პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები – ეს ის პოზიციებია, რომლებსაც ანანო ბოდოკია და ანა გოროზია, Microsoft-ის ტალინის ოფისში დაიკავებენ, მათი კომპეტენციები კი Media Delivery Network-ის ჯგუფის წევრსა (ანა გოროზია) და Azure-ში Devop-ის მიმართულებით მუშაობას შორის ნაწილდება (ანა ბოდოკია).
როგორც თვად გვიყვებიან, ბოლო პერიოდში დიდ კომპანიებთან მუშაობის სურვილი გაუჩნდათ. თავიდან იმის მოძიება დაიწყეს, თუ რამდენი ეტაპი უნდა გაევლოთ, როგორი/რა ტიპის გასაუბრებები იყო, და ა.შ. შემდეგ იყო საკუთარ თავზე მუშაობის პერიოდი, რომ მომავალ გასაუბრებებს წარმატებით ჩაევლო. ბოლოს კი LinkedIn-ზე Microsoft-ის წარმომადგენელმა გოგოებს მათ პორტალზე აპლიკაციის შევსება შესთავაზა.
საერთოდ სხვანაირი მუშაობის კულტურა და წესები აქვთ. მათ ბევრი ადამიანისა და მათი მუშაობის მართვა უწევთ, ამ პროცესებმა ძალიან დამაინტერესა. პროგრამისტისთვის საინტერესოა გლობალურად გამოყენებად პროდუქტებზე იმუშავო. კოდის სპეციფიკა იცვლება, როცა პროდუქტის გამომყენებელი ათასობით კი არა, მილიონობით ადამიანია. – ანა გოროზია
ანანო ბოდოკია: “ჩვენს სფეროში არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ყველაზე მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ, ასეთ მასშტაბებზე მუშაობა საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველთვის მინდოდა გამომეცადა.”
გოგონებმა ისიც გაგვიზიარეს, როგორ რეაგირებდნენ სირთულეებზე და რა იყო მათთვის ყველაზე “საშიში” ამ გზაზე.
სიმართლე გითხრათ, ყოველთვის არის პატარა მომენტები, როცა ფიქრობ რომ არ გამოგივა და ეს გაშინებს. მაგრამ ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცდას წინ არაფერი უდგას. მერე როცა უკვე პროცესი იწყება, რაღაცნაირად აღარ მაწუხებს ასეთი ფიქრები, ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, შესაბამისად, შიშებიც ქრება. – ანანო ბოდოკია
ანა გოროზია: “დიდად შიშის მომენტი არ მქონია, სიმართლე გითხრათ. გასაუბრებაზე მოულოდნელობებს არ მოველოდი. სხვა სფეროებში არ ვიცი, მაგრამ აქ არცოდნა სირცხვილი არ არის. თუ რამეს მკითხავდნენ, რაშიც გამოცდილი არ ვიყავი, ამის აღიარების პრობლემა არც მე მქონდა და არც მათ.”
ანა იმასაც იხსენებს, რომ უშუალოდ კომპანიისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობდა, რაც იმაშიც გამოიხატებოდა, რომ გასაუბრების წინა დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ანა მეგობრულად განაწყვეს და გახსნილად ესაუბრნენ, რაც მას ძალიან დაეხმარა.
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ მოთხოვნა იზრდება, ამიტომ გოგონებს ვთხოვეთ მათთვის მიეცათ რჩევა, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობის დაწყებას ან გაგრძელებას აპირებს:
ანა გოროზია: “არ შეედაროთ სხვებს და თქვენს განვითარებაზე კონცენტრირდით. ტექნოლოგიის სფეროში ქალების ჩართულობა დღეს მაინც აკვირვებთ და შეიძლება არასასიამოვნო შეფასებები მოისმინოთ. ერთ-ერთ კომპანიაში გასაუბრებაზე ისიც კი მკითხეს, გოგო რომ ხარ, მათემატიკით რატომ დაინტერესდიო. საშინელი პროტესტის შეგრძნება გამიჩნდა, რომ საერთოდ იკადრეს ამ კითხვის დასმა. მოკლედ მსგავსი წინააღმდეგობა ბევრი არ შემხვედრია, თუმცა რაც შემხვდა, იქონია გავლენა და საკმაოდ უსიამოვნო. არ უნდა მიაქციოთ მსგავს სტერეოტიპებს ყურადღება, კონცენტრირდით თქვენი თავის განვითარებაზე. დიდ კომპანიებში მუშაობის დაწყებას რაც შეეხება, შერჩევის პროცესი ყველგან მსგავსია. განსაკუთრებულს არაფერს საჭიროებს, მთავარია მართლა გინდოდეს და ეს სურვილი, ტექნოლოგიური სფეროს მიმართ ინტერესი გასაუბრების დროს მეორე მხარესაც აგრძნობინო.”
ანანო ბოდოკია: “ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ამ სფეროში სტერეოტიპების გამო გოგონებს ექმნებათ შემაწუხებელი დაბროკოლებები და შეიძლება ბევრმა, მიუხედავად ინტერესისა, უარიც კი თქვას ამ სფეროში მუშაობაზე ან სწავლის გაგრძელებაზე. მინდა მათ ვუთხრა – სტერეოტიპები არ უნდა იყოს თქვენი უარის მიზეზი. ასეთი აზრსმოკლებული შეფასებების გამო, უარი არ უნდა თქვათ იმის კეთებაზე, რაც მოგწონთ და გაინტერესებთ. საბედნიეროდ უკვე იმსხვრევა ეს სტერეოტიოები. იმისთვის, რომ ეს პრობლემა ბოლომდე გაქრეს საჭიროა მეტი გოგო ჩაერთოს ამ სფეროში – #morewomenintech!”