მსოფლიოს მილიარდერთა ქონება ისტორიაში პირველად 10 ტრილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება

კორონავირუსმა მილიარდერთა მთლიანი ქონება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ქონება მთლიანობაში, დაახლოებით, მეოთხედით გაიზარდა და 10 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. მხოლოდ ჯეფ ბეზოსის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ქონების ღირებულებამ აგვისტოს თვეში 200 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გლობალური საფინანსო მომსახურების კომპანიის, UBS-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მილიარდერთა ერთობლივი ქონება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სწრაფად იზრდება.

photo – Viacheslav Bublyk

მხოლოდ აპრილისა და მაისის თვეებში მათი ქონება 27%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად მთავრობების მასტიმულირებელი პაკეტების დამსახურებაა. Goldman Sachs-ის კვლევის მიხედვით, ამერიკული კომპანიების აქციებისა და წილების, დაახლოებით, ნახევარს მოსახლეობის მხოლოდ 1%, ანუ უმდიდრესი ადამიანები ფლობენ, შესაბამისად, მათზე დადებითად იმოქმედა მარტის თვეში ბაზრის ზრდამ.

Forbes-ის ანგარიშის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფოს მასტიმულირებელი პაკეტით, დაახლოებით, 16 მილიარდი ფუნტი ($20.6 მილიონი) მილიარდერთა მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა მიიღეს.

თუმცა UBS-სა და PwC-ის კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ისტორიულ მაქსიმუმს უტოლდება მილიარდერთა მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხების მოცულობაც. საგულისხმოა ისიც, რომ მდიდარი ოჯახების მესამედი ქველმოქმედებისას კონფიდენციალურობას იცავს.