„გაიღე სისხლი უანგაროდ, გახდი სუპერგმირი“

„სისხლის უანგარო დონორები“ სოციალური პროექტია, რომელიც 2017 წელს ორმა მეგობარმა, მელანო დურმიშიძემ და გიორგი ექსეულიძემ დააარსეს. ამჟამად ჯგუფს ოთხი წევრი ჰყავს – მელანო, გიორგი, თინა და ანასტასია უანგარო, მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან. მათ დღემდე არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს და მომავალშიც ასე აპირებენ გააგრძელონ.

Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მელანო დურმიშიძესთან, რომელიც უფრო უკეთ გაგაცნობთ მათ საქმიანობას.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ორგანიზაციის შექმნა?

ჩვენი საქმიანობა 2017 წელს დავიწყეთ, როგორც სოციალური პროექტი და საერთოდ სხვა სისტემით ვმუშაობდით. თავდაპირველად ადამიანები უბრალოდ გვწერდნენ, რომ კონკრეტული ჯგუფის სისხლი სჭირდებოდათ, შემდეგ ამ ინფორმაციას ვაზიარებდით ჩვენს გვერდზე და სისხლის დონაციის მსურველი უკვე თავად უკავშირდებოდა პაციენტის ოჯახს.

დასაწყისისთვის მე და გიორგიმ ერთობლივად გავაკეთეთ Facebook-ის გვერდი. მუდმივად გვხვდებოდა პოსტები, რომ არის კონკრეტული სისხლის ჯგუფის საჭიროება და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეგვექმნა გვერდი, რომ გაერთიანებულიყვნენ ადამიანები, რომლებსაც სისხლის გაღების მზაობა ექნებოდათ.

რაც შეეხება უშუალოდ სისხლის უანგარო დონორთა ბაზის შექმნას – პანდემიის დროს, როდესაც ყველანი სახლებში ვიყავით და პირველი შოკი გადავიარეთ, გავიაზრეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაა. უფრო მეტი ორგანიზებულობა გვჭირდებოდა. ამავდროულად, სისხლის ბანკებში დონორების მიმართვიანობამ“ ძალიან დაიკლო, სოციალური ქსელის მეშვეობითაც რთული იყო ინფორმაციის გავრცელება და დონორების მოძიება, ამიტომ დატვირთვა მოდიოდა ჩვენზე. შესაბამისად, შევქმენით უანგარო დონორების ბაზა, რომელშიც ადამიანები უმარტივესი, 2-წუთიანი ფორმის შევსებით რეგისტრირდებიან. მათ საჭირო დროს ვუკავშირდებით. ვეუბნებით, თუ სად არის სისხლის ჩაბარების საჭიროება. ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რომელიმე კონკრეტულ სისხლის ბანკთან, დონორი უშუალოდ იქ აბარებს სისხლს, სადაც პაციენტს სჭირდება. ეს სისტემა თავიდანვე გამართულად დაიწყო და ძალიან კარგ შედეგებამდე მივედით.

როგორ იზრდებოდა ორგანიზაცია, როგორ იპოვეთ თანამოაზრეები?

ჩვენ საკმაოდ დიდი მიზნები გვაქვს ამ მიმართულებით. გუნდის ოთხივე წევრი ვართ სრულიად მოხალისეობრივად და პარალელურად ვმუშაობთ კიდეც. მას შემდეგ მომართვიანობამ ძალიან იმატა – გაიზარდა ჩვენი ფიზიკური დატვირთვა, რასაც ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდებოდით. ამიტომ გვსურდა წევრების დამატება. ამ ორ ადამიანს, ვისკენაც გული მიგვიწევდა და გაგვიხარდებოდა, რომ ჩვენი გუნდის წევრები ყოფილიყვნენ, გავუგზავნეთ შეთავაზება, რომ გამხდარიყვნენ ჩვენი გუნდის წევრები და ეკეთებინათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. მათგან მალევე მივიღეთ თანხმობა და დღეს თინა როგავა და ანასტასია კილაძე ჩვენი გუნდის წევრები არიან.

რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად დონაციის შესახებ და ვინ შეიძლება იყოს დონორი

პირველ რიგში, უნდა იყოთ 18-იდან 60 წლამდე, 50 კილოგრამზე მეტი, სისხლის დონაციის დროს აუცილებლად უნდა იყოთ ნასაუზმები და თავს უნდა გრძნობდეთ კარგად. რაც შეეხება სხვა წინაპირობებს, არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებსაც დონორები უნდა აკმაყოფილებდნენ და ჩვენი სარეგისტრაციო ფორმის პირველ გვერდზეა მითითებული. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებით. არის ხოლმე ინდივიდუალური კითხვები, მაგალითად, კონკრეტულ წამალთან დაკავშირებით, თუ რამდენ მილიგრამიანია, ზოგჯერ დონაცია დასაშვებია, თუ დოზა მცირეა, მაგრამ თუ დიდია – აღარ შეიძლება. Facebook-ზე ღია და აქტიურები ვართ, მუდმივად ვიღაც არის ხაზზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კონკრეტული კითხვით მოგვმართოს და თუ ჩვენ თავად არ გვექნება პასუხი, აუცილებლად გავივლით კონსულტაციას, როგორც სისხლის ბანკებში, ასევე ექიმებთანაც და ვუპასუხებთ კითხვებს.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა არ იცის საკუთარი სისხლის ჯგუფი, არის თუ არა ეს პრობლემა რეგისტრაციის დროს?

ჩვენი სარეგისტრაციო ფორმის სისხლის ჯგუფების ჩამონათვალში გვაქვს ერთ-ერთი გრაფა სახელწოდებით „დასაზუსტებელია“. შესაბამისად, მისი მონიშვნაც შესაძლებელია. ხანდახან არის შემთხვევები, რომ პაციენტს ნებისმიერი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება, რაც იმას გულისხმობს, რომ მას სისხლის ბანკიდან მისცემენ მისთვის საჭირო სისხლის ჯგუფს და სანაცვლოდ ამ ადამიანის სისხლის ჯგუფით შეავსებენ სისხლის მარაგს. როდესაც სისხლს აბარებთ, პროცედურა ასეთია: ადგილზე მისვლისას აუცილებლად გიმოწმებენ წნევას, ჰემოგლობინსა და სისხლის ჯგუფს. თქვენ თან აბარებთ სისხლს და ამავდროულად იგებთ თქვენს ჯგუფს. სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც უთითებენ, რომ მათი სისხლის ჯგუფი დასაზუსტებელია, მივმართავთ მაშინ, როდესაც სისხლის ნებისმიერი ჯგუფი ესაჭიროებათ. თუმცა ყოველთვის, როდესაც გვწერენ, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ნებისმიერ ლაბორატორიაში შეუძლიათ, გადაიმოწმონ სისხლის ჯგუფი.

ბევრ საკითხზე საზოგადოებაში მცდარი შეხედულებებია გავრცელებული. რა ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მოვისმინოთ სისხლის დონაციაზე და რა უნდა ვუპასუხოთ მსგავს ფაქტებს?

სისხლის დონაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბევრი მითია გავრცელებული. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა, არის თუ არა რაიმე შანსი დაინფიცირებისა, როდესაც სისხლის ჩასაბარებელ პროცედურაზე მივალთ. ყველანაირი ხელსაწყოს, იქნება ეს ნემსი თუ ის, რაშიც სისხლი გროვდება, ხსნიან შენს თვალწინ – ანუ ამის საშიშროება არ არსებობს. ეს ხდებოდა ადრე, როდესაც არ იყო სტერილიზაციის აპარატები და ა.შ. ახლა ყველაფერი არის ერთჯერადი და ყველაფერი შენ თვალწინ ხდება. ასევე, ხშირად გვხვდება მითი ტატუსთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ვისაც ტატუ აქვს, ვეღარასდროს ვერ ჩააბარებს სისხლს, არადა ტატუირებიდან ერთი წელი თუ უკვე გავიდა და ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, სისხლის დონაცია შესაძლებელია. ერთ-ერთი მთავარი, რაზეც სულ მინდოდა მესაუბრა, ისაა, რომ სისხლის დონაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. დამტკიცებულია, რომ რეგულარული დონაციით ორგანიზმი იწმინდება და ხელს უშლის სხვადასხვა დაავადების არსებობის რისკის ზრდას. ასევე, სისხლის დონაციისას სისხლში რკინის დონე რეგულირდება და სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასაც უშლის ხელს. ეს ინფორმაცია არ იციან ადამიანებმა, ამიტომ ვცდილობთ, ამ კუთხითაც ავამაღლოთ ცნობიერება გარდა იმისა, რომ ვებრძოლოთ სტერეოტიპებს.

მოგვიყევით თქვენს ლოგოზე, რა იდეის მატარებელია იგი?

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა დიზაინერ ანუკა მურვანიძეს, რომელმაც სრულიად უანგაროდ შექმნა იგი. ჩვენს ლოგოზე წარმოდგენილია სუპერგმირი, რადგან ჩვენი სლოგანი არის „გაიღე სისხლი უანგაროდ – გახდი სუპერგმირი“. გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის სუპერგმირობა, მით უმეტეს, როდესა უანგაროდ აკეთებ ამას და თან სრულიად უცხო ადამიანისთვის. ლოგოზე შეამჩნევთ სამ ადამიანს, რომლებსაც გულის ფორმა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი სისხლის დონაციით სამი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, სისხლი იყოფა 3 კომპონენტად – პლაზმა, თრომბოციტები და სისხლი. შეიძლება, ერთ პაციენტს მთლიანად გადაესხას ეს ყველაფერი, მაგრამ, თუ საჭიროება არ არის, შესაძლოა განაწილდეს კიდეც და 3 ადამიანს მოხმარდეს იგი. ზუსტად ამის გამოხატულებაა ეს სამი ადამიანი, რომელთაც 1 სუპერგმირი აერთიანებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კამპანია „მე ვარ სისხლის დონორი“, რომლის ფარგლებშიც სოციალურ ქსელებში ჩვენი სუპერგმირების ფოტოებს ვდებთ.

გაგვიზიარეთ დონორების სულისკვეთება. როგორია მათი მოტივაცია უანგარო დონაციისას?

ჩვენი ერთ-ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ ძალიან გახსნილები ვართ. ხშირად გვეკითხებიან, სად გვაქვს ოფისი. ვეუბნებით, რომ ოფისი არ გვაქვს და მოხალისეები ვართ. ასე ვერსად მოგვაკითხავენ და არც რაიმე კონკრეტულ თანხას ვიღებთ ამ ყველაფერში. ამას რომ ვუხსნით, ინტერესი აქვთ ხოლმე, თან ცოტათი იბნევიან. როდესაც ვურეკავთ ბაზაში დარეგისტრირებულ დონორებს, ვამოწმებთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი, მაგალითად, კოვიდის შემთხვევები, რადგან დონაციისთვის კოვიდიდან 3 თვე უნდა იყოს გასული. შემდეგ უკვე ვეუბნებით, თუ ვის სჭირდება სისხლი და ამ ადამიანზე წარმოდგენებს იქმნიან. ეს დიდ მოტივაციას აძლევს მათ. მაგალითად, იციან, რომ ვიღაცის დედას უნდა დაეხმარონ. ცოტა ხნის წინ 6 თვის ბავშვს სჭირდებოდა 10 დონორი და ძალიან მალე შევაგროვეთ, რადგან უდიდესი გამოხმაურება გვქონდა. ყველაზე კარგი ნაწილი ისაა, რომ პაციენტის ოჯახის წევრებსაც ვაძლევთ უანგარო დონორების ნომრებს, რა თქმა უნდა, მათი თანხმობით და შემდეგ ისინი უკავშირდებიან ხოლმე მადლობის სათქმელად. ჩვენ გვწერენ ხოლმე ისეთ თბილ სიტყვებს, წარმომიდგენია, დონორებს რას ეუბნებიან ოჯახის წევრები.

ზოგადად, ძალიან ემოციური საქმეა, ხშირად კრიტიკულ მომენტში და ფორსმაჟორში მოგვმართავენ ხოლმე, მაგრამ ზემოთ ნახსენები ბედნიერი ამბები აბალანსებს ამ ყველაფერს, თორემ სხვა შემთხვევაში, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვისაც. ამჟამად, ჩვენს ბაზაში გაერთიანებულია 650 ადამიანი, რაც ძალიან კარგი რიცხვია იმის ფონზე, რომ ეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გვერდის გაზიარებებით მოხდა.

თქვენი ქსელი 2017 წლიდან არსებობს, თუ აწარმოებთ სტატისტიკას, რამდენი ადამიანის დახმარება შეძელით და რამდენი დონორი მოიძიეთ?

თავდაპირველად არ ვაწარმოებდით აღრიცხვას, რადგან ორგანიზებული ფორმა არ გვქონდა. შესაბამისად, სტატიკის გამოთვლა ძალიან რთულია, თუ ვიმსჯელებთ იმ ადამიანების რიცხვით, რომლებიც მადლობის გადასახდელად გვიკავშირდებოდნენ 2020 წლის მეორე ნახევრამდე, დაახლოებით, 200-ამდე მადლობის მესიჯი გვაქვს მიღებული. მას შემდეგ, რაც ბაზა გავაკეთეთ, ცხადია, ამ სტატისტიკასაც ვაწარმოებთ. მხოლოდ იანვრის თვეში 73 უანგარო დონორის დახმარებით 35 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევუწყეთ ხელი, ხოლო თებერვლის დასაწყისში კიდევ 8 ადამიანს დავეხმარეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს სუპერგმირებს, იმიტომ, რომ ჩვენ როგორც არ უნდა მოვინდომოთ, მათ გარეშე, ფიზიკურად არაფერი გამოვა.

საქმიანობისას რა სახის გამოწვევები და დაბრკოლებები გხვდებათ, როგორ უმკლავდებით მათ?

პირველ რიგში, ყველაზე რთულია ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ ჩვენ თვითონ არ ვიბარებთ სისხლს, არ ვთანამშრომლობთ არცერთ კონკრეტულ სისხლის ბანკთან და არ ვიღებთ ამაში თანხას. რადგან, როგორც ჩანს, ადრე იყო ასეთი პრეცედენტები, რომ სისხლი იყიდებოდა მაღალ ფასად და ჰგონიათ, რომ ჩვენ ადამიანებისგან უანგაროდ ვიღებთ სისხლს და შემდეგ ამას ვყიდით. Facebook-ზე კომენტარების სახით ძალიან ხშირად გვიწერენ ამას და ვცდილობთ, რომ არცერთი მათგანი არ გამოგვრჩეს უპასუხოდ და ყველაფერი ნათლად ავხსნათ. მეორე დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყნის საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები, რომლებსაც სისხლის დონორი უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის გაიდლაინებით, თუმცა ყველა სისხლის ბანკს აქვს თავიანთი შემუშავებული მოთხოვნები და ბუნებრივია, რომ ესენი ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, ერთგან თუ ტატუდან 1 წელი უნდა იყოს გასული, მეორე ადგილას 6 თვეც საკმარიისია. ეს კი ჩვენს საქმიანობას ძალიან უშლის ხელს. ყოველი შემთხვევის დროს ვცდილობთ, კონკრეტული სისხლის ბანკის მოთხოვნების მიხედვით ვიპოვნოთ დონორები. პლუს ამას, როდესაც ადამიანი მიდის სისხლის ჩასაბარებლად სრულიად უანგაროდ და თავისი სამუშაო დღის რაღაც ნაწილს უთმობს სისხლის ჩაბარებას და უკან აბრუნებენ – ძალიან დიდი დემოტივაციაა მათთვის. თან, როგორც აღვნიშნე, წინასწარ იციან, ვის ეხმარებიან და განწყობა რომ გაქვს და ვერ ჩააბარებ სისხლს, ეს ძალიან ართულებს კომუნიკაციას. გვჭირდება, რომ ერთიანი პოლიტიკა არსებობდეს ამ მიმართულებით.

როგორია ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილება? საქართველოც ამ ტენდენციას მიჰყვება, თუ განსხვავებული სურათი გვაქვს?

ზოგადად, მსოფლიოში სისხლის დონორების დეფიციტი თითქმის ყველგანაა და თითოეული ქვეყანა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ყველაზე კარგი შედეგები ავსტრიას აქვს, მისი მოსახლეობის 66% არის სისხლის დონორი, რაც დაუჯერებელი რიცხვია. ქვეყანას განსაკუთრებული წამახალისებელი აქტივობები არ აქვს და როგორც ჩანს, მხოლოდ სოციალური ფონიდან არის გამოწვეული მსგავსი მიმართვიანობა სისხლის ბანკებში. ასევე, კანადა არის აღსანიშნავი ქვეყანა ამ მიმართულებით, სისხლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი აქვთ, თუმცა დონორების რაოდენობაზე ისინიც აქტიურად მუშაობენ. ვინაიდან ბევრი დონორი არ ჰყავთ, მათაც უჭირთ და მუდმივად კამპანიებს აწარმოებენ. საუკეთესო მაგალითი, რომელიც მეც ძალიან მიყვარს და გვინდა, რომ სამომავლოდ ჩვენს ორგანიზაციაშიც გავითვალისწინოთ, არის შვედეთი. 2015 წელს შვედეთში დაინერგა ასეთი რაღაც, რომ როდესაც ადამიანი სისხლის ბანკში აბარებდა სისხლს და კლინიკა ამ სისხლს გამოიყენებდა – დონორს მისდიოდა SMS, რომ მან გადაარჩინა სიცოცხლე. ამის წყალობით ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში 25%-ით გაიზრდა დონორთა მიმართვიანობა.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მონაცემებით, ჩვენი მოსახლეობის 0,5 %-ზე ნაკლები აბარებს სისხლს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ზუსტად ამიტომ არის, რომ სისხლის ბანკებსაც ძალიან უჭირთ მარაგის კუთხით. ამის მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებასი სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ცნობიერება ძალიან დაბალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს უწერია, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის 40-50%-ს შეუძლია სისხლის დონაცია, რასაც რეალურად არ აკეთებენ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ცოტა შეზღუდულები ვართ გარკვეული მიმართულებებით. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სისხლის დონაციის მნიშვნელობისა და სისხლის გაღების პროცედურების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. გვინდა, რომ ბევრი სოციალური ქსელი მოვიცვათ, ცოტა ხნის წინ შევქმენით ინსტაგრამის გვერდიც, რომლითაც დონორებს ვთხოვთ, რომ სისხლის ბანკში ყოფნისას გადაიღონ ე.წ. „სთორები“, ჯერ ძალიან ცოტა მიმდევარი გვყავს, მაგრამ გვინდა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ. ასევე, ვაკეთებთ საინფორმაციო ბროშურებს, რომლის შექმნაშიც უანგაროდ გვეხმარება გრაფიკული დიზაინერი – ელენე ჩხაიძე. ჩვენი მიზანია, სისხლის გაღება გახდეს სასიხარულო პროცესი და მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სისხლის უანგარო დონაცია მართლა სუპერგმირობაა. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ვინაიდან ეს დაგვეხმარება, ბევრ სხვადასხვა წრეში გავიდეთ და ყველას მივაწვდინოთ ხმა მის მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი გეგმა, რომელზეც აქტიურად ვსაუბრობთ, მაგრამ კოვიდი ხელს გვიშლის, ისაა, რომ გვინდა ღია სივრცეში ერთ ლამაზ, მზიან დღეს ჩვენი სუპერგმირები და ის ადამიანები, რომლებსაც დაეხმარნენ ერთმანეთს – შეხვდნენ. ჩვენი მიზანია, ეს ყველაფერი გადაიქცეს ძალიან დიდ სასიხარულო ამბად. გვინდა, რომ ყველას უხაროდეს იმის თქმა, რომ ის სისხლის უანგარო დონორია.