ინტერვიუ თათა ქსორველთან
ავტორი: თამარა კაჭახიძე
ფოტო: ანა ბოკო
Forbes Woman Georgia-ს განახლებული ნომრის პრეზენტაცია 11 აპრილს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. რატომ Moma? იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც უძველეს ელემენტებს თანამედროვეობის მკაფიო დეტალები ერწყმის, რომლის დიზაინი და ინტერიერი ცხადყოფს, რომ შენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ახალი მოულოდნელობა დაგხვდება.
11 აპრილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვისაც სიმბოლური თარიღია. სწორედ ამ დღეს საზეიმოდ გაიხსნა არქიტექტურული მონუმენტი “სიყვარულის ვაშლი.” სიმბოლური იყო ასევე ბიზნესისა და ხელოვნების ესთეტიკის შერწყმაც, რამაც Forbes-სა და Moma-ს კოლაბორაცია უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გახადა. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ კი ყველაზე კარგად თათა ქსოვრელმა იცის, მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, რომლისთვისაც MOMA ამოუწურავი თავგადასვლების ერთი დიდი ამბავია.
დავიწყოთ თავიდან, ვინ არის თათა და რა არის მისი პირველი მოგონება ხელოვნებაზე?
ეს ყველაზე მგზნებარე და ინტენსიური კოცნაა მთელი დასავლეთის ისტორიაში; შეხება და სინაზე რომანტიზმისთვის დამახასიათებელი, კონცენტრირებული დეტალებზე და გაჯერებული შეთქმულებისა და საფრთხის ელემენტებით. ეს კომპოზიცია ყველასგან გამორჩეულია და მას Francesco Hayez-ის “The kiss” ჰქვია. სწორედ ისაა ჩემი პირველი მოგონება ხელოვნებაზე.
როდესაც 12 წლის ვიყავი, მახსოვს თუ როგორი დიდი გავლენა მოახდინა ამ ნამუშევარმა ჩემზე, თუ როგორ აღმაფრთოვანა და სამუდამო მოგონებად დარჩა ჩემს გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და არც კი მქონდა ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი, არასოდეს დამავიწყდება ის ემოციები, რომლებიც პირველად, მისი დანახვისას დამეუფლა. მე კი თათა ვარ, გოგონა, რომელიც ხელოვნებათმცოდნეა და, ამჟამად, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მუშაობს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა მე ის ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
როცა საქმე ხელოვნებას ეხება, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი კონკრეტული ინტიმური ხაზი, სადაც ყველაზე მძაფრად აღვიქვამთ მასთან კავშირს. რა არის ეს თქვენთვის?
ჩემში პირველი არის ემოცია. როგორც კი ის მოდის, როგორც კი ამ ემოციას ვგრძნობ, ვიწყებ ფიქრს, დეტალურად ვაკვირდები ნამუშევარს და ვცდილობ, აღმოვაჩინო თუ რამ გამოიწვია ჩემში ეს. ზოგადად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა ნამუშევარს დავაკვირდე, აღვიქვა და შევისწავლო, თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევები, იქნება ეს ფერწერული ტილო, ქანდაკება თუ კონცეპტუალური ობიექტი – როცა მე რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. ეს ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია.
როგორია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ისტორია და როგორ აღმოჩნდით მის სათავეში?
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ძველი კადეტთა კორპუსის შენობაშია, თუმცა სხვადასხვა დროს აქ იყო ტექნიკური ინსტიტუტი, საერთო საცხოვრებელი, საბავშვო ბაღი და ბანკი. 2005 წელს მუზეუმის გამართვის მიზნით დაიწყო მისი რეკონსტრუქცია და რესტავრაცია. Moma-მ, როგორც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, 2012 წელს დაიწყო ფუნქციონირება. მე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოვედი აქ. როდესაც გავიგე თბილისის ახალი მუზეუმის შესახებ, რომელიც ჯერ მხოლოდ 1 წლის იყო, სიამოვნებით დავთანხმდი მის განვითრებაში ჩართვას და აი, დღემდე ვცდილობთ, რომ მუზეუმის ცხოვრება სწორი მომართულებით წარიმართოს.
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. ის თითქოს თავისით გკარნახობს, რა უნდა გააკეთო და როგორ. ახლა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც Moma-ს ელის, ეხება “საქართველოს მატიანეს,” მონუმენტს, რომელზე მუშაობაც უკვე 35 წელია გრძელდება, და მისი საბოლოო სახე სულ ცოტა ხანში დასრულდება. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ უნდა ვთქვა, რომ მეც ეტაპობრივად ვიზრდები ამ მუზეუმთან ერთად.
რა გამოწვევებს უკავშირდება თქვენთვის, როგორც ქალისთვის, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული გადაწყვეტილელების მიღება?
მგონია, რომ როდესაც მუზეუმის სათავეში ხარ, შენ აუცილებლად უნდა იყო სენსიტიური, შენ უნდა შეგეძლოს ესთეტიკის აღქმა და სიღრმისეული დეტალების დანახვა. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ეს პოზიცია ყოველდღიური თავგადასავალია, რადგან მიწევს არა მხოლოდ ესთეტიკაზე და დეტალებზე კონცენტრირება, არამედ უამრავი შეხვედრისთვის თუ მოლაპარაკებისთვის მომზადება. მუზეუმის ცხოვრებაში, ცხადია, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამოფენებს, ამისთვის მომზადება კი რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზაა – იფიქრო შენს თითოეულ ნაბიჯზე, მაგრამ მიიღო ყოველი პატარა მომენტით სიამოვნება – ეს უკვე საკუთარ თავთან გამარჯვების ტოლფასია, რომ შენ ეს გამოგივიდა.
21-ე საუკუნე თანამედროვე ხელოვნების ეპოქაა, როგორია ქალის როლი ამ სფეროში, კერძოდ კი საქართველოში?
მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში ქალის როლი ხელოვნებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ–ერთი წამყვანიც კი. დღესდღეობით ჩვენთან ბევრი თანამედროვე და ახალგაზრდა არტისტი ქალია. მათი ნამუშევრები ძალიან მომწონს, თუმცა უფრო მეტად აღმაფრთოვანებს ის ფაქტი, თუ როგორი ძლიერები არიან ისინი.
როგორ შეიძლება იქნეს სულიერი სიმშვიდე მასტაბურ ბიზნესად – ანუ ხელოვნება, რომელიც საზღვრებს სცდება
დღეს ხელოვნება ერთ–ერთი ძალიან მომგებიანი ბიზნესის სფერო გახდა. ის მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში, აქტუალურია და ძალიან ბევრი ნამუშევრის ღირებულება საკმაოდ ძვირადაა შეფასებული. თუ ჩვენ ხელოვნებას, როგორც ბიზნესს, ისე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ძალიან წარმატებული “ბიზნეს მოდელია,” მაგრამ ვთვლი, რომ აღნიშნული ორი სფერო ერთმანეთში მაინც არ უნდა აგვერიოს. ყველაფერი, რაც პოპულარულია და რაც იყიდება, ხელოვნება არ არის. არსებობს ნამუშევრები, რომლებიც საპნის ბუშტებივით ლამაზები და მიმზიდველები არიან, მათ მოკლე დროში მოიპოვეს პოპულარობა, თუმცა როგორც ფარფატა საპნის ბუშტები სკდებიან და ანაცვლებენ ერთმანეთს, ისევე ხდება ამ მოკლე დროში დამკვიდრებულ ტენდენციებშიც. ისინი სწრაფად იცვლებიან და აქტუალურობასაც ხშირად ასევე სწრაფად კარგავენ.
თუმცა, არსებობს ნამუშევრები, რომლებსაც დროის ცვლილება ვერაფერს აკლებს. ინდივიდუალურ ვიზუალურ ეფექტთან ერთად, რომელთა შექმნის დროსაც ხელოვანებს დიდი მონდომება და გულწრფელი ხედვის გამოყენება დასჭირდათ, ისინი ამაყად რჩებიან ეპოქაში და იმკვიდრებენ თავს გამოჩენილი ხელოვნების ნიმუშების გვერდით. ხელოვნება რომელიც თავს იმკვიდრებს, ვთვლი, რომ თვითონვე იკვლევს გზას ბიზნესშიც.
ქალები ხელოვნებაში – თქვენებური ამბავი
ჯერ ცოტა ლეგენდებს გავყვეთ, ცოტა რომანტიკულებიც გავხდეთ… ყველა უდიდესი მხატვრის მუზა ხომ ქალი იყო… ქალი აძლევდა მათ ინსპირაციას, შთაგონებას… მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ქალები უდიდეს როლს თამაშობენ ხელოვნებაში. პირადად მიწევს შეხვედრა ქალებთან, რომლებიც სხვადახვა ქვეყნიდან არიან და ისინი არა მხოლოდ ლოკალურ, გლობალურ კონტექსტშიც ძალიან წარმატებულებად მოღვაწეობენ. ეს ქალები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებიდან არიან: გალერისტები, მხატვრები, კურატორები… ძირითადად, ეს შეხვედრები სამსახურეობრივ ხასიათს ატარებს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩემს გაოცებას იწვევს, თუ როგორ ვერასდროს ვწურავთ ერთმანეთს ქალები.
არსებობს თუ არა ადამიანი ან კონკრეტული ფიგურა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მუდამ მოტივაციით გავსებთ?
ჩემი პირველი შეხება ხელოვნებასთან იყო, როდესაც მე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. სწორედ აქ გავიცანი ჩემი პროფესორი, ლიკა ანთელავა, ქალი, რომელმაც მაზიარა ხელოვნების საწყისებს, შეიძლება ითქვას, რომ მან მასწავლა ხელოვნების ანბანი. დღემდე, მე სწორედ ამ მიმართულებებით ვხელმძღვანელობ. გარდა ამისა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა, რომლებიც ცხოვრებისეულ მოტივაციას და სტიმულს მაძლევენ. ხშირად საზღვარგარეთის წამყვანი მუზეუმების დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის მათი გაცნობა და ამით ვხვდები თუ როგორ უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე. ერთი სიტყვით – ჩემი მოტივაცია შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები მათთან ურთიერთობაა და დადებითი ენერგიით დამუხტვაა.
რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც თავს სწორედ ხელოვნების სფეროში ხედავენ, მაგრამ სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმა?
იყო არტისტი, ხელოვანი… ეს რაღაცნაირად შენში უნდა იჯდეს, შენი ცხოვრების აზრს წარმაოდგენდეს, ქმნიდეს შენი თავის განუყოფელ ნაწილს. დღეს კონკურენცია ძალიან დიდია და ამ სფეროში მოღვაწეობა ფსიქოლოგიურად შეიძლება ძალიან რთული და დამთრგუნველიც კი იყოს. ამიტომ თუ ეს შენი არ არის, თუ შენ არ შეგიძლია ბოლომდე დაიხარჯო და მაქსიმალური ენერგია ჩადო ამ საქმეში, მგონი არ ღირს გარისკვა.
როცა შენი საქმე ემოციებიდან მოდის და ცხოვრებისეული მოთხოვნილებაა, მერე უკვე ყველა გრძნობს ამას და ხედავს შენს ნამუშევარშიც. ასევე, აუცილებლად უნდა იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე, ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ბევრი ნახონ, ამით უფრო მეტს გაიგებენ და, რაც მთავარია, აუცილებელია ცნობისმოყვარეობა! ასევე ვურჩევდი, რომ იყვნენ ინდივიდუალურები, აკეთონ ის, რაც ნამდვილად მათშია და ეს ნამდვილად მოუტანს მათ წარმატებას.