კანონი სოციალური ქსელების გამკაცრებული კონტროლის შესახებ თურქეთში ძალაში შევიდა

„ახლა გესმით, თუ რატომ ვართ YouTube, Twitter, Netflix და სხვა სოციალური მედიის წინააღმდეგ? ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, ბოლო მოვუღოთ ამორალურ საქციელს,“ – განაცხადა თურქეთის ლიდერმა 2020 წლის ივლისში.

1-ლი ოქტომბრიდან თურქეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ისეთ სოციალურ პლატფორმებს, როგორებიცაა Twitter და Facebook, თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნას, ამოიღონ სადავო შინაარსის მქონე კონტენტი. თურქეთი მოითხოვს, რომ სოციალურ ქსელებს, რომელთაც დღეში მილიონზე მეტი კავშირი აქვთ, ჰყავდეთ წარმომადგენელი თურქეთში.

პლატფორმებს 48 საათი აქვთ, რათა დაემორჩილონ თურქეთის სასამართლოს ბრძანებას და ამოიღონ შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე მასალები, რომელიც აზარალებს როგორც თურქეთის მოქალაქეებს, ისე – მთავრობას. თუკი სოციალური პლატფორმები არ დაემორჩილებიან კანონმდებლობას, მათ, შესაძლებელია, დაეკისროთ ჯარიმა 4,3 მილიონ ევრომდე ან შეეზღუდოთ სიჩქარე, რაც ხელს შეუშლის მომხმარებლებს, წვდომა ჰქონდეთ პლატფორმაზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სოციალურმა ქსელებმა ხელი შეუწყო ანტისამთავრობო დემონსტრაციის მობილიზებას 2013 წელს. ივლისში პრეზიდენტმა ამავე ქსელებს „წესრიგისკენ“ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი და სიძე შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი კანონი თავისუფლების გამოხატვას მკვეთრად შეზღუდავს. თუმცა ადამიანთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მთავრობას გაუჭირდება კანონით გათვალისწინებული მკაცრი შეზღუდვების გატარება.

“2019 წელს თურქეთმა დაბლოკა 408 000 საიტი, 40 000 ტვიტერის ანგარიში, 10 000 YouTube-ის არხი და 6 200 ფეისბუქ-პოსტი. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ”, – განაცხადა უფლებადამცველმა სევკეტ უიანიკმა.