ეგ Yale-ში გასწავლეს?!

ავტორი: ლევან მარგველაშვილი

ილუსტრაცია: Thomas Pennant

2015 წელს, პირველი კურსის ზამთრის არდადეგებზე საქართველოში დავბრუნდი, მეგობრები თბილად დამხვდნენ, თუმცა ვატყობდი – ეჭვის თვალით მიყურებდნენ, აინტერესებდათ, რამდენად შემცვალა ამერიკამ. როცა მიხვდნენ, რომ ისევ ისე ვსაუბრობდი, იმავე ხუმრობებზე ვიცინოდი, და, ზოგადად, მე – ისევ მე ვიყავი, კითხვების ფოკუსი ძირითადად Yale-ზე, ანუ ჩემს უნივერისტეტზე გადავიდა: “სიმკაცრეა? პროფესორები მართლა ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან?..” ერთი შეხედვით, ეს კითხვები საკმაოდ ლოგიკურად ჟღერდა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ამ კითხვების მიღმა, ქართველების საფუძველშივე მცდარი წარმოდგენები იმალებოდა, კონკრეტულად, ამერიკულ უმაღლეს განათლების სისტემასთან დაკავშირებით. მსგავსი კითხვები ყოველთვის ფოკუსირდება განათლების ვიწრო ფორმალურ დეფინიციაზე, და მიღმა რჩება განათლებისთვის, როგორც თვითშემეცნების პროცესისთვის, მთავარი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტები. როცა პირველი კურსის შესწავლა ეკონომიკის განხრით დავიწყე, ლექციას 240 სტუდენტი ვესწრებოდით. სტუდენტთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პროფესორი ყველას ისეთი ყურადღებით ეპყრობოდა, თითქოს სწავლის დამთავრების შემდეგ თითოეული ჩვენგანი ა.შ.შ-ს ფედერალური რეზერვების ბორდის წევრი, მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე პერსონა უნდა გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსსა და ნებისმიერ სხვა მიკრო-ეკონომიკის შესავალ კურსს შორის ღრმა შინაარსობრივი განსხვავება არ იკითხებოდა, თვალშისაცემი იყო ერთი ფაქტორი: უკიდეგანოდ წარმატებული პროფესორის სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მთლიანად იმ დაშვებაზე იდგა, რომ თუ ჩვენ, სტუდენტები, გულმოდგინედ და დაუღალავად ვიშრომებთ – ყველაფერს მივაღწევთ.

სწორედ ეს დამოკიდებულება იყო სტუდენტებსა და ფაკულტეტის ზეპირსიტყვიერი და იდეური შეთანხმების შედეგი, რომელზე დაყრდნობითაც, ყველა თავაუღებლად ვშრომობდით საერთო მიზნებისთვის და წარმატების მისაღწევად. სწორედ ამ და სხვა პროფესორების გამორჩეულად შთამაგონებელი მიდგომა იქცა, საუნივერსიტეტო ცხოვრების მანძილზე, ჩემი თავდაჯერებულობის ერთ – ერთ მთავარ წყაროდ. პროფესორების ნდობა მათი სტუდენტების მიმართ არ არის ბრმა ოპტმიზმი. სტუდენტების მიმართ გამოცხადებული ნდობა გამოწვეულია მოტივირებული, მამაცი და ინოვაციური სტუდენტური ერთობისგან, რომლის თითოეულ წევრსაც სიღრმისეულად გაცნობიერებული აქვს თუ რატომ სწავლობენ უნივერსიტეტში. სწავლობენ არა დიპლომისთვის, არამედ ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის, რომლებიც მათ მიზნების მიღწევაში და საკუთარი იდეების განხორციელებაში დაეხმარება. ის სტუდენტები, რომლებიც ბევრს შრომობენ უნივერსიტეტში მოსახვედრად და ადგილის დასამკვიდრებლად, რომლებსაც სწორედ ესმით განათლების მიღების მნიშვნელობა და ფუნქცია, ქმიან გარემოს, სადაც საყვარელი საქმის კეთება და ცნობისმოყვარეობის დაბანდება – ნორმაა და არა გამონაკლისი. აღსანიშნავია, რომ შრომისმოყვარეობისა და თავდაჯერებულობის განვითარება, გარკვეულ მითითებებსა და სწორ გზაზე დაყენებას მოითხოვს. როცა პირველად Yale-ში მოვხვდი, 18 წლის ვიყავი – მანამდე არასდროს ვყოფილვარ ამერიკაში და არც მარტო ცხოვრების გამოცდილება მქონია. საკმაოდ ნაივური აღქმა მქონდა იმისა, თუ როგორ მუშაობს ამერიკის განათლების სისტემა. საბედნიეროდ, Yale-ის უნივერსიტეტი უამრავ რესურსს და შესაძლებლობას ფლობს, რათა სტუდენტები მარტივად მოერგონ იქაურ საგანმანათლებლო კლიმატს. მაგალითად, პროფესორებს მტკიცედ განსაზღვრული კლასგარეშე საათები აქვთ, რათა სტუდენტების დამატებით კითხვებს უპასუხონ ლექციების განმავლობაში განხილულ იდეებსა და კონცეფციებზე. ე.წ “ტუტორები” და წერილობითი დავალებების შესრულებისთვის გამოყოფილი პარტნიორები, სტუდენტებს ისეთი ტიპის დავალებების შესრულებაში ეხმარებიან, რომელიც აქამდე არასდროს გაუკეთებიათ. კარიერული სტრატეგიის დაგეგმარების ოფისი და მრავალფეროვანი სფეროს წარმომადგენელი პროფესორები, სტუდენტებს სიამოვნებით ეხმარებიან პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი რჩევების მიღებაში. სხვადასხვა კლუბები და დეპარტამენტები საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, რომ ახალი იდეები განახორციელონ. ამ რესურსების არსებობა Yale-ის ფილოსოფიას ასახავს – ამბიციურ და ჭკვიან ახალგაზრდებს, აუცილებლად სჭირდებათ ბრძენი და ინფორმირებული მენტორები იმისთვის, რომ ნიჭიერი სტუდენტებიდან კონკურეტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – “მერე რა, რა არის ამაში განსაკუთრებული?”, Yale-ს 30 მილიარდი დოლარი აქვს – ცხადია, ასეთი მატერიალური უზრუნველყოფის ფარგლებში, უნივერსიტეტს თავისუფლად შეუძლია თავის სტუდენტებს უამრავი რესურსი გაუზიაროს და თავდაჯერებულება შემატოს. ჩნდება კითხვა – რა შეიძლება ქართულმა უნივერსიტეტებმა ამ ინსტიტუტიდან ისწავლონ, როდესაც ეს სისტემა ასეთი მოწყვეტილია ქართული რეალობისგან? არსებობს ელემენტები, რომლებიც ყველა უნივერსიტეტისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა – ყველა გადავწყვეტილება ლიმიტირებული, ხელმისაწვდომი რესურსებისგან და პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს. მე ქართული საჯარო სკოლა დავამთავრე და საკუთარ მაგალითზე ვიგრძენი, თუ როგორ ანიჭებს ქართული სკოლა პრიორიტეტს ზედაპირულ ღონისძიებებს, იმის მაგივრად, რომ სიღრმისეულ რეფორმებში და მაგ. ე.წ “community building”-ში ჩადოს ძალისხმევა.

სამწუხაროდ, იგივე ხდება ბევრ უნივერსიტეტშიც. უნივერსიტეტის უმრავლესობა ოპერირებს იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ განათლება დაზეპირებისა და ცოდნის ტექნიკური შეძენის ის კომბინაციაა, რომელიც მრავალი საუკუნეა არსებობს. ინტელექტუალური გარემო, მენტორული პროგრამები და სტუდენტური კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესი იდეებია, თუმცა ზედაპირული მიდგომები ამ იდეებს ვერ ანვითარებს. იმპერია, რომელიც მსგავს მიდგომებზე იდგა, საბედნიეროდ, 1991 წელს დაინგრა. ცხადია, რომ ქართულმა ინსტიტუტებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდონ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა – მაგალითად, სტუდენტური პროექტების დაფინანსების სახით. ამავდროულად, უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს უნივერსიტეტის მიერ ფინანსური რესურსების გამოყენება – თუნდაც სტუდენტებთან უფრო ნათელი, პირდაპირი და გამჭვირვალე კომუნიკაციის შედეგად. ისეთი პრაქტიკა, როგორიც, მაგალითად, კურსდამთავრებულთა საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაა, სადაც ყოფილი სტუდენტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ უნივერსიტეტებმა სტუდენტებისთვის მიწოდებული სერვისების ეფექტურობას ტექსტი ჩაუტარონ.

უნივერსიტეტების მიერ თავიანთი ფილოსოფიის რედეფინიცია, რომელიც განაპირობებს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს უვითარდება ცხოვრებაში გამოყენებადი უნარ-ჩვევები, იწყება შიდა რეფორმებით. სტუდენტებისთვის ინფორმირებული რეფორმების გატარება სასიკეთო შედეგების გარანტიაა. ზოგიერთი ცვლილება, ცალკე აღებული, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, მაგრამ ამ ცვლილებათა ნაკრების სისტემაში გაერთიანება, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ფუნდამენტურ ცვლილებათა კომბინაცია, ნებისმიერ სისტემაში ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ისეთი სტუდენტების მზარდი რაოდენობა, რომლებსაც სჯერათ, რომ შეძლებენ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას და კარიერის შექმნას, თანდათანობით მთლიან საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას. ასეთი სტუდენტების რამდენიმე თაობა, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კულტურის ფორმირებას განაპირობებს, შედეგად მყარდება წარმატების სტანდარტი და იბადებიან ლიდერები. Yale-ის უნივერსიტეტს რამდენიმე სასულიერო პირმა, ორმოცამდე შემოწირულმა წიგნმა და რამდენიმე სტუდენტემა ჩაუყარა საფუძველი. მას შემდეგ ამ ინსტიტუტმა დიდი გზა გამოიარა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც იგივე გზის გავლა ჩვენს უნივერსიტეტებს არ ძალუძთ.