ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
შოტლანდიური ვისკის ბაზარი თითქმის ერთადერთი ბაზარი აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში, რომელსაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ტალღამ პრაქტიკულად გვერდი აუარა. როგორც Forbes Women-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში შოტლანდიური ვისკის ერთ-ერთი გლობალური ბრენდის ელჩი უხსნის, ამის მიზეზი ის არის, რომ ვისკის მოყვარულებმა რაოდენობა ხარისხით ჩაანაცვლეს.
‘სკოჩლანდია’ იგივე შოტლანდიაა. ინგლისურად შოტლანდია ახლა ფურცელზე რომ დაწეროთ, ზუსტად მიხვდებით – რატომ. სიტყვა თქვენს თვალწინ ორ ნაწილად იყოფა – სკოჩის მიწა. ამ ფაქტს შოტლანდიური ვისკის ბრენდის გლობალური ამბასადორი ძალიან ოსტატურად იყენებს იმისთვის, რომ ბრიტანეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვისკის, რომელსაც ცოტა, მაგრამ ხარისხიანი აუდიტორია ესწრება, სტუმრებს არა მხოლოდ ვისკის გემო შეაგრძნებინოს, არამედ ცოტა გააცინოს, ემოციურად მოამზადოს და იმ ადგილას დასწრების ეფექტიც შეუქმნას, სადაც მაღალი მთები და სუფთა წყალია და, სადაც ვისკის სრულყოფისთვის მრავალმილიონიან სამეცნიერო კვლევებს ატარებენ იმისთვის, რომ კონკრეტულად იმ მუხის ჯიშს მიაგნონ, რომელშიც ვისკი ყველაზე გემრიელი და არომატული გამოვა.
ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზის, ალბათ, თავისი მიზეზები აქვს, შოტლანდიური ვისკის გლობალური ბრენდის დეგუსტაციისთვის საელჩოს, სივრცე რომ დაუთმოს.
პირველი – საქმე შოტლანდიას ეხება, რაღაცით საქართველოს მართლა, რომ ჩამოჰგავს.
მეორე – ღვინის სამშობლოში კარგი ვისკის დაფასების შესაძლებლობის შექმნა კეთილშობილური საქმეა – ზუსტად ისეთი, როგორც შოტლანდიას შეეფერება. მესამე – გლობალური ბრენდის ამბასადორი მხოლოდ ვისკის კი არა, შოტლანდიის პრესტიჟსაც დიდი პროფესიონალიზმით იცავს.
“Forbes Women”-ს კი, ამ ყველაფერთან ერთად, დეგუსტაციაზე დასწრების კიდევ ერთი და მთავარი მიზეზი აქვს: შოტლანდიური ვისკის გლობალური ბრენდის ელჩი არც მეტი, არც ნაკლები – ქალია.
ვისკი და ქალი, როგორც მისი მთავარი სახე – დღეს ეს კომბინაცია აღარც ისე ეპატაჟურია, როგორც დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც კარენ ფულერტონი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ჩავიდა, როგორც შოტლანდიელი ქალი შოტლანდიური ვისკის ელჩის სტატუსით.
ეს მიდგომა მაშინ გლობალური ბრენდის მხრიდან ამერიკისთვისაც კი სიახლე აღმოჩნდა. სამაგიეროდ, კარენ ფულერტონი იხსენებს, რომ ნიუ-იორკში მოხვედრისთანავე ერთი რამ მოხვდა თვალში – ბარში ერთმანეთის მოპირდაპირე მაგიდებთან ქალი და კაცი ისხდნენ და სასმელს წრუპავდნენ: კაცი – მარტინის და ქალი – ვისკის. პირველი აზრი, რამაც ამ სურათის დანახვისას, ამერიკაში ახალჩასულ კარენს თავში გაუელვა, იყო: „ღმერთო, ეს ქალაქი ალბათ უგონოდ შემიყვარდება“.
უგონოდ შეუყვარდა ის საქმეც, რომელმაც საქართველოშიც ჩამოიყვანა. გლობალური ბრენდის ელჩობას თავისი ხიბლი ნამდვილად აქვს – ბევრი მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა, მაღალი ხარისხის ვისკი და პრაქტიკულად ერთი ადამიანის მინი-თეატრი, რომელიც მთელი არსებით ცდილობს, დაგვარწმუნოს – ვისკის ჭიქაში არა მხოლოდ მდიდარი გემოვნური თვისებებით და სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი სასმელია, არამედ შოტლანდიური კულტურის ერთი, შესაძლოა, ყველაზე გულღია და მეგობრული გასაღები.
„გასაუბრებაზე როცა გავდიოდი, არც მეგონა, რომ ამ საქმეს მართლა ჩამაბარებდნენ, რადგან მე ქალი ვარ; მეორე – მე ქალი ვარ და მესამე – მე ქალი ვარ“ – ამბობს კარენ ფულერტონი.
გაუმართლა. ვისკის გლობალურ ბრენდს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყველასგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ამ ნაბიჯით ამ ბრენდმა ახალ ხედვას ჩაუყარა საფუძველი: ვისკი არ არის მხოლოდ კაცების სასმელი. ეს ძალიან მომგებიანი გათვლა აღმოჩნდა და არა მხოლოდ ამ კონკრეტული ბრენდისთვის, არამედ – მთელი ინდუსტრიისთვის.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ შოტლანდიის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 15-20% სტაბილურად შოტლანდიური ვისკის გაყიდვებზე მოდის. ინდუსტრია 40 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. შოტლანდიაში ნახავთ პატარა სოფლებს, სადაც 5-ზე მეტი ვისკის სახდელი ქარხანაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სოფლებში ვისკის ინდუსტრია არა მხოლოდ პირდაპირ სამუშაო ადგილებს ქმნის, არამედ ის ადამიანებიც, ვინც ამ სოფლების მაღაზიებში, სასტუმროებში, ფოსტასა თუ ბარებში მუშაობენ, საკუთარ დასაქმებას, სწორედ, ვისკის ინდუსტრიის სტაბილურ წარმატებას უნდა უმადლოდნენ.
ბოლო პერიოდში, ბრენდის ელჩების რიცხვიც მზარდია. იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად პოპულარულია ეს პროფესია დღეს, და განსაკუთრებით შოტლანდიაში, შორს წასვლა არ დაგჭირდებათ: შეგიძლიათ ‘დაგუგლოთ’ და ინტერნეტი თვალის დახამხამებაში ძალიან ბევრ ვაკანსიას ამოგიგდებთ, სადაც საერთაშორისო ბრენდის ელჩად ძალების მოსინჯვას თქვენც თავისუფლად შეძლებთ. ბრენდის ელჩების ანაზღაურება საშუალოდ წელიწადში 33 ათასიდან 83 ათას დოლარამდე მერყეობს.
„ინდუსტრია ბოლო 10 წლის მანძილზე საგრძნობლად შეიცვალა“ – ამბობს კარენ ფულერტონი და იმ ქვეყნების კონკრეტული მაგალითების გაზიარებასაც არ გვზარდება, სადაც ეს ცვლილება პირადად მისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი აღმოჩნდა.
ტაივანი: „ამ ქვეყანაში ჩემს პრეზენტაციებს საკმაოდ ახალგაზრდა ჯგუფი ესწრებოდა – ქალებიც და კაცებიც.
თან, მათ არა მხოლოდ დალევა უნდათ, არამედ ვისკის ისტორიაც აინტერესებთ, ცონდის მიღების სურვილიც აქვთ, უნდათ მეტი იცოდნენ იმ სასმელის შესახებ, რომელიც მათ ყოველდღიური საზრუნავისგან განტვირთვაში ეხმარებათ“.
ჩინეთი: „ჩინეთში ვისკის პრეზენტაციას ძალიან ბევრი ქალი ესწრებოდა – მათ შორის, ახალგაზრდა ბიზნესმენი ქალებიც, რომლებსაც ძალიან დეტალური კითხვები ჰქონდათ შოტლანდიური ვისკის წარმოშობასა და თვისებებთან დაკავშირებით და ვატყობდი, როგორი მოწყურებულები იყვნენ ახალ ინფორმაციას, ახალ ცოდნასა და გამოცდილებას“.
ყველაზე გაკვირვებული მაინც თურქეთით დარჩა, სადაც მსგავსი დახურული პრეზენტაცია თვე-ნახევრის წინ გამართა და სადეგუსტაციო დარბაზში ერთი კაცი არ იჯდა, მხოლოდ – ქალები. „და ეს – არაბულ ქვეყანაში“ – ამბობს კარენ ფულერტონი.
საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში გამართული დეგუსტაციით კმაყოფილია. „შოტლანდია ძალიან ჰგავს საქართველოს“ – ამბობს კარენ ფულერტონი: „ძირითად მსგავსებას სასმელის მიმართ დამოკიდებულებაში ვხედავ. საქართველოში ეს ღვინოა და ქართული ღვინის არომატიც და მისი სიღრმეც ზუსტად ისეთ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, როგორსაც შოტლანდიური ვისკი“.
საოცარია, როგორ ხედავს კარენი ვისკის – სასმელს, რომლის სიყვარულიც პრინციპში საბოლოო ჯამში გემოვნების საკითხია – ან მოგწონს, ან – არა. მაგრამ არა ბრენდის ელჩისთვის. მისთვის ვისკი სასმელზე გაცილებით მეტია: ის სოციალიზაციის ნაწილია – იმ მომენტის თანაზიარი, როდესაც ისვენებ და თავს უბრალოდ კარგად გრძნობ; ვისკის დალევით უნდა ისიამოვნო, მცირე ყლუპებით გამოიზოგო და გემოს ფეიერვერკი რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივო.
„როდესაც პირველად ამერიკაში ჩავედი, ერთადერთი შოტლანდიელი ქალი ვიყავი, ვინც ვისკის საერთაშორისო ბაზარზე წარმოაჩენდა და რამდენიმე წლის შემდეგ, დავინახე, რომ ჩვენმა კონკურენტებმა მოგვბაძეს და მათაც ქალები დაიქირავეს ამ საქმის საკეთებლად – რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავია, რაღაც მომენტში ხვდები, რომ რეალური ყინულმჭრელი იყავი“ – ამბობს კარენ ფულერტონი.
თუმცა ამის გააზრება მოგვიანებით მოვიდა. მანამდე, როგორც თავად ამბობს, ერთი ჩვეულებრივი ქალი იყო, ქალისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი შიშებით: „მე მჯერა, რომ ბარიერები მართლა ჩვენს თავშია – ქალების თავში: ზოგჯერ შეიძლება ზუსტად იმას ვფიქრობდი, რომ რადგან ქალი ვარ, თავს ისევე კარგად ვერ გავართმევდი ამ საქმეს, როგორც ჩემი კონკურენტები – კაცები“.
მაგრამ მსოფლიო იცვლება და მეჩვენება, რომ დღეს, გლობალური ბრენდის ელჩის პოზიციიდან, კარენ ფულერტონი უკვე სათანადოდ აფასებს იმ შესაძლებლობას, რაც მას, როგორც ერთ ჩვეულებრივ ქალს მიეცა – მთელი ინდუსტრიის განვითარებაში შეეტანა თავისი, თუნდაც, ძალიან მცირე წვლილი და არა მხოლოდ ვისკის, შოტლანდიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში მიეღო საკმაოდ აქტიური მონაწილეობა.
„შოტლანდიური ვისკი ფრანგული შამპანურივითაა. ბევრი ცქრიალა ღვინოა ბაზარზე, მაგრამ შამპანური – მხოლოდ ფრანგულია. ასეა ვისკიც – ბრენდის ბევრი სახე არსებობს, მაგრამ ვისკი – შოტლანდიურს ჰქვია. ეს ასოციაციები იმდენად მჭიდროა, რომ ქვეყანა და სასმელი ერთმანეთის სინონიმები ხდება“ – ასე ხედავს თავის როლს კარენ ფულერტონი.
შოტლანდიაში დაიბადა და ინგლისში გაიზარდა, მაგრამ მისი გული მაინც შოტლანდიის მთებში დარჩა. გლენმორანჟთან საქმე იმიტომაც დაიჭირა, რომ შოტლანდიაში ისევ დაბრუნების შესაძლებლობა დაინახა.
შემდეგ ამერიკაში წავიდა და იქაც წარმატებას რომ მიაღწია, მიხვდა – უფრო გლობალური როლისთვის იყო მზად. თუმცა ამ როლს უკვე ახალი უნარები სჭირდებოდა და ამიტომ განათლება გაიღრმავა, ბევრი ონლაინ-კურსი სრულიად დამოუკიდებლად გაიარა და ახალ გამოწვევებს მზად დაუხვდა.
არადა, სპორტის მასწავლებლობა უნდოდა, თუმცა 28 წლის ასაკში შრომის ბაზარს მისთვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა: თავისი კარიერის სულ პირველ საფეხურზე, სრულიად შემთხვევით, უნივერსიტეტიდან პირდაპირ ღვინის ბიზნესში აღმოჩნდა და აზარტშიც შევიდა – განსაკუთრებით აინტერესებდა გემოს საკითხი; როგორ დგებოდა ერთი კონკრეტული გემო, რომელსაც მთელი კონცენტრირებით გასინჯვის შემთხვევაში, ბევრი ფენა აღმოაჩნდებოდა ხოლმე.
„დიახ, ვისკის სფეროში ჩემი სქესი ერთ დროს შეიძლება ბარიერი იყო, რადგან ქალი არ ასოცირდებოდა სასმელთან. თუმცა, მაშინაც ჩემს გამოჩენას ყოველთვის ჰქონდა ერთი მთავარი ეფექტი – ხალხი შეშდებოდა და ჩემი როლის აღქმას იწყებდა. ამ გადმოსახედიდან ასე ვიტყვი: მე ამ ინდუსტრიაში, როგორც ქალმა საერთოდ სხვა მიდგომა შემოვიტანე – უხეში ხუმრობების ნაცვლად, აქცენტი განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებასა და კულტურული განსხვავებების მიმღებლობის ხაზგასმაზე გავაკეთე. ეს გაცილებით უფრო მომგებიანი მიდგომა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც გართობასთან ერთად უშუალო გარემოში მიწოდებული შემეცნების შინ წაღებაც მოეწონა“.
დღეს მისი ხედვა ასეთია – შეცდომაა, როცა ქალები საკუთარ თავს ბარიერებს უწესებენ: „ზოგჯერ გვგონია ან გვაჯერებენ, რომ წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ შემთხვევითია და არა – ჩვენი ნიჭის და ძალიან დიდი შრომის შედეგი. ეს ასე არ არის“.
P.S. თუ ისევ გაინტერესებთ – ბევრი და ძვირადღირებული კვლევით დადგინდა, რომ შოტლანდიური ვისკის დასაყენებლად საუკეთესო ამერიკული ჯიშის მუხაა.