ნახევარგამტარების წარმოებაში სპეციალიზირებულ უმსხვილეს ჩინურ კომპანიას SMIC (Semiconductor Manufacturing International Corporation) ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. კონკრეტული სანქციები SMIC-თან პროდუქციის ექსპორტისას ამერიკული კომპანიებისათვის სპეციალური ლიცენზიის საჭიროებას მოიცავს.
A 12-inch wafer at the headquarters of SMIC in Shanghai. Photographer: Qilai Shen/Bloomberg
ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის (U.S. Department of Commerce) განცხადებით, არსებობს მაღალი რისკი, რომ ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ პროდუქციას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს.
SMIC-თან დაკავშირებული შეზღუდვები არა მარტო ხელს უშლის ჩინეთის ნახევარგამტარების ინდუსტრიის განვითარების გეგმას, არამედ მნიშვნელოვნად აზიანებს ჩინეთის ეკონომიკასაც. ვინაიდან ჩინურ კომპანიებში დღესდღეობით არ მოიძებნება SMIC-ის მსგავსი ძლიერი ალტერნატივა, მას აუცილებლად უცხოური კომპანია ჩაანაცვლებს. მაგალითად, ტაივანური კომპანია TSMC და Samsung Electronics, რომლებიც აზიურ ბაზარზე SMIC-ის პირდაპირი კონკურენტები არიან, აშშ-ის სანქციების გამო, მნიშვნელოვნად დაწინაურდებიან.
გარდა ამისა, ნახევარგამტარების წარმოებაზე სპეციალიზირებულ ბევრად კონკურენტუნარიანი კომპანიები არსებობს ევროპასა და აშშ-ში. მაგალითად, ჰოლანდიური კომპანია ASML ულტრათანამედროვე ნახევარგამტარებს UVE ტექნოლოგიის დახმარებით ამზადებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ნახევარგამტარები დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მათ დამზადებაში სპეციალიზირებული კომპანიების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.
აშშ-ის კონკრეტული სანქციების ფონზე, ჩინეთი საკუთარი თავის იმედად რჩება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მისი ნახევარგამტარების ინდუსტრია მნიშვნელოვნად დაზარალდეს.