეზე. მალე, ის დღეც დადგა, როცა დირექტორის კაბინეტში აღმოჩნდა. ერთი პირობით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, თუ წლის ბოლომდე მისი სწავლის ხარისხი არ გაუმჯობესდებოდა, თბილისში დაბრუნება მოუწევდა. თბილისიდან წამოსვლის წინ მშობლების სიტყვები გაახსნდა „თუ ვერ შეძლებ არა უშავს, დაბრუნდებიო“, ეს სიტყვები შემოლაწუნებას ჰგავდა. კოლეჯის ბიბლიოთეკაში გატარებული უძილო ღამეების შემდეგ, „ეკონომიკის საფუძვლების“ სქელტანიანი წიგნი სულ დაიზეპირა და იმასაც მიხვდა, რომ ტექნიკური საგნები უფრო მოსწონდა. წლის ბოლოს, იმავე კაბინეტში, დირექტორს სულ სხვა სტატუსით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლე, ისე შეხვდა და მისგან ბოდიში და მადლობა მიიღო.
სწავლის გაგრძელება University College London (UCL)-ში გადაწყვიტა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, რომელიც წარმატებით დაამთავრა და მაშინვე საქართველოში დაბრუნდა. იმედი ჰქონდა ინგლისში მიღებული ცოდნით სამსახურის მოძებნა არ გაუჭირდებოდა. თუმცა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ასე არ მოხდა. ერთადერთი შეთავაზება რაც მიიღო, ერთ-ერთ ბანკში HR-ის პოზიციაზე დასაქმება იყო.
მალე ისევ ჩაალაგა ჩემოდანი. სამუშაო ვიზის არქონამ ევროპაში პრობლემები შეუქმნა, ამიტომ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი და სრულიად უცხო და უცნობ აზიაში გაფრინდა. რისკი იყო და შიშობდა კიდეც. დალაგებული ევროპის შემდეგ ქაოტური და სრულიად განსხვავებული გარემო დახვდა. არავის იცნობდა. ბანგკოკთან შედარებით ვიეტნამი შვება იყო, კიდევ უფრო დიდი გამოწვევებით. ანამ ელექტრონული კომერციის კომპანია Lazada Group-ში დაიწყო მუშაობა. კომპანია 6 ქვეყანას ფარავს: ტაილანდი, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, სინგაპური, მალაიზია. ანის აქ ადამიანური რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება დაევალა ‒ ქოლ-ცენტრში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ავტომატურ რეჟიმზე უნდა გადაეყვანა. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და კომპანიამ სერიოზული თანხები დაზოგა.
როცა ვიეტნამში ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა Alibaba Group-მა სინგაპურული სტარტაპის Lazada Group-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, ანამ შეთავაზება მიიღო სინგაპურის Tech HUB-ში გაეგრძელებინა მუშაობა. ასე აღმოჩნდა ვიეტნამიდან სინგაპურში.
ანი: „წარმატებას რაიმე გაწერილი სქემით ვერ მიაღწევ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დაისახო მიზანი და გჯეროდეს ამ მიზნის. ბევრ ადამიანს აქვს ოცნება, მაგრამ თავადაც არ სჯერათ ამ ოცნების ასრულების. ბევრი შრომის, საკუთარ თავზე მუშაობის და დისციპლინის გარეშე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია. უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილად ნებდები და უიმედობა გეუფლება. საქმის სიყვარული სირთულეების გადალახვაში გეხმარება. აუცილებლად უნდა შეცვალო დამოკიდებულება მარცხისა და წინააღმდეგობების მიმართ. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და ბოლოს, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაზეც წლების განმავლობაში ოცნებობდი“.
მუშაობა ახლაც, როგორც ადრე, გვიანობამდე უწევს, ზოგჯერ 24 საათის განმავლობაში და დასვენების დღეების გარეშე, მაგრამ ძალიან მოსწონს ეს პროცესი. ახლა ყველაფერი აქვს, რაზეც ბავშვობაში ოცნებოდა: ბევრს მოგზაურობს, გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ფინანსურადაც დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ ძალიან ენატრება საქართველო და დედ-მამა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, თბილისში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
ჯერ საკუთარ ბიზნესზე არ უფიქრია, მაგრამ იცის, რომ სტარტს სინგაპურიდან აიღებს. ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორად მამასაც განიხილავს. მანამდე კი გოგონა საქართველოდან მილიონობით ადამიანის პრობლემას კომპიუტერით აგვარებს.