ლეგენდარული სილამაზე და ვარსკვლავური კინოკარიერა, ეს სიტყვები ისე არავის აღწერს, როგორც დაუვიწყარ გრეის კელის. გრეისის ისტორია ზღაპარს ჰგავს – ჯერ ჰოლივუდი მოაჯადოვა, შემდეგ კი მონაკოს ახალგაზრდა პრინცი რენიე, რომელზეც 1956 წლის 6 იანვარს დაინიშნა, 18 აპრილს კი დაქორწინდა. ცერემონიას “საუკუნის ქორწილი” ეწოდა, მსახიობმა კი ამის შემდეგ კინოკარიერაზე უარი თქვა.
Photo: Getty Images
გრეისი 50-იანი წლების სილამაზის სიმბოლო და თანამედროვე სამყაროს, დიზაინერების, კინოსა და მოდის მოყვარულების მარადიულ მუზად იქცა.
შეუძლებელია, ჰგავდე პრინცესა გრეისს. „ის იყო თავისი დროის ყველაზე ლამაზი ქერა ქალი“ – ამბობდა კარლ ლაგერფელდი მასზე. პრინცესას უნიკალურობა მის სუფთა სულსა და უპრეტენზიო, დახვეწილ სტილშიც გამოხტებოდა.
Photo: Getty Images
გრეის კელიმ პოპულარობა 1952 წელს, ფრედ ცინემანის მხატვრულ ფილმში „ზუსტად შუადღეს“ შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა.
„მე არასოდეს ვამბობ არასოდეს და არასდროს ვამბობ ყოველთვის“, – ამბობდა გრეის კელი.
მონაკოს პრინცესას ბუნებრივი ელეგანტურობა განსხვავდებოდა იმ დროის სილამაზისა და სექს სიმბოლოდ აღიარებული ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან. ეკრანზე და ქალაქში გრეის კელი გამოირჩეოდა ძალიან ცოტა მაკიაჟით და დახვეწილი კოსტიუმებით, რომლებიც სხეულს ნაკლებად ან საერთოდ არ აჩენდა. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჯერ ადამიანის დანახვა, შემდეგ კი – სამოსის“ – აღნიშნა ერთხელ ოსკაროსანმა მსახიობმა.
Photo: Getty Images
გრესი კელის ქარიზმატული და რომანტიკული გარეგნობა მრავალ დიზაინერს შთააგონებდა. მისთვის ულამაზეს სამოსებს, სამკაულებსა და აქსესუარებს ქმნიდნენ ისეთი მოდის სახლები, როგორიცაა: ჰერმესი, გუჩი და დიორი. Ჰერმესმა შექმნა ხელჩანთა სახელწოდებით Kelly, გუჩიმ კი აბრეშუმის შარფი ყვავილებიანი პრინტით. დაუვიწყარია ის საქორწინო კაბაც, რომელიც გრეისმა საკუთარ ქორწილში ჩაიცვა. კაბის დიზაინერი ელენ როუზი იყო.
Photo: Getty Images
1982 წლის 13 სექტემბერს მსახიობმა თავის უმცროს ქალიშვილთან ერთად მონაკოში გამგზავრება გადაწყვიტა, რა დროსაც მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, გრეისმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ხევში გადაიჩეხა. მეორე დღეს, 14 სექტემბერს, 52 წლის ოსკაროსანი მსახიობი და მონაკოს პრინცესა გრეის კელი ტრაგიკულად გარდაიცვალა, ქალიშვილი კი, მრავლობითი დაზიანებისა და ტვინის შერყევის მიუხედავად, გადარჩა.
Photo: Getty Images
2001 წელს ჟურნალმა “ვოგმა“ გამოაქვეყნა „ყველა დროის 100 ყველაზე ელეგანტური ქალის“ სია, სადაც გრეს კელიმ პირველი ადგილი დაიკავა.
გრეის კელის ცხოვრება გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა სამყაროსადმი, რომლის უსაზღვრო შარმი კიდევ მრავალი წლები მოხიბლავს ადამიანებს ისტორიის სხვადასხვა ფურცლებზე.