„ბათუმის ფოტოდღეები“ 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

წელს „ბათუმის ფოტოდღეები“ ახალი მთავარი თემით და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება. 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალი სტუმრებს გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს სთავაზობს.

„ბათუმის ფოტოდღეების“ 2019 წლის და შესაბამისად, მთავარი გამოფენის თემაა “Mirror Land” – „სარკისებრი სამყარო“, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია მედიაწყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „ო. გალოგრეში“ (მისამართი: ზ.გამსახურდიას #29) გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონკურსის წესით შერჩეული 31 არტისტის ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მიზნად ისახავს, ასახოსმსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხელოვანების პირადი გამოცდილება, მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები და დაუკავშიროს ეს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გვაჩვენოს ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რომელიც ჩაგვაფიქრებს, თუ რატომ ვართ აქ, ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გახდეს.დაგვანახოს, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა – ვიცხოვროთ ანარეკლში თურეალობაში.

ასევე, 30 აგვისტოს, 13 საათზე, „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“(მისამართი: ზ გამსახურდიას #1/5) შედგება ფოტოლაბის გახსნა, შერჩეული მონაწილეების შეხვედრა მენტორებთან და პროექტების წარდგენა. ფოტოლაბის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყებ არტისტებს იდეების დახვეწასა და განვითარებაში. ფოტოლაბის გამარჯვებულების ვინაობა 1 სექტემბერს, 15 საათზე გახდება ცნობილი.

31 აგვისტოს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ორ განსაკუთრებით საინტერესო გამოფენას – დორიან ტეტის „ვიზიტს“ და ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგის“ უმასპინძლებს (კურატორი: დინა ოგანოვა).

საფრანგეთში მომუშავე იტალიელი ფოტოგრაფის, დორიან ტეტის „ვიზიტი“ინტიმურობასთან დაკავშირებულ მითებს ეხება: ოჯახს, ურთიერთობებს, სახლებს, მოგონებებს და იდენტობას. ეს არის ფოტოამბავი ადამიანების ყოველდღიურობაზე, სიცარიელის შევსების მცდელობაზე, ძებნასა და გაუცხოებაზე, რომლის შესაქმნელადაც არტისტმა სხვების ცხოვრება მოირგო. ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგი“ პირველი შიშველი ქვიარ ფოტოპროექტია, რომელიც საქართველოში შეიქმნა და გამოიფინა. 2018 წელს ფოტოგრაფმა ქვიარ აქტივიზმისთვის „თანასწორობის ჯილდო“ მიიღო.

„ბათუმის ფოტოდღეების“ ფინალურ გამოფენის – იუსუკე ჰაშიდას „კორეა/საზღვარი“ გახსნას, 1 სექტემბერს, 18 საათზე, კაფე K2 (მისამართი: ნ. დუმბაძის #12-14) უმასპინძლებს (კურატორი: ჟეაუკ კანგი).

ფესტივალის მიმდინარეობისას, „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად, 20 საათიდან გაიმართება ღამის ჩვენებები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები. ღამის ჩვენებების პარტნიორები არიან: CIRCULATION Photo Festival (საფრანგეთი), სააგენტო Prospekt (იტალია),Vilnius Photo Circle (ლიეტუვა) და ISSP (ლატვია).

„ბათუმის ფოტოდღეები“ პროფესიონალ ფოტოგრაფებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს სივრცესშესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვისა და იდეების გაცვლისთვის, ემოციების გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისთვის. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მასშტაბების სიმცირისა, „ბათუმის ფოტოდღეები“ უნიკალური პლატფორმაა, რომელიც არაერთ პროექტს, ექსპერიმენტს, საერთაშორისო თუ სექტორთაშორის თანამშრომლობას უყრის საფუძველს.

Facebook: https://www.facebook.com/batumiphotodays/

Instagram: batumiphotodays