ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის ბესთსელერი, მშობლების გზამკვლევად აღიარებული წიგნი – „როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ?“ არაერთ ენაზეა ნათარგმნი და 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. გამომცემლობა „ცნობისმოყვარე პანდამ“ წიგნი უკვე ქართულ ენაზეც გამოსცა, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ მხარდაჭერით.
მოკლედ წიგნის შესახებ
ეს არის წიგნი, რომელიც გასწავლით, როგორ იყოთ უფრო ეფექტიანი თქვენს შვილებთან ურთიერთობისას და მეტად ლოიალურები საკუთარი თავისადმი. მსოფლიო მასშტაბით ნაქები, პოპულარული, პატივისცემაზე დამყარებული მიდგომა ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ურთიერთობას ნაკლებად სტრესულს და მეტად ღირებულს ხდის.
კომუნიკაციის მეთოდები, დასურათებული საყვარელი ნახატებით, რომლებიც გვიჩვენებენ თითოეულ ხერხს მოქმედებაში – გვთავაზობენ ინოვაციურ გზებს ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
წიგნის დახმარებით ისწავლით, როგორ:
- გაუმკლავდეთ თქვენი შვილის უარყოფით გრძნობებს – გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, ბრაზსა და სხვას;
- გამოხატოთ თქვენი გაბრაზება ისე, რომ არ ავნოთ;
- მოახერხოთ თქვენი შვილის ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ჩართვა;
- დააწესოთ მკვეთრი საზღვრები და მაინც შეინარჩუნოთ კეთილგანწყობა;
- გამოიყენოთ დასჯის ალტერნატივები;
- გადაჭრათ ოჯახური კონფლიქტები მშვიდობიანად;
Forbes Woman წიგნის მთარგმნელსა და პროექტის ავტორებს ესაუბრა.
რატომ შეაჩერეთ არჩევანი აღნიშნულ წიგნზე ?
ნინი ჩიქოვანი: მთელი ეს წიგნი ეხება კომუნიკაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ადამიანებთან ურთიერთობისთვის. სიტყვა „როგორ“ ამ წიგნში გადამწყვეტია, არსებობს კომუნიკაციის ბევრი ფორმა და ეს წიგნი გვთავაზობს სწორედ იმ ფორმებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას.
ნუცა ალადაშვილი-ჩიკვაიძე: სამი ენთუზიასტი დედა გაგვაერთიანა ამ წიგნის სიყვარულმა. ისე დაემთხვა, რომ როგორც კი ეს წიგნი წავიკითხეთ, იგი ჩვენთვის ძალიან ახლობელი და სერიოზული დამხმარე გახდა. ძალიან მოგვინდა, რომ ქართულადაც ყოფილიყო ნათარგმნი და ხელმისაწვდომი ქართველი მშობლებისთვისაც.
სოფო მუსერიძე: წიგნი არის პრაქტიკული, მარტივად საკითხავი და კარგად დაყოფილი, იმისთვის რომ კარგად გავიაზროთ და პრაქტიკაში დავნერგოთ მიღებული ცოდნა. თეორიულ ნაწილთან ერთად არის პრაქტიკული მაგალითები, რასაც მოყვება პატარა სავარჯიშოები. გარდა ამისა, ეს არის წიგნი, რომელსაც ბევრჯერ დაუბრუნდებით, ბევრჯერ გადაიკითხავთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამაგიდო წიგნია.
როგორი გამოცდილებაა თარგმნის პროცესი ?
ნუცა: ზოგადად, პროფესიით ექიმი ვარ, თუმცა მაქვს სხვადასხვა სფეროში მთარგმნელობითი გამოცდილება. სრულად წიგნის თარგმნა პირველად მაშინ მომინდა, როდესაც ეს წიგნი წავიკითხე. თარგმნის პროცესი ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, განსაკუთრებით, როდესაც საყვარელ წიგნს თარგმნი. გვინდა, რომ წიგნი მკითხველისთვისაც სასიამოვნო საკითხავი იყოს ქართულად.
სოფო: ნუცას იმხელა სიყვარული აქვს ამ წიგნის მიმართ, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად თვითონ უნდა ეთარგმნა ეს წიგნი. ძალიან დაკავებულმა სამი შვილის დედამ, ზუსტად ერთ თვეში გადათარგმნა მთელი წიგნი. რეალურად, ჩვენ ამ პროცესისთვის 3-6 თვე გვქონდა გაწერილი.
უნდა ველოდოთ თუ არა მსგავსი დანიშნულების შინაარსის სხვა წიგნების თარგმანს ?
ნინი: იმედი გვაქვს, რომ მკითხველი ამ წიგნს შეიყვარებს და სიამოვნებით შევთავაზებთ მათ მსგავსი შინაარსის სხვა წიგნებსაც. უკვე გვაქვს გეგმები და მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩვენთვის საყვარელ რამდენიმე წიგნზე, თუმცა ჯერ სიურპრიზად დავტოვოთ.
თქვენი მოლოდინით, როგორ მიიღებს წიგნს ქართველი მკითხველი ?
ნუცა: ვინაიდან ჩვენ სამივეს ამ წიგნის წაკითხვამ ერთნაირი განცდა და შესაბამისად თარგმნის სურვილი გაგვიჩინა, ვფიქრობთ, რომ ქართველი მკითხველიც ჩვენსავით შეიყვარებს მას.
იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პოზიტიური აღზრდის წასახალისებლად.
წიგნის შეძენა შესაძლებელია:
- Cp-publishing.com
- Glovo
- Tamashoba
- Amelie Flowers Shop