ქართველი მთამგმნელი, მწერალი და ლექტორი, ხათუნა ცხადაძე, საქართველოში 1973 წლის 3 მაისს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მხატვრული თარგმნის განხრით.
1997 წელს ჟურნალ „ცისკარში“ მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები დაიბეჭდა, რასაც შემდგომ იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები მოჰყვა. ამის შემდგომ ალესანდრო ბარიკოს „ნოვეჩენტო: მონოლიგი“ გამოიცა. მთარგმნელი, ასევე, უმბერტო ეკოს პირველ რომანზე მუშაობდა 2005 წლიდან, რის შემდეგაც აქტიურად განაგრძო იტალიელი მწერლისა და ფილოსოფოსის წიგნების თარგმნა.
ხათუნა ცხადაძეს მიღებული აქვს ორი ჯილდო: გალა-თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია, რომელიც 2007 წელს ქართველი მწერლის, ზაალ სამადაშვილის, მიერ დაარსდა და “საბა” ასევე ლიტერატურული ჯილდო, რომლის დამაარსებლები არიან თიბისი ბაკნი, გაზეთი „24 საათი“ და ქართული პენ-კლუბი. მთარგმნელმა ჯილდოები 2015 და 2017 წლებში მიიღო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მას იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა, რომელიც იტალიაში რიგით მეორე სამოქალაქო ორდენია და გადაეცემა მათ, ვინც იტალიის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
როგორც თავად On.ge-სთან საუბრისას ამბობს, იტალიის საელჩომ მისი კანდიდატურა შარშან წარადგინა, რის შესახებაც მან არაფერი იცოდა და მხოლოდ გუშინ გაიგო, რომ ის ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოს მფლობელი გახდა.
“სრულიად მოულოდნელი იყო და ძალიან მიხარია, რადგან ეს მართლა უმაღლესი ორდენია იმ ადამიანისთვის, ვისი არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრება სწორედ იტალიურ ენასა და ლიტერატურას უკავშირდება”, – აცხადებს ორდენის მფლობელი.