არჩევანის რევოლუცია

ავტორი: ალანა არმიტაჯი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი

სამი ათეული წელი გავიდა და თითქმის მთელი თაობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ხელახლა დაადგნენ საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული განვითარების გზას. ეს რეგიონი ახლა ახალი და განსხვავებული რევოლუციის პროცესშია. სწორედ ამას ვუწოდებ არჩევანის რევოლუციას.

არჩევანი არსებობს მაშინ, როცა ადამიანებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ. არჩევანი იწყება ყველაზე ფუნდამენტური კითხვებით: ვისთან მინდა ყოფნა? მინდა თუ არა, მყავდეს შვილები? რამდენი? რა სამუშაო მინდა შევასრულო? როგორი განათლება მჭირდება? როგორ შევინარჩუნო ბალანსი ოჯახსა და პირად ცხოვრებას, სამსახურსა და სხვა მისწრაფებებს შორის?

ადამიანები წარმატებას აღწევენ იქ, სადაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება თავისუფლად შეუძლიათ. არჩევანი აძლიერებს. და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში არჩევანი სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან ქალები და მამაკაცები, ბიჭები და გოგონები, იყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც მათ ცვლილებების გზაზე მდგარი სამყარო სთავაზობთ. ისინი ასე ქმნიან თავიანთ ცხოვრებას და გეგმავენ მომავალს.

მაგრამ, ყველა თანაბრად ვერ სარგებლობს არსებული უპირატესობით. სინამდვილეში, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც რჩება არჩევანის რევოლუციის მიღმა.

მაგალითად, მარია მოლდოვიდან. ის 16 წლის იყო, როცა პირველად დაორსულდა. კონტრაცეფციისა და ადრეულ ასაკში ორსულობის რისკის შესახებ არაფერი იცოდა.

“დედაჩემთან ასეთი თემები არასოდეს განმიხილავს, მრცხვენოდა”, – გვითხრა მარიამ. “ვფიქრობ რომ ჩვენს ბიოლოგიის მასწავლებელსაც რცხვენოდა, ამიტომ ეს საკითხები გამოტოვა.”

მარიამ სკოლაში სიარული შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი კლასის საუკეთესო მოსწავლეებს შორის იყო. დღეს, 22 წლის ასაკში, მარიას სამი ქალიშვილი ჰყავს. ოჯახს თავის რჩენა უჭირს.

მარიას ამბავი უნიკალური არ არის. მის მსგავსად, მილიონობით ბიჭსა და გოგონას არასოდეს უსწავლია სკოლებსა და ოჯახებში თუ როგორ დაიცვას თავი დაუგეგმავი ორსულობისაგან და როგორ იქონიოს ღირსეული, თანასწორი ურთიერთობები. ისინი მარტონი რჩებიან მათი ცხოვრების გზისათვის პოტენციურად სარისკო შედეგების წინაშე: ადრეულ ასაკში ბავშვის ყოლა ხშირად განათლების მიღების შეწყვეტას ნიშნავს და სიღარიბესა და ძალადობაში ცხოვრების წინაპირობად იქცევა ხოლმე.

მილიონობით ქალი ჯერ კიდევ აგრძელებს ცხოვრებას არათანასწორ ან ძალადობრივ ურთიერთობაში. მათ უფლება არ აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის, ჯანმრთელობის, ან შვილების ყოლის შესახებ და ძალადობის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება უწევთ. შემაშფოთებელია ისიც, რომ, UNFPA-ს მიერ მხარდაჭერილი ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენს რეგიონში ყოველ მესამე ქალს განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გარკვეული ფორმა, ხშირ შემთხვევაში, პარტნიორის მხრიდან.

ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ყველა გოგონა, რომელიც სკოლას ჩამოშორდა, ყველა ქალი, რომელიც სცემეს და რომლის ცხოვრებაც სახლის კედლებით შემოსაზღვრეს, კიდევ ერთი სიცოცხლეა, რომლის პოტენციალის სრულად რეალიზებაც სერიოზული რისკის წინაშე დგას.

ჩვენ, როგორც თანამედროვე საზოგადოება, ვერ დავკარგავთ იმ მილიონობით ადამიანის ტალანტსა და პოტენციალს, რომლებიც განვითრების ტალღის მიღმა დარჩენისა და დისკრიმინაციის რისკის წინაშე დგანან; ესენი არიან ქალები და ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მიგრანტები, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა ჯგუფები, რომლებიც გარიყვის ზღვარზე იმყოფებიან. ეს არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივი. ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად შეძლებენ ქვეყნები გააგრძელონ განვითარება გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.

სასიხარულოა, რომ ცვლიელებები ყველგან შეინიშნება. მშობლები უკვე აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ თავიანთ შვილებს ჯანმრთელი და უსაფრთხო არჩევანის გაკეთებაში. მაშინაც კი, თუ ეს გულისხმობს მათთვის არაკომფორტულ სასაუბრო თემებს, როგორიცაა სექსუალობა. ბევრი ახალგაზრდა პროაქტიურად ერთვება საკუთარი და ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაში. უფრო და უფრო მეტი მამაკაცი იგებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების არსებობა არა მარტო ქალებს აყენებს ზიანს, არამედ ზღუდავს მათ, როგორც პარტნიორებისა და მამების, გამოცდილებას. ადამიანები აღიარებენ, რომ განსხვავებები – იქნება ეს გენდერული, ასაკობრივი, თუ ფიზიკური – გავლენას არ ახდენს ადამიანის სიცოცხლით მინიჭებულ ღირებულებებსა და ღირსებაზე.

გარდაქმნები, რომელზეც ვსაუბრობთ, მყარ ნიადაგს ამზადებს ცვლილებებისთვის. მათ უფრო ახლოს მივყავართ 25 წლის წინ, მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) ჩამოყალიბებული ხედვის რეალიზებისკენ, რომელმაც ინდივიდის უფლებები და არჩევანი საერთაშორისო განვითარების დღის წესრიგის ცენტრში დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ ქალებისა და გოგონების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ადამიანების, ოჯახების, ერების და ჩვენი სამყაროს კეთილდღეობისთვის.

დღეს, როცა ICPD-ის 25 წლისთავს აღვნიშნავთ და მსოფლიო მოსახლეობის შესახებ წლევანდელ ანგარიშს „დაუსრულებელი საქმე: უფლებებისა და არჩევანის ძიებაში” წარვადგენთ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორსა და ინდივიდებს შემოუერთდნენ არჩევანის რევოლუციას. ჩვენ, ყველამ, საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ არჩევანის რეალობად ქცევის პროცესში – კანონების, პოლიტიკის და საკუთარი ქცევებისა და დამოკიდებულებების მეშვეობით.

რამდენიმე ნაბიჯსაც კი შუძლია შორს წაგვიყვანოს. მაგალითად, სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებით, ქალთა მიმართ ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებით და ძალადობას გადარჩენილების მხარდამჭერი სისტემის არსებობით, ბავშვზე ზრუნვის უკეთესი სერვისების უზრუნველყოფით, მშობლის შვებულების და მოქნილი სამუშაო საათების შემოღებით, რათა არცერთ მშობელს არ დასჭირდეს არჩევანის გაკეთება შვილებსა და კარიერას შორის.

ინვესტირება პოლიტიკაში, რომელიც აფართოებს ხალხის არჩევანს და არავის ტოვებს მიღმა, აძლიერებს უდიდეს პოტენციალს, რომელსაც მეცნიერები “ადამიანურ კაპიტალს“ უწოდებენ. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის კომბინირებული უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობისთვის, და ხელს უწყობს სახელმწიფოს ძლიერ პოზიციონირებას, რათა მან ისეთ დემოგრაფიულ გამოწვევებს უპასუხოს, როგორიცაა დაბალი შობადობა და მოსახლეობის დაბერება.

გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გააჩნია 50 წლიანი გამოცდილება ხელი შეუწყოს ქვეყნებს ამგვარი პოლიტიკის დანერგვაში და გაუზიაროს მათ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს გამოიყენონ ის სიძლიერე, რაც არჩევანის თავისუფლების სრულ დამკვიდრებას მოჰყვება.

არჩევანი არ არის მხოლოდ უფლება, რომელიც ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული. ის ჩვენი საერთო მომავლის ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.