გზა ევროპისკენ

ინტერვიუ თამარ ხუნწარიასთან

ავტორი: სოფო კარგარეთელი

ფოტო: ანა ბოკო

თამარ ხუნწარია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია. ეს ის პროგრამაა, რომლის ჯამური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში 180 მლნ. ევროს უტოლდება, ბენეფიციართა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს. ალბათ, ამ რიცხვებიდან მარტივად ჩანს, რომ ეს ევროკავშირის უპრეცენდენტო ფინანსური მხარდაჭერაა, კონკრეტულად, ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობისთვის. ENPARD თამარის პირველი შეხება არ არის დასავლეთთან. ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, 90-იან წლებში, როცა 17 წლის თამარ ხუნწარია, არც მეტი არც ნაკლები, პირველ გამოწვევას თანხმდება და მიდის მსოფლიოს ერთერთ ფინანსურ ცენტრში, ლონდონში, 6 თვიანი კონტრაქტით.

„90-იან წლებში, როდესაც ძალიან ადრე იყო საუბარიც კი საზღვარგარეთ ცხოვრებაზე, 1996 წელს 6 თვით, როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, სასწავლებლად წავედი დიდ ბრიტანეთში. ადრეულ ასაკში გავიარე ყველა ის საფეხური, რაც უკავშირდება დამოუკიდებლად ცხოვრებას. საქართველოში დაბრუნებიდან 3-4 თვეში, ძალიან უცნაურია, მაგრამ მივიღე შემოთავაზება კონტრაქტით წავსულიყავი ლონდონში და მემუშავა ისეთ საინტერესო საქმეზე, როგორიც არის საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ტურისტული ურთიერთობების ხელშეწყობა. ეს იყო ჩემთვის დიდი სიახლე, გამოწვევა და უდიდესი გამოცდილება. სწორედ ამ დროს ჩამოვიყალიბე ის პროფესიული უნარები, რაც დღემდე მომყვება“, – Forbes Woman-ისთვის თამარი თავის ამბის მოყოლას ასე იწყებს.

თამარ ხუნწარია იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, წარმატებები რომ ლანგრით მისდით. მხოლოდ სერიოზული შრომის და ძალისხმევის შედეგად გაჩნდა მის ბიოგრაფიაში ჩანაწერები: ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი პოლიტიკაში, აშშს ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში და სხვა.

ვამაყობ, რომ საკუთარი შრომით და ძალისხმევით სხვადასხვა დროს მიღებული მაქვს რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური ჯილდო. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჩივნინგის (Chevening) სტიპენდია, რომელიც მომავალ ლიდერებს და გამორჩეულ ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღონ. სრული დაფინანსებით ვისწავლე ედინბურგის უნივერსიტეტში და მივიღე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი პოლიტიკაში. ეს ყველაფერი ხდებოდა 2004-2005 წლებში. ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ევროკავშირი. მაშინ ქვეყნის შიგნითაც ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები იყო. ვიწრო სპეციალობად, საკვლევად, ავირჩიე ევროკავშირის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში; ერთი წელი ვიმუშავე ამ თემაზე ედინბურგის უნივერსიტეტში.

მიღებული მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის (Muskie) პრესტიჟული სამაგისტრო სტიპენდიაც, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლე სახელმწიფო მართვის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე და კიდევ უფრო გავაღრმავე ცოდნა მართვის კუთხით. აშშში 2 წლიან სწავლის პარალელურად, ნიუიორკში პრაქტიკას გავდიოდი, ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI) და მისი გამოცემა “EurasiaNet”.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აქტიურ პროფესიულ კარიერასთან ერთად, კვლავ შევუდექი აკადემიურ საქმიანობას. როგორც დასავლეთის უმაღლესი განათლების პროგრამების კურსდამთავრებულს, ღია საზოგადოების ინსტიტუტმა შემომთავაზა უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის აკადემიური სტიპენდია საქართველოში სწავლებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევდა უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ახალგაზრდა მეცნიერებს ინტეგრირებულიყვნენ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, საკუთარი ცოდნა გადაეცათ მომავალი თაობისთვის და ერთგვარად ქვეყანაში ინვესტირება მოეხდინათ იმ ცოდნის, რაც საზღვარგარეთ სწავლისას შეიძინეს. დიდი სიამოვნებით მივიღე ეს შემოთავაზება და საკუთარ გადატვირთულ დღის წესრიგს სალექციო საათებიც შევუთავსე.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლება ძალზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესია, მას დღემდე დიდი სიამოვნებით ვაგრძელებ. პირველ რიგში, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობაცოდნა გადასცე მომავალ თაობას, თუმცა ამავდროულად, ეს თვითგანვითარების პროცესია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მალევე გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე. კვლავ კონკურსის გზით, კვლავ სრული დაფინანსებით, მოვხვდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქსფორდის (Oxford PhD) საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე. 2015 წელს დავიცავი აკადემიური ხარისხი. გახლავართ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში.

10 წელზე მეტია ლექციებს ვკითხულობ სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ამჟამად ვარ საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ვასწავლი აკადემიურ კვლევას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის პოლიტიკას“, – თამარ ხუნწარიას აკადემიური მხარე ასე შთამბეჭდავად გამოიყურება.

და ახლა საქართველოში ხართ, დღეს თბილისი ის ადგილია, სადაც საკუთარ თავს ხედავთ?

შესაძლებლობები შეუზღუდავია. მიზანდასახულობა და რწმენა ყოველთვის მაძლევს საშუალებას ვიფიქრო და ვიოცნებო იმაზე ბევრად უფრო მეტზე, ვიდრე მაქვს. დღეს არის მოცემულობა, როცა ოჯახთან ერთად ვარ თბილისში, ვმუშაობ ჩემს თავსა და გეგმებზე, რომელიც უკავშირდება საზღვარგარეთს.”

ვიდრე საქართველოში ხართ, მოდით ვისაუბროთ თქვენს საქმიანობაზე. როგორ გახდით ENPARD-ის გუნდის წევრი და სად საქმიანობდით მანამდე?

„ENPARD-მდე ჩემი ყველა პროფესიული საქმიანობა უკავშირდებოდა ევროკავშირს სხვადასახვა კუთხით. ვიყავი ევროკავშირისაქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი 5-6 წლის განმავლობაში. ძალიან მეამაყება, რომ როგორც ქართული და ევროპული მსხვილი ბიზნესის გამაერთიანებელი ასოციაციის წარმომადგენელი, ვმონაწილეობდი ასოცირების შეთანხმების და მისი განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მოლაპარაკებების პროცესში.

რაც შეეხება ENPARD-, იგი არის ევროკავშირის უპრეცენდენტო მასშტაბის პროგრამა, რომელიც გულისხმობს, სოფლის და სოფლის მეურნეობის ევროპული სტანდარტებით განვითარებას. მე ვხელმძღვანელობ მის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას, თუმცა, ამავდროულად, ვახდენ კოორდინაციას, ვთანამშრომლობ ყველა იმ მხარესთან, რომელიც ჩართულია პროგრამის განხორციელებაში, მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მედიასთან და სხვა.

ჩემი ინტერესი და შემხებლობა ამ პროგრამასთან, გამოიწვია ისევ ევროკავშირის მიმართ ინტერესმა. დღეს ჩვენ ევროკავშირის დახმარებით საქართველოში სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს ვნერგავთ, ეს მოიაზრებს მმართველობის თანამედროვე და წარმატებულ ფორმებს, რაც გულისხმობს ადგილობრივების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გულისხმობს იმ სოციალური პლატფორმების შექმნას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად იყოს მონაწილე განვითარების პროცესებისა, თავად განსაზღვრონ გავითარების სტრატეგიები კონკრეტული მუნიციპალიტეტის, სოფლის, თემის. ეს არის ის პროგრამა, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს ხარისხის ამაღლებას ადგილობრივი მოხმარების პროდუქტზე, ასევე, ზრდის საექსპორტო პოტენციალს ევროკავშირის ბაზარზე, რაც ჩვენთვის სტარეგიული მნიშვნელობისაა. ამიტომ ამ თემებზე მუშაობა, თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ დღის წესრიგით მუშაობენ, არის ძალიან საინტერესო, ფაქტიურად, ქვეყნის განვითარების პულსზე გიდევს ხელი. დღეს ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობა, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრის სიკეთეები გამოვიყენოთ. ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ეს არის ჩვენი ექსპორტის ზრდის და დივერსიფიკაციის საშუალება. საქართველოს პოლიტიკური და გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებით, სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ბაზრების დივერსიფიკაცია. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია, ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მესამე ქვეყნებს, მეტად დაუახლოვდნენ ევროპას და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

თქვენი გადმოსახედიდან ქართული ტემპი ამ მიმარულებით როგორია?

ჩემი დაკვირვებით აქტიურად მიდის მუშაობა. ასოცირების შეთანხმების ვადები სხვადასხვა სექტორალური რეფორმების კუთხით დროში გაწერილია. აუცილებელია, საშინაო დავალება შესრულდეს.”

საინტერესოა, როგორ შეასრულეთ პირადი საშინაო დავალება, ანუ რის ხარჯზე გახდით წარმატებული და, ზოგადად, თქვენი აზრით, სად არის ქალების წარმატების ფორმულა?

შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლაცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაძლიერებდნენ და მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამევითარებინა და წინსვლა არ შემეჩერებინა. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, როცა შენი შესაძლებლობების სჯერათ. ჩემთვის ასეთი ადამიანი ყოველთვის იყო და ახლაც არის დედა, რომელიც ბავშვობიდან მინერგავდა წინსვლის სურვილს, მასწავლიდა, რომ კომფორტზონაში ყოფნა სტაგნაციის ტოლფასია, და რომ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება განვითარების საწინდარია. მოგვიანებით, ეს ფაქტორი ჩემი მეუღლე და შვილი გახდნენ, მათ გვერდში დგომას მუდამ ვგრძნობ, მათთან ერთად ახალი ენერგიით და იდეებით ვივსები. ჩემს 10 წლის ნიცას ვცდლობ ჩავუნერგო ის პრინციპები, რომელიც გამოადგება როგორც ქალს და გააძლიერებს მომავალში.”

გენდერი როგორც პრობლემა – თუ გქონიათ გენდერული ნიშნით გამოწვევა პროფესიულ საქმიანობაში და სად არის მისი დაძლევის გასაღები?

საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ ისევ გვიწევს ძალიან პატრიარქალურ სახელმწიფოში ცხოვრება. ქალებს ძალიან დიდი გამოწვევების ფონზე გვიწევს იმ მიზნების მიღწევა, რაც დასახული გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობს სტერეოტიპები სოციალური თუ ტრადიციებიდან გამომდინარე; ეს ბარიერები ძალიან დიდ ხელისშემშლელ ფაქტორად მესახება. ისინი ორმაგად ამძიმებენ იმ ტვირთს, რაც მამაკაცებთან შედარებით ქალებს ისედაც გვაქვს. ცხადია, როგორც ქალს მეც მქონია ასეთი არა ერთი გამოწვევა და არაერთ ეტაპზე, თუმცა ვთვლი, რომ ამ გამოწვევების დაძლევა პრინციპულობისა და მიზანდასახულობის ხარჯზე შევძელი. რაღაც ეტაპზე გამოდის, რაღაც ეტაპზე შეიძლება შეფერხდე, თუმცა, მთავარია, მიზნისკენ სვლა არ შეაჩერო, იარო წინ და არა უკან, მუდმივ მოძრაობაში ყველაფერის მიღწევა შეიძლება.”

ახლა ყველაზე აქტიური ეტაპია საქართველლოში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, აქტიურობენ მოზარდები. თქვენი აზრით, დღეს არსებული რეალობა როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ?

ქალთა მოძრაობები, ეს არის ის პლატფორმები, რომელიც ბევრ ქალს აძლევს შანსს, რომ არა მხოლოდ კარიერულ წინსვლას მიაღწიოს, არამედ თუნდაც ახლიდან დაიწყოს ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ ქალები ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ერთამანეთს დავეხმაროთ ხილული თუ უხილავი სოციალური ბარიერების დაძლევაში. ასევე, ვფიქრობ, რომ წარმატების მაგალითები გადამდებია, რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ წარმატებულ ქალბატონებზე, რომლებმაც დაისახეს მიზანი და მიაღწიეს.“

თამარ ხუნწარიას უახლოესი გეგმები ისევ განათლებას და ევროკავშირს უკავშირდება. მაშინ როცა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას აქტიურად ადგას და მაშინ, როცა წინ მთავარი მიზანიაგახდეს საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრითამარი ამბობს: ეს ისტორიული დავალება ყველას ერთად გვაქვს შესასრულებელი. მე მინდა ბოლომდე ამ პროცესის ნაწილი ვიყო.