ვიზას და მასტერქარდს ჭარბი გადასახადების გამორთმევაში ედებათ ბრალი

ვიზასა და მასტერქარდს ბრალს სდებენ კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მომხმარებლებისათვის ზედმეტი გადასახადების გამორთმევაში.

ბრიტანელი საცალო მოვაჭრეთა ჯგუფი აცხადებს, რომ უკანასკნელი ორი წელიწადის განმავლობაში კომპანიებისთვის გადასახდელი სქემის საფასური გაორმაგდა. მათი აზრით, მიმდინარე წელს გადასახადები კიდევ გაიზრდება და საკრედიტო ბარათების ანგარიში წელიწადში 40 ფუნტით გაიზრდება.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ საკრედიტო ბარათების ჭარბი გადასახადების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას,“ – განაცხადა ბრიტანეთის საცალო მოვაჭრეთა კავშირის ფინანსების კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ენდრიუ კრიგანმა, –  „გადასახადები ამ დონეზე სატელეფონო ან ელექტრომომმარაგებელ კომპანიას რომ გაეზარდა, საზოგადოებაში სერიოზული ღელვა დაისადგურებდა. ვიზა და მასტერქარდი ბაზარზე მთავარ პოზიციებს ბოროტად იყენებენ. ისინი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ორგანიზაციები არიან და საცალო მოვაჭრეებს საშიშ მდგომარეობაში აყენებენ.“

ინდუსტრიის წარმომადგენლებს სურთ, რომ კომპეტენციისა და ბაზრის ხელმძღვანელობამ (CMA) საკრედიტო ბარათების სქემა გამოიძიოს.

ვიზას პრესსპიკერმა ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვიზა დიდი ბრიტანეთის ფარგლებში მილიონობით წვრილ ბიზნესმენს აძლევს საშუალებას, წვდომა ჰქონდეთ ციფრულ გადახდაზე, მათ მილიარდობით პოტენციურ მომხმარებელთან აკავშირებს მსოფლიოს მასშტაბით და მათ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და დაცული სისტემით ემსახურება.

მასტერქარდის პრესსპიკერის თქმით, საკრედიტო ბარათებით გადახდა უფრო და უფრო პოპულარული ხდება მომხმარებელთა შორის, ამიტომ ვაჭართა მიერ გადასახდელი თანხის რაოდენობაც იზრდება.