„იმუნიტეტის სერტიფიკატი“ – გერმანია ახალ პროექტს იწყებს

Photo By National Cancer Institute

გერმანიაში იმუნიტეტის შესამოწმებლად ათასობით ადამიანის ტესტირება დაიწყეს.

აღნიშნული ტესტების საფუძველზე გერმანელი მკვლევრები გეგმავენ, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სხეულშიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლისათვის საჭირო ანტისხეულები და იმუნიტეტი აღმოჩნდება, სერტიფიკატები გადასცენ.მათი თქმით, „იმუნიტეტის სერტიფიკატი“ ადამიანების ჩვეულ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნების წინაპირობა იქნება.

პირველი ეტაპისთვის მკვლევრები ასი ათასი ადამიანის ერთდროულად ტესტირებას გეგმავენ. სერტიფიკატს კი მათ გადასცემენ, ვის ორგანიზმშიც ვირუსთან გასამკლავებელი იმუნიტეტი აღმოჩნდება.

ეს ინიციატივა იმ პროექტის ნაწილია, რომელიც წინა კვირას დაიწყო და ე.წ. საჩხვლეტი ტესტით ადგენს, შეუძლია თუ არა ადამიანს ვირუსის წინააღმდეგ საკუთარი იმუნიტეტით ბრძოლა.

პროექტის დაწყებას მკვლევრები აპრილის თვიდან აპირებენ. მათი ვარაუდით, ტესტირებულთა პირველი ტალღის შედეგები აპრილის თვის დასასრულს უკვე მზად იქნება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში მმართველმა გუნდმა საზოგადოების მეტი მხარდაჭერა მოიპო. მაგალითად, ქვეყნის კანცლერ ანგელა მერკელის რეიტინგი 32-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მემარცხენეთა რეიტინგი 10%-ით დაეცა.