მეფე სალმანის გაეროში გამოსვლის საპასუხოდ, ირანის ოფიციალური პირები საუდის არაბეთს რეგიონში ტერორიზმის მთავარ სპონსორობაში ადანაშაულებენ.
გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე მეფე სალმან აბდულაზიზმა 193 წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, ერთად იპოვონ გამოსავალი საუდის არაბეთის მთავარი მტრის, ირანის, წინააღმდეგ და შეაჩერონ ის მასობრივი განადგურების იარაღის მიღებისგან.
თავის მიმართვაში საუდის 84 წლის მონარქმა განაცხადა, რომ ირანმა ბოროტად გამოიყენა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რათა უფრო ინტენსიური გაეხადა საკუთარი ექსპანსიონისტური აქტივობები და შეექმნა ტერორისტული კავშირები.
საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საუდის არაბეთი ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. სპიკერმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი რეგიონში ტერორიზმის მთავარი ფინანსური და ლოჯისტიკური მხარდამჭერია.
საუდის არაბეთი და ირანი წლებია, ჩართულნი არიან მარიონეტულ ომებში ახლო აღმოსავლეთში.
„მუდმივმა სახმელეთო და პოლიტიკურმა მარცხმა იემენში აიძულა საუდის არაბეთი, დაეწყო ილუზიებით საუბარი. მათ სურთ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ომის დანაშაულზე იემენელი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ იშვერენ თითს სხვა სახელმწიფოებისკენ“ – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.