იაპონიაში, ტოკიოსთან ახლოს, “ჰარი პოტერის” თემატიკაზე შექმნილი პარკი გაიხსნება. პოტერჰედებისთვის განკუთვნილი სივრცის გახსნა 2023 წლისთვის იგეგმება. პარკი ტოკიოდან 45 წუთის სავალზე, ტოშიომინში, 30 000 კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული.
აღნიშნული მსოფლიოში რიგით მეორე პარკი იქნება, რომელიც ჯოან როულინგის წიგნების სერია “ჰარი პოტერისა” და ამავე სახელწოდების ფილმების მიხედვით იქნება მოწყობილი. “Warner Bros. Studio Tour Tokyo — The Making of Harry Potter”-ის ანალოგიური ატრაქციონი დიდ ბრიტანეტში უკვე არსებობს. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ დეკორაციები, კოსტიუმები და რეკვიზიტები, რომელიც ფილმების გადაღებებიდან შემორჩა.
BBC-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იაპონიის ტურისტული ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა. “ჰარი პოტერის” თემატიკაზე შექმნილი პარკი კი დროთა განმავლობაში, იაპონიის ტურისტული ბაზრის აღდგენას შეუწყობს ხელს. მაგიური პარკის ანალოგი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის შემოგარენში 2012 წელს გაიხსნა და ჯამში 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.