მუსიკა, როგორც თერაპია

ბავშვობა? საკმაოდ კარგად მახსენდება ეს პერიოდი. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც გაძლიერებული სწავლების მეთოდით გამოირჩეოდა. კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, საკმაოდ გამიჭირდა. ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლა მინდოდა, მაგრამ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ვერ შევძელი და ეკონომისტი გავხდი. ოთხმოცდაათიანებში ეს პროფესია პრესტიჟულად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, საკმაოდ კარგად გავართვი თავი; მათემატიკოსობაზეც ვფიქრობდი, ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება, პროფესია და სამომავლო გეგმები მთლიანად შეიცვალა.

ორი წლის და ექვსი თვის იყო ჩემი გოგონა, როდესაც შეტევები დაეწყო. თბილისში დიაგნოზი ვერ დაუსვეს. გადავწყვიტეთ გერმანიაში წავსულიყავით. თითქმის ორი წელი ვიცხოვრეთ იქ, რადგან ძალიან ხშირად საჭიროებდა სამედიცინო კვლევების ჩატარებას. თუ ადრეულ ასაკში პრიორიტეტი ჩემი შვილის ჯანმრთელობა იყო, რამდენიმე წლის შემდეგ დადგა განათლების მიღების საჭიროებაც. სამწუხაროდ, ამ მხრივ, მაკასთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.

თეონა ყაჭეიშვილი

გაგვიმართლა, რომ დედაჩემი მუსიკის პედაგოგი გახლდათ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობდა. სწორედ აქ, მოხალისეობრივ საწყისებზე, უსასყიდლოდ შექმნა ჯგუფი, სადაც მაკას და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სხვა ბავშვებს შეეძლოთ მიეღოთ არაფორმალური განათლება“.

მუსიკალური თერაპია ეფუძნება ფილოსოფიას, რომ ყველა ადამიანი იბადება განუყოფელი მუსიკალური უნარით. იმის შესწავლით, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ პროცესებზე, პროფესიონალები თანხმდებიან, რომ მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.  ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპიის, სპეც.პედაგოგის მუშაობა, არტ-თერაპიასთან ერთად, ძალიან კარგ შედეგს იძლევა, როგორც მეტყველებაში, ასევე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებაში და ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის განვითარებას.

„სწორედ ასე გაჩნდა მუსთერაპიული ცენტრის შექმნის იდეა. ჩავთვალე, რომ მხოლოდ შაბათ-კვირის სეანსები საკმარისი არ იყო და დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაციაც”, – გვიყვება თეონა ყაჭეიშვილი, მუსთერაპიული ცენტრის დამფუძნებელი.

მუსთერაპიული ცენტრი

კვლევებით დასტურდება, რომ მუსთერაპია აძლიერებს თავის ტვინის ქერქის აქტიურობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რადგან მოიცავს შემოქმედებით, თერაპიულ და ინტეგრირებულ პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ფორმებს.

მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების შემთხვევაში, მუსიკალური თერაპიის გზით ხდება როგორც კომუნიკაციისა და თვითგამოხტვის განვითარება, ასევე სოციალური უნარებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბება. თეონა ყაჭეიშვილის თქმით, მუსთერაპიის მიზანს არ წარმოადგენს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლა, აქ პრიორიტეტულია უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომ შშმ პირებს გარშემომყოფ ადამიანებთან შეეძლოთ ადაპტირება და კომფორტული ურთიერთობა.

რა საჭიროებების წინაშე დგას მუსთერაპიული ცენტრი?

თეონა ყაჭეიშვილი: “თავიდან, როდესაც ეს საქმე დავიწყე, ყველაფერი ძალიან ქაოსური იყო. არ გვქონდა დაფინანსება. მოხალისეებად ვმუშაობდით. ხან არტ-თერაპიის პრაქტიკებში ვერთვებოდით, ხან ლოგორიტმიკის მიმართულებით ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს. 2011 წელს ძალიან გაგვიმართლა და საერთაშორისო მუსთერაპიული ასოციაციიდან დაგვიკავშირდნენ. ისინი დაინტერესდნენ ჩვენით და აარჩიეს თორმეტკაციანი ჯგუფი, რომლის გადამზადებაც დაიწყეს. დიდ ბრიტანეთში ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პრაქტიკა არსებობს. სამი წლის განმავლობაში, სამ თვეში ერთხელ, ისინი ჩამოდიოდნენ და უტარებდნენ მასტერკლასებს ჩვენი გუნდის წევრებს. მათ გაიარეს როგორც თეორიული კურსები, ასევე სიმულაციური თამაშები, გვაძლევდნენ დავალებებს, რის საფუძველზეც შევისწავლეთ თუ რამდენნაირი განშტოება არსებობს, როგორ უნდა ვიმუშაოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან, დაუნის სინდრომის, მენტალური თუ ფსიქიკური პრობლემის მქონე პირებთან. ძალიან მაღალი დონის სუპერვიზიამ, კვალიფიკაციის ამაღლებამ მოგვცა მოტივაცია და გაგვიჩინა ამბიცია გაგვეკეთებინა ცენტრი, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად პიონერი იქნებოდა მუსთერაპიის მიმართულებით“.

მუსთერაპიული ცენტრი

რა არის მუსთერაპიული ცენტრის სოციალური მისია?

თეონა ყაჭეიშვილი: “ჩვენ გვინდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფსიქო-სერვისი, როგორიც მუსთერაპიაა, გახდეს ხელმისაწვდომი არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც, განვითარდეს მისი სხვადასხვა დარგები. საქართველოში ნამდვილად დგას ეს პრობლემა. ვფიქრობ, თუ მოვახდენთ მობილიზებას და მოტივაციას მივცემთ ერთმანეთს, ბევრად იოლი გახდება ამ საკითხზე მუშაობა. სამი წლის მანძილზე, ჩვენთან 200-მდე ბავშვმა გაიარა აღნიშნული პროცედურები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფანტასტიური შედეგები გვაქვს; იყო შემთხვევები, როდესაც საერთოდ დაქვეითებული იყო მეტყველების უნარი, ხოლო თერაპიების შემდგომ ეტაპობრივად აღდგა. მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მასშტაბური უნდა გახდეს საქართველოში ამ მიმართულების დანერგვა”.

თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა საკანონმდებლო ბაზა დახვეწას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?

თეონა ყაჭეიშვილი: “ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებები ძალიან განსხვავებულია, ვერ ვიტყვით კონკრეტუალად რა სახის თერაპია შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის ეფექტური. აუცილებელია იყოს ალტერნატივა. ხშირად, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ოჯახებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ დააფინანსონ სხვადასხვა სახის თერაპიები, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია და შშმ პირებს უნდა ეხმარებოდეს სხვადასხვა, მათთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფაში.

ჩვენ ქაოსურად არ ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს შეფასების ინსტურმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ფსიქოლოგები და პედაგოგები აფასებენ ბავშვებს როგორც სესიების დაწყებამდე, ასევე დასრულებისას. აღნიშნული ინსტრუმენტის და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოების შეძენისთვის საჭირო თანხების მოძიება ნამვილად წარმოადგენს პრობლემას. ვთვლი, რომ სახელმწიფოსთან ადვოკაციის კამპანიის დაწყება ძალიან საჭირო და ამავდროულად, მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება.”

მუსთერაპიული ცენტრი

როგორც ქალს, თუ შეგხვედრიათ რაიმე წინააღმდეგობა სოციალური საწარმოს შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში. და ზოგადად, როგორ ფიქობთ, რაშია ქალების ძალა?

თეონა ყაჭეიშვილი: “ამ სფეროში თუ ოპტიმისტი არ ხარ, არაფერი გამოვა. ძალიან რთულია გაუძლო წინააღმდეგობებს. როცა საქმე ბიზნეს ეხება, ცდახია, ეს მამაკაცების მიერ დომინირებული სფეროა და ქალს ბევრად მეტი ძალისხმევისა და ენერგიის ჩადება უწევს სასურველი მიზნის მისაღწევად, მითუმეტეს მაშინ, თუ ამ მიმართულებით არ გაქვს ბიზნეს განათლება. ჩემს შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრის ორგანიზებით გამართულმა ტრენინგმა სოციალურ მეწარმეობაში მომცა პრაქტიკული ცოდნა და შესაძლებლობა ამ საქმის წამოწყებისთვის და რაც მთავარია, გავხდი საკმაოდ მოტივირებული და თავდაჯერებული, რომ მე ნამდვილად შევძლებდი ამას. იგივეს ვურჩევ ქალებს. ძალიან დიდი ძალაა ჩვენში. ნუ შეშინდებით ახალი საქმის წამოწყებისას, თუ გჯერათ საკუთარი თავის და თქვენი იდეის, აუცილებლად გამოგივათ”.